14:56 | 2020-06-08 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„ბოლო რამდენიმე დღეა ქუჩა-ქუჩა დავდივარ…“ – მოძალადე ქმრისგან გაქცეული 6 შვილის დედა დახმარებას ითხოვს

„ბოლო რამდენიმე დღეა ქუჩა-ქუჩა დავდივარ…“ – მოძალადე ქმრისგან გაქცეული 6 შვილის დედა დახმარებას ითხოვს

როგორც ყველა ქალი, ისიც ბედნიერ მომავალზე, მოსიყვარულე მეუღლეზე, განათლებაზე, პროფესიასა და წარმატებულ მომავალზე ოცნებობდა.

 

ეს ყველაფერი ოცნებად დარჩა, რეალობა კი იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ყველაზე ცუდ სიზმარშიც, რომ ვერ ნახავდა.

 

ნაირა ხმალაძე 5 წლის იყო, დედამ რომ მიატოვა. მამამ და ბებიამ გაზარდეს.

 

უნდოდა სამაგალითო მეუღლე, ოჯახი და მომავალი ჰქონოდა. აი ისეთი, ბავშვობაში რომ ოცნებობდა…

 

16 წლის იყო, რომ დაოჯახდა. ამბობს, რომ მომავალი მეუღლე მოსიყვარულე, მზრუნველ და ღირსეულ მამაკაცად მიაჩნდა.

 

იყო ბევრი ლამაზი დაპირებაც, მაგრამ გათხოვებიდან ერთ წელში, მეუღლის აშენებული ზღაპრული კოშკები დაინგრა და მიწასთან გასწორდა.

 

ალკოჰოლზე დამოკიდებულმა მეუღლემ მასზე რამდენჯერმე იძალადა.

 

ორი შვილი დავმარხე.. ორი გასაზრდელი მყავს - მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს
2020-06-04ორი შვილი დავმარხე.. ორი გასაზრდელი მყავს - მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს

 

„16 წლის გავთხოვდი. მაშინ ვფიქრობდი, რომ ოჯახი სიყვარულით შევქმენი. ჩვენი მამები ვაჭრობდნენ და ერთმანეთი იქიდან გავიცანით.

 

როცა ჩვენი სიყვარულის შესახებ მამამ გაიგო, სასტიკი წინააღმდეგი იყო. ერთი თვის შეყვარებულები ვიყავით როცა სახლიდან გამოვიპარე და ცოლად გავყევი.

 

მაშინ ვფიქრობდი, რომ მიყვარდა. სანამ ცოლად გავყვებოდი, დამპირდა, რომ სწავლის საშუალებას მომცემდა…

 

ერთი წლის დაქორწინებულებიც არ ვიყავით, როცა ჩვენს შორის უკმაყოფილება დაიწყო. ალკოჰოლს სვამდა და ვცდილობდი ამ მავნე ჩვევას როგორმე გადამეჩვია.

 

ფეხმძიმედ, რომ დავრჩი ვიფიქრე, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება ოჯახს-მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად.

 

თვითონაც სეზონურად ვაჭრობდა, ზაფხულში საზამთროს ყიდდა და ზამთარში ხამსას. სახლში არაფერი მოჰქონდა…

 

თუ ვინმე, როგორც ახალდაქორწინებულებს რაიმე ფულს გვჩუქნიდა, მართმევდა და სასმელსა და კაზინოში ხარჯავდა. ქირით ვცხოვრობდით, „ხაზეიკასთავისმისაცემ თანხასაც აღარ მიტოვებდა.

 

თანდათან უფრო მიეძალა სასმელს. ორჯერ ისე დათვრა, რომ კომიდან ძლივს გამოიყვანეს ექიმებმა.

 

ასე ბრძოლაში, უკეთესი ხვალინდელის მოლოდინში და მისი გამოსწორების ოცნებაში გავიდა 15 წელი.

 

ექვსი შვილის გაჩენა დაგეგმილი არ გვქონდა, მაგრამ მაშინ, როცა ცოლქმრული ურთიერთობის მოვალეობის შესრულებას მთხოვდა, თავს არ იცავდა…

 

რამდენჯერმე სექსუალურადაც იძალადა… ექვსი შვილი გაგვიჩნდა.

 

ბოლოს ჩვენზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა დაიწყო. ამის შესახებ პოლიციაში განვაცხადე. შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. მაშინ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ოჯახი დამენგრია.

 

ჩემს ყოფილ მეუღლეს მშობლები გარდაცვლილი ჰყავს. და ჰყავს, რომელიც ვერაფერს გახდა, ამ მავნე  ჩვევაზე უარი ვერ ათქმევინა.

 

მძიმე ბავშვობა გამოვიარე. 5 წლის ვიყავი დედამ, რომ მიმატოვა და მამამ და ბებიამ გამზარდეს.

 

მეგონა, რომ ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩებოდა და ისეთ ოჯახს შევქმნიდი, რომელზეც ბავშვობაში ვოცნებობდი.

 

მინდოდა ჩემს შვილებს ისეთი იდეალური ოჯახი ჰქონოდა, მე ბავშვობაში, რომ ვოცნებობდი…

 

უკვე ერთი წელია, რაც მისგან წამოვედი. ერთი თვე, ექვს ბავშვთან ერთად ჩემი შვილის ნათლიასთან ვიცხოვრე. მას შემდეგ ქირით ვარ.

 

ამ ხნის განმავლობაში ორი ბინა გამოვიცვალე. ახლა ნახევრად ავარიულ შენობაში ვართ. 200 ლარს ვიხდი ქირას, კომუნალურებიანად 300 გამოდის.

 

ხაზეიკამ“ მისი დაცლა მომთხოვა და აღარ ვიცი სად წავიდე. 10 ივნისამდე უნდა დავცალო ბინა.

 

ბოლო რამდენიმე დღეა ქუჩა-ქუჩა დავდივარ და ბინას ვეძებ, ვნახე რამდენიმე, მაგრამ იმის გამო, რომ 6 შვილი მყავს, შეშვებაზე უარს მეუბნებიან.

 

სანამ გავთხოვდებოდი მამაჩემთან ხულოში ვცხოვრობდი. ორი ბიძა და მამა უნარშეზღუდულები არიან.

 

ის სახლი, სადაც ახლა, ჩემი ოჯახში წევრები ცხოვრობენ, ძალიან დაზიანებულია და ჩემებსაც უკიდურესად უჭირთ. მეზობლები ეხმარებიან, თავადაც ძლივს გააქვთ თავი.

 

ჩემი ყოველთვიური შემოსავალი სოციალურად დაუცველობის 540 ლარი და მრავალშვილიანი დედობის 150 ლარი.

 

ამ თანხით ვიხდი ქირას და ვინახავ შვილებს. კიდევ კარგი, რომ ვსარგებლობთ უფასო სასადილოს სერვისით.

არაფერი მაბადია ჩემი. ამჟამად, სადაც ვცხოვრობ ჩემი მხოლოდ 2 მატრასი, ნაჩუქარი სარეცხის მანქანა, მცირე ჭურჭელი და ტანსაცმელია.

 

– თქვენი ყოფილი მეუღლე არ ეხმარება შვილებს? ახლა სად არის?

 

– ჩემი ყოფილი მეუღლე თავის დასთან ცხოვრობს. როგორც ვიცი, არ მუშაობს და ისევ სვამს. ერთი წელია მასთან არანაირი შეხება არ მქონია.

 

დახმარებას ვინ ჩივის, ისიც კი არ გვაკმარა მე და ჩემს შვილებს რა დღეშიც ჩაგვაგდო და ახლა ხალხში ბინძურ ჭორებს მივრცელებს, ვითომ მეზობელთან წამასწრო და ათას სისაძაგლეს ამბობს.

 

ახლა ჩემი საფიქრალი და სადარდებელი შვილებისთვის ჭერია. ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ, რომ მხოლოდ ღმერთის იმედი დამრჩა.

 

თუ რაიმე ბინა მოვძებნე და მეპატრონემ ექვს შვილთან ერთად შემიშვას ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება. თუ არა და რა უნდა ვქნა მართლა არ ვიცი, ალბათ ქუჩაში მომიწევს ღამის გათენება.

 

თუ კი რაიმე ღირებული ნივთი გამაჩნდა, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გაყიდა, ზოგიც ქირის გადაუხდელობის გამო ხაზეიკას დარჩა.

 

6 შვილიდან 3 სკოლაში დადის, პატარები ტკიპებივით მყავს მოკრული და ამის გამო, მუშაობას ვერ ვახერხებ. ჩემს შვილებს ბევრ რამეზე სწყდებათ გული.

 

გვესაჭიროება ტანსაცმელი, ძირითადად ფეხსაცმელი.“- ამბობს ნაირა ხმალაძე.

 

12 წლის ლიზა, 11 წლის მარატი, 7 წლის მარიამი, 6 წლის შოთა, 3 წლის ანდრია და 2 წლის ბარბარე, ახლა კეთილი ადამიანების იმედად არიან.

 

უფროსებს სასწაულების სჯერათ, მათ ჯერ კიდევ აქვთ იმედი რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

ინტერვიუ სიკვდილის წინ - „სიცოცხლე ამად ღირდა“
2020-05-18ინტერვიუ სიკვდილის წინ - „სიცოცხლე ამად ღირდა“
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +