12:16 | 2020-05-20 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ბოლო ვიდეო მეგობარს გაუგზავნა, სადაც ემშვიდობება” – ნინო ლეჟავა გარდაცვლილ მსახიობზე

“ბოლო ვიდეო მეგობარს გაუგზავნა, სადაც ემშვიდობება” – ნინო ლეჟავა გარდაცვლილ მსახიობზე

რუსთავის თეატრის მსახიობი 42 წლის გიორგი რევაზიშვილი გუშინ მეგობრებმა გარდაცვლილი იპოვეს.

 

წინასწარი ინფორმაციით, რევაზიშვილი გულის შეტევით ან წნევით გარდაიცვალა.

 

„პრაიმტაიმი“ მსახიობის მეგობარს ნინო ლეჟავას დაუკავშირდა, ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ერთად სწავლობდნენ და მეგობრობის მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ.

 

– გუშინ შეგნებულად არ წავედი გიორგის ოჯახში, იმიტომ რომ ვიცოდი პირველი დღე, ექსპერტები, პოლიცია და ა.შ ძალიან იმოქმედებდა ჩემზე.

 

დღეს ვაპირებ მისვლას, როგორც ვიცი მეგობრებისგან, ორი დღე არ პასუხობდა ტელეფონს, რის შემდეგ მეგობრებმა მეზობელს გამოართვეს გასაღები და ასე შევიდნენ სახლში.

 

სააბაზანოში იპოვეს გარდაცვლილი, კარისკენ იყო სახით და იატაკზე ეგდო.

 

შესაძლოა ცუდად გახდა და ვერ მოასწრო გამოსვლა, ახლა ისეთი დღეები და ამინდებია ყველა უჩივის წნევებს. რამდენიმე ვერსია არსებობს მისი გარდაცვალების მიზეზად, გულის შეტევა, წნევა, ან ინსულტი.

 

როგორც ჩვენმა საერთო მეგობრებმა მითხრეს, წინა დღეებში თურმე ამბობდა გული კარგად ვერ მაქვსო. ჯანმრთელობის პრობლემები არასოდეს ჰქონია.

 

კარგი მოქეიფე ბიჭიც იყო და იმ დღეს რა მოხდა არ ვიცი.

 

მსახიობი, გიორგი რევაზიშვილი სახლში გარდაცვლილი ნახეს
2020-05-20მსახიობი, გიორგი რევაზიშვილი სახლში გარდაცვლილი ნახეს

 

– როგორი ადამიანი იყო?

 

– ჩვენ თეატრალური უნივერსიტეტიდან ვმეგობრობთ. ის ცხინვალის ჯგუფში იყო, მე მეორე ჯგუფში. დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა, არანორმალურად  კარგი ადამიანი იყო და ნიჭიერი მსახიობი იყო. სამწუხაროა, ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. დედა, გორის თეატრის მსახიობია და ჩვენი კოლეგა.

 

დათრგუნულები ვართ, თუ ვინმე იცნობდა, არამც თუ ცუდს, საყვედურსაც ვერავინ იტყვის. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, არავისთვის არაფერი უწყენინებია.

 

– მარტო ცხოვრობდა?

 

– კი, მარტო ცხოვრობდა. მეუღლეს, რომელიც ცხინვალის თეატრის მსახიობია დაშორებული იყო, ერთი შვილი დარჩა, უკვე დიდი გოგოა.

 

– რა გეგმები ჰქონდა?

 

– კორონას პერიოდში არ მქონდა კონტაქტი, ხშირად მიდიოდა გიორგი ტატიშვილთან და ხუმრობდა თურმე ერთი კლასტერი ვართო. უკეთილშობილესი ადამიანი დავკარგეთ.

 

აზდაკის თეატრთან თანამშრომლობდა, სადაც შშმ პირებთან მუშაობდა.

 

ბოლო ვიდეო აზდაკის თეატრის მსახიობს გაუგზავნა, მას დაბადების დღე ჰქონდა 18 მაისს და გიორგიმ რატომღაც 15 მაისს ჩაწერა ვიდეო, რომელიც ჩვენს კოლეგას გადაუგზავნა.

 

რაღაცნაირად ულოცავს, თითქოს ემშვიდობება მას. არ მომეწონა, ნაღვლიანი იყო. მე პირადად გოჩა კაპანაძის მადლობელი ვარ, გიორგის მისი წყალობით არც როლი აკლდა და არც მუშაობა.

 

მსახიობების მდგომარეობა იცით ალბათ როგორია, მაგრამ გოჩას შესაძლებლობაში რაც იყო, როგორც ყველა მსახიობზე, გიორგიზეც განსაკუთრებულად ზრუნავდა.

 

ძალიან ბევრი კარგის გაკეთება უნდოდა მისი შვილისთვის, თუმცა ყოველთვის ცდილობდა საკუთარ პრობლემებზე არასდროს ესაუბრა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X