12:00 | 2021-06-11 ავტორი: რუსა ღვანიძე

Exclusive: „ბურნუთას“ ფილმში ისევ იღებენ – „ფილმის სახელწოდება ახდა… ერთი ნახვით შემიყვარდა“

Exclusive: „ბურნუთას“ ფილმში ისევ იღებენ – „ფილმის სახელწოდება ახდა… ერთი ნახვით შემიყვარდა“

ქართული ფილმის „სიყვარული ყველას უნდა” პერსონაჟი კახელი „ბურნუთა”, (ვახტანგ ფაჩულიძე), 5 ივნისს 65 წლის გახდა. მსახიობი, თემურ ფალავანდიშვილ­ის ფილმის „ოჰ, ეს საშინელი ტელევიზორი”(1989 წ) შემდეგ, მთავარ როლში აღარ გადაუღიათ.

 

90-იან წლებში, როცა საქართველოში მძიმე ეკონომიკური კრიზისი მძინვარებდა, საბარძნეთში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა. 2004 წელს დაბრუნდა საქართველოში და ­ოჯახი რომ ერჩინა, მუშტაიდის ბაღში, ატრაქციონებზე ოპერატორად დაიწყო მუშაობა. 20 წლიანი პაუზის შემდეგ, ყველასთვის მივიწყებული „ბურნუთა“, რეჟისორმა სანდრო კობერიძემ, ფილმში გადასღებად მიიწვია.

 

„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მსახიობი აღნიშნავს, რომ მისი ყველაზე საყვარელი ფილმი რეჟისორ რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარებაა“, ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ, კახი კავსაძე ამბობდა – შენ ხელოვნებაში, რეზო ესაძის ფილმით „შემოანგრიე“ და შუა გულში აღმოჩნდიო… სერგო ფარაჯანოვი კი – „რომეო და ჯულიეტას“ გადაღება, უკვე შეიძლება საქართველოში, რომეო გვყავხარო:

 

ჩემი პირველი კინოროლი, რეზო ესაძის ფილმში, „ერთი ნახვით შეყვარება“ იყო. მასთან ერთად, უდიდესი სკოლა გავიარე. თეტრალური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა რეჟისორებმა გიორგი შენგელაიამ და მიშა ჭიაურელმა (უმცროსი) გადამიღეს ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“- ეს იყო 1978 წელს.

 

ბ-ნი რეზო იყო, არა მარტო გენიალური რეჟისორი, არამედ გენიალური პედაგოგიც. მასთან ურთიერთობამ, ძალიან ბევრი სიკეთე და განათლება შემძინა. გადაღებების დროს, ერთად დავდიოდით პეტერბურგის ერმიტაჟში, ხელოვნების ნიმუშებს ვეცნობოდით.

 

ყოველ დღე „ლექციებს“ მიტარებდა. რეზოს მშობლებიც პედაგოგები იყვნენ, საოცარი ოჯახი ჰყავდა. სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, როცა რეზომ, სრულიად შემთხვევით აღმომაჩინა. სკოლის დამამთავრებელი გამოცდები მქონა, როცა ქუჩაში, თამაშის დროს დამინახა და ჩემით დაინტერესდა.

 

რომელ სკოლაში სწავლობდით?

 

ნაძალადევის რ-ში ვცხოვრობდი, მე-4 საშუალო სკოლა დავამთავრე. სწორედ, ამ სკოლის ეზოში შემნიშნა პირველად რეზომ. იმ პერიოდში, ახალი დამთავრებული ჰქონდა მოსკოვში კინემატოგრაფიის ინსტიტუტი და გაანაწილეს „ლენფილმში“ სამუშაოდ. ფილმი „ერთი ნახვით შეყვარება“ კინოსტუდია „ლენფილმის“ ბაზაზეა გადაღებული. ფილმის მთავარი გმირი (ბიჭი), კავკასიელი უნდა ყოფილიყო, გოგონა რუსი, ამიტომ საქართველოში ეძებდა ახალგაზრდა ბიჭს.

 

ქართული დოკუმენტალისტიკა - ისტორიები ფილმიდან "ერთი ნახვით შეყვარება" (მეორე ნაწილი) - YouTube

 

თავად რეზო მიყვებოდა, რომ დიდხანს ეძებდა ფილმის პერსონაჟს. დედას უთქვამს, წადი ჩვენ ძველ უბანში, იქნებ იქ იპოვნოო. ბავშვობაში ნაძალადევში ცხოვრობდა და სწორედ, იმ რაიონში, ჩემ სკოლასთან აღმომაჩინა. ბიჭები რომ დაგვინახა, ყურადღება მოგვაქცია, მოვიდა პირდაპირ ჩემთან და მითხრა, რეჟისორი ვარ და ფილში მინდა გადაგიღოო.

 

გამოდის, რომ რეზო ესაძის აღმოჩენა ბრძანდებით…

 

რა თქმა უნდა! მისი დამსახურებაა ჩემი სამსახიობო კარიერა. არასდროს მიფიქრია თეტრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, არც ოჯახის წევრები მყავდნენ ხელოვნების წარმომაგენლები. დამიბარა სინჯებზე, ფოტოები გადამიღეს და მითხრა, ფილმს, ლენინგრადში (სანქტ-პეტერბურგი) ვიღებ, შენ ფოტოებს გადავუგზავნი ჩემ მეგობრებს და თუ მოეწონებათ დაგირეკავო.

 

 

 

მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოეწონებიო. რამდენიმე დღეში დამირეკა და ლენინგრადში წამიყვანა. გადამიღეს სინჯები და მივიღე პასუხი, რომ ფილმზე დამამტკიცეს.

 

სად მიმდინარეობდა გადაღებები?

 

ეს იყო 1974 წლის გაზაფხული. გადაღებები შემოდგომამდე მიმდინარეობდა. როგორც რუსეთში, ასევე თბილისში და აფხაზეთში. ეზოს კადრები, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ, სოხუმშია გადაღებული.

 

 

 

რეზოსგან მახსოვს, რომ ფილმს, პოლიტიკური სარჩული დაუდეს საფუძვლად და პრემიერა არ შედგა. იმ პერიოდში, ასეთ ფილმებს ბლოკავდნენ. ამას დაემატა გოგონაც (ნატალია იურიზდიცკაია) , რომელიც სრულიად გაშიშვლდა ფილმში. მოგვიანებით, მოხდა ისე, რომ ძალიან მოწონებია, საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრს და სწორედ, მან იხსნა ფილმი.

 

რამდენიმე ხნის შემდეგ, მალულად გამოიტანეს არქივიდან ფირები და ჩამოიტანეს თბილისში. პრემიერაც, სწორედ თბილისში შედგა. სხვათა შორის, ეს რეზოს უსაყვარლესი ფილმი იყო.

 

ამ ფილმმა, დიდი პოპულარობა მოგიტანათ…

 

რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მეტი, ფილმმა „სიყვარული ყველას უნდა“. მაინც განსაკუთრებული და სახალისო ჟანრის ფილმი იყო, ხალხური ყოფიერებიდან აღებული და ამიტომ ხალხმა, უფრო აიტაცა. გიორგი შენგელაიას უკვე ვყავდი ნანახი ფილში, იცოდა ჩემი შესაძლებლობები და ამომარჩია, იმ დროს მესამე კურსზე ვიყავი.

 

ფილმი ნამდვილ, რეალურ ცხოვრებაზეა აგებული, იყო ისეთივე ხალისი, გართობა, როგორც იქაური მოსახლება იქცეოდა რთველის დროს. სწორედ, რეალური ამბებია აღბეჭდილი. ფილმში, იქაური მოსახლეობის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

 

ერთ-ერთი გმირი მაყვალა (დარეჯან ხაჩიძე) დღემდე მოქმედი მსახიობია. მართლაც ულამაზესი გოგო იყო, რომელმაც საოცარი სახასიათო სახე შექმნა. ბაწრო (ამირან ამირანაშვილი) საფრანგეთში მოღვაწეობდა, ამ ეტაპზე, როგორც ვიცი საქართველოშია.

 

როგორ გამოიყურებიან ამჟამად ძმები კინოფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“? – თვალსაზრისი

 

ამ ფილმის მერე, რეჟისორმა ბიძინა ჩხეიძემ სადიპლომო ნამუშევარი გააკეთა „ბოშას კოცნა“, სადაც მე და ხათუნა ხობუა ვმონაწილეობდით. ამის შემედგ, გენო ხოჯავას სრულმეტრაჟიანი ფილმი „დილის ნისლივით“ (1976 წ). 1981 წელს კი, გენიალურმა რეჟისორმა ა. რეხვიაშვილმა ფილმში – „გზა შინისაკენ“ გაამიღო. შემდეგ იყო, რეჟისორ თემურ ფალავანდიშვილის „ჯადოსნური კოცონი“.

 

1984 წელს მარინა ხონელიძემ გადამიღო ფილმში „ღამის ილუზია“, რომელიც ეკრანზე არ გამოსულა. 1985 წელს, გენო ხოჯავამ და მისმა მეუღლემ დარია ხოჯავამ, გადამიღო ფილმში „Родник“, რომელიც მოსკოვის დაკვეთით იყო, ეს ფილმიც საქართველოში გადავიღეთ, რომელიც საქართველოში არ გამოსულა, მაგრამ სიამოვნებით მოგაწვდით ფილმის ვესიას.

 

ფილმი კახეთშია გადაღებული, სადაც მე და მსახიობი ლილი იოსელიანი ვთამაშობთ. ამის შემდეგ იყო საოცარი ფილმი „ხარება და გოგია“, სადაც ზალიკას გმირს ვასახიერებ.

 

ჩემი ბოლო ფილმი იყო „ოხ ეს საშინელი ტელევიზორი“(1990 წ), თუ არ ჩავთვლი, 1992 წელს ალეკო ნინუას სატელევიზიო ფილმს „ცეცხლთან თამაში“.

 

ბოლო წლებში რა შემოთავაზებები გქონდათ?

 

დიდი პაუზა მქონდა, 90-იან წლებში, როცა საქართველოში მდგომარეობა აირია, უცხოეთში მომიწია წასვლა სამუშაოდ. 2018 წელს რეჟისორ სანდრო კობერიძის გახმაურებული ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“(გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე), რომელსაც 2021 წლის ბერლინის კინოფესტივალზე „ფიპრესის“ მთავარ კონკურსში, პრიზი ხვდა წილად.

 

ამ ეტაპზე კი, უნიჭიერეს რეჟისორ რუსუდან ჭყონიას ფილმში მაქვს გადაღებები, სადაც ახალგაზრდა თაობის ვარსკვლავები თამაშობენ – ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, გიორგი ბახუტაშვილი და სხვა ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობი.

 

17 წლის ასაკში ითამაშეთ ფილში „ერთი ნახვით შეყვარება“ – თქვენი მეუღლეც, ერთი ნახვით ხომ არ შეგიყვარდათ?

 

თქვენ წარმოიდგინეთ, ფილმის სახელწოდება ახდა და მართლაც, ერთი ნახვით შემიყვარდა. ჩემი მეუღლე, ერთ-ერთ მეგობართან, სკოლის ბანკეტზე გავიცანი და რამდენიმე კვირაში დავქორწინდით. ეს მოხდა 1978 წელს, როცა ეს ფილმი უკვე გადაღებული იყო.

 

მეუღლე – ირინა კოხტაშვილი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექთნად მუშაობს. გვყავს ერთი ვაჟი, თემური, რომელიც პროფესიით ექიმია.

 

მინდა გითხრათ, რომ ყველა ჩემი ფილმი, სიყვარულზეა.

 

ანუ, უკვე ცნობილი ადამიანი იყავით?

 

ასე გამოდის, ფილმი „ერთი ნახვით შეყვარება“, გამოსვლისთანავე აიტაცეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა. ფილმში ბუმბერაზი მსახიობები თამაშობნენ – რამაზ ჩხიკვაძე, სალომე ყანჩელი, კახი კავსაძე, ბუხუტი ზაქარიაძე, ლეო ანთაძე, თამარ სხირტლაძე, გოგი ქავთარაძე, ზაზა ლებანიძე და სხვები.

 

Exclusive - „ამ როლის შემდეგ კინოში აღარ გადავუღივარ“ - „მამლუქ გოჩას“ „პრაიმტაიმმა“ აბაშაში მიაგნო
2020-06-05Exclusive - „ამ როლის შემდეგ კინოში აღარ გადავუღივარ“ - „მამლუქ გოჩას“ „პრაიმტაიმმა“ აბაშაში მიაგნო

 

ყველაზე საყვარელი როლი…

 

ყველაზე საყვარელი როლი, ჩემი პირველი ფილმიდან „ერთი ნახვით შეყვარება“ – მურადის გმირია. აწ. განსვენებული ბ-ნი კახი კავსაძე მეუბნებოდა – შენ ხელოვნებაში, რეზო ესაძის ფილმით „შემოანგრიე“ და შუა გულში აღმოჩნდიო.

 

გენიოსი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი მეუბნებოდა, „რომეო და ჯულიეტას“ გადაღება, უკვე შეიძლება საქართველოში, რომეო გვყავხარო. სხვათა შორის თავის სცენარი მაჩუქა წარწერით – „ახალგაზრდებს შორის, უდიდეს მსახიობს“. აუცილებლად ბედი უნდა ჰქონდეს მსახიობს.

 

თქვენი ცხოვრების გარკვეული წლები, ძველი თაობის მსახიობებთან ერთად გაატარეთ – რას იტყვით ახალგაზრდა თაობაზე?

 

ამ ეტაზე, ძირითადად, ახალგაზრდებთან მიწევს მუშაობა, უნიჭიერესი, უსაყვარლესი ადამიანები არიან. ჩემი თაობა – გია ბურჯანაძე, ია ნინიძე, ნატო არჩვაძე, თითქოს არ ვიყავით ისეთი თავსუფლები, რაც ამ თაობას ახასიათებს. ეს თაობა, უფრო ადვილად ამყარებს ერთმანეთთან კომუნიკაციას, მეც მიადვილდება მათთან ერთად მუშაობა.

 

ეს ყველაფერი დრომ მოიტანა, ყველა მხრივ თავისუფლები არიან. ძალიან საყვარელი და განათლებული ახალგაზრდები არიან. რომ ამბობენ, ბუმბერაზი, გენიოსების თაობა წავიდაო, ჩემი აზრით, გავა წლები და ეს თაობაც, ისეთივე გენიოსი და არანაკლებად სახლოვანი იქნება.

 

ძველი ფილმებიდან, თითქმის ყველა შედევრია…

 

გეთანხმებით, მიუხეავად იმისა, რომ ყველა ფილმი, 1960-80 -იან წლებში, დიდი რეპრესიების დროს შეიქმნა. გავა წლები და დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზდა მსახიობებიც ისევე მოიხვეჭნენ სახელს, როგორც ძველი თაობის ბუმბერაზმა მსახიობებმა. სამწუხაროა, რომ ბოლო დროს, უამრავი ხელოვანი ადამიანი დავკარგეთ.

 

ბ-ნ კახი კავსაძესთან ერთად, რამდენიმე ფილმში თამაშობთ…

 

კახისთან, უამრავი მოგონება მაკავშირებს. პირველივე ფილმიდან (ერთი ნახვით შეყვარება) ისეთი გენიოსი მსახიობების გვერდით მოვხვდი, როგორებიც იყვნენ რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, სალომე ყანჩელი, თამარ სხირტლაძე, ჟანრი ლოლაშვილი, გია მატარაძე, გია ფერაძე, ლეო ანთაძე, რუსლან მიქაბერიძე და სხვები.

 

ბ-ნი რეზო, ფილმისთვის ყოველთვის ისეთ ადამიანებს არჩევდა, რომ თავიდანვე გარანტირებული ჰქონდა, რომ კარგი ფილმი გამოვიდოდა.

 

კახი ყოველთვის მირჩევდა და მარიგებდა. იმ გზას მასწავლიდა, რაც მან გაიარა. იმ შეცდომებს იხსენებდა, რაც დაუშვა. ასე რომ, პირველივე ფილმიდან, სამოთხეში მოვხვდი. რეზომ მკითხა, ამხელა ბუმბერაზი მსახიობების გვერდით მოგიწევს თამაში და ხომ არ დაიბნევიო.

 

ყოველთვის საუკეთესო ატმოსფერო იქმნებოდა გადაღების დროს. მართალია, საკმაოდ დიდი ასაკობრივი ზღვარი იყო ჩვენ შორის, მაგრამ არასდროს არ მიქმნიდა პრობლემას.

 

საკმაოდ დიდი შემოქმედებითი გზა გაიარეთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის?

 

მიმაჩნია, რომ მსახიობები და ხელოვანი ადამიანები, ყველაზე ბედნიერები არიან, დედამიწის ზურგზე. მსახიობი თავისი როლით უდიდეს სიამოვნებას იღებს და ამის შემდეგ, ამ გმირს რომ ხალხი შეიყვარებს და დააფასებს, ეს უდიდესი, ენით აღუწერელი სიამოვნებაა. ადამიანი ხომ ყოველთვის სიამოვნებისკენ მიიღწვის, რასაც გაძლევს განათლება, შვილების აღზრდა, სიკეთის გაცემა.

 

როცა ხალხს უყვარხარ, ეს უდიდესი იმედი, დიდი ძალაა, გრძნობ რომ მარტო აღარ ხარ – შენი მაყურებელი, ყველა შენი მეგობარია. ხვდები, რომ სიყვარულის გაცემა და მიღება, საუკეთესო გრძნობაა. ახალგაზრდა თაობას ვეტყოდი, რომ შრომის გარეშე, არაფერი შეიქმნება. აუცილებლად მოვა მაყურებლისგან ის დიდი სიყვარული, რომელსაც დამსახურება უნდა.

 

როცა შემდგარია მსახიობი, წარმატებაც თავისთავად მოდის, რეკლამა კი, მისი ნათამაშები როლია. თუ ვერ ითამაშებ კარგად, ვერც საზოგაოების სიყვარულს დაიმსახურებ. სამწუხაროდ, ღმერთი ზოგს აჯილდოვებს ნიჭით და ზოგს არა. ეს მხოლოდ უფალმა იცის.

 

მაგალითად, სმენა ადამიანს, ან აქვს, ან არა. ყველაფერს ვერ ისწავლი, თანდაყოლილი ნიჭიც უნდა ჰქონდეს. მხატვარმა, რამდენიც არ უნდა ისწავლოს, თუ თანდაყოლილი ნიჭი არ აქვს, ფაქტია, ვერ დახატავს. მსახიობს, რომელსც ნიჭი აქვს და არ შრომობს, როგორ ტოლსტოიმ თქვა – „ყველაზე დიდი ნიჭი იღუპება უსაქმურობით“.

 

მსახიობისთვის, აუცილებელია იყოს თეატრში. კინო ისეთი ხელოვნებაა, შეიძლება მიგატოვოს. მე 20 წელი, მიტოვებული ვიყავი, მაგრამ წილად მხვდა ბედნიერება, რომ უამრავი მთავარი როლი მაქვს შესრულებული და ჯერ კიდევ ვახსოვარ მაყურებელს.

 

კიდევ ერთს დავამატებდი, მსახიობს, აუცილებლად სჭირდება ბედი. შეიძლება უნიჭიერესი მსახიობი იყო, მაგრამ არ გადაგიღონ ფილმში, როგორც მაგალითად რამაზ ჩკიკვაძე, რომელსაც დიდ ხანს არ იღებდნენ.

 

სამწუხაროა, რომ უამრავი გენიოსი ხელოვანი ადამიანი დაგვაკლდა, ბ-ნი რეზო გაბრიაძის გარდაცვალებამ, ძალიან დამწყვიტა გული. ასევე, ქ-ნი მარინა ჯანაშია, რომელთან ერთად ვითამაშე გენო ხოჯავას ფილმში „დილის ნისლივით“(1976 წ.) , უნიჭიერესი, გენიალური მსახიობი იყო.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე


X