17:39 | 2021-06-08 ავტორი: თამარ გონგაძე

“ბოლო ორ წელიწადში შვიდი მეგობარი დავკარგე … სამეგობროში თუკი ვინმეს რამე წამოტკივდებოდა, დათოსთან ვრეკავდით” – დათო ევგენიძე დათო ციციშვილს იხსენებს

“ბოლო ორ წელიწადში შვიდი მეგობარი დავკარგე … სამეგობროში თუკი ვინმეს რამე წამოტკივდებოდა, დათოსთან ვრეკავდით” – დათო ევგენიძე დათო ციციშვილს იხსენებს

დღეს დილით პლასტიკური ქირურგი, დავით ციციშვილი გარდაიცვალა. კლინიკა “ქალი და ჯანმრთელობა” სამძიმარს უცხადებს ექიმის ყველა ახლობელს და წერს: “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ყველასთვის უსაყვარლესი, თბილი, უნიჭიერესი, განუმეორებელი ადამიანის და პლასტიკური ქირურგის, ბატონ დავით ციციშვილის გარდაცვალების გამო.”

 

როგორც ქირურგის მეგობარი, მუსიკოსი და პოეტი, დათო ევგენიძე გვატყობინებს, ბოლო ერთი თვე დათომ კლინიკაში გაატარა.

 

დათო ევგენიძე: – ფილტვის ინფექცია შეეყარა, ვირუსული დაავადება, თუ სწორად მახსოვს, შავი სოკო. ერთი თვე იწვა კლინიკაში. სამწუხაროდ, გვიან შევიდა. მკურნალობისას თავი არ დაუზოგავთ, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

მე მასზე მეტად ბედნიერების მატარებელ ადამიანს, სხვას, არ ვიცნობ. ყველას ბედნიერებას ჩუქნიდა. არასდროს არ უჩვენებია ვინმესთვის თავისი წუხილი და განსაცდელი. შენი გასაჭირის დროს გვერდზე გედგა. ბედნიერებას აფრქვევდა. ჩემზე უმცროსი იყო, თუმცა შინაგანად 18 წლის ბიჭი იყო, ძალიან ახალგაზრდული და პროგრესული.

 

 

ჩემი მეჯვარე და შვილის ნათლია გახლდათ. ჩვენ სკოლის ასაკიდან ვმეგობრობდით. წყნეთში აგარაკები გვერდიგვერდ გვქონდა. მას შემდეგ 47 წელია მეგობრები ვართ… ერთად ვიცხოვრეთ. მოსკოვში ერთ პერიოდში ვსწავლობდით, მე კონსერვატორიაში, დათო – სამედიცინო სასწავლებელში. ერთ ბინაში ვცხოვრობდით.

 

ჩვეულებრივად არასდროს გვიცხოვრია. სულ თავგადასავლებში ვიყავით. მოსკოვში სწავლის დროს, დავსხდებოდით მატარებელში, რომელსაც ერქვა “სტრელა” და მივდიოდით პეტერბურგში. ჯიბეში იმდენი ფული გვქონდა, უკან წამოსასვლელადაც რომ არ გვყოფნიდა. იქ რას და როგორ ვახერხებდით, როგორ ვცხოვრობდით, არც მახსოვს. მე რესტორნის მუსიკოსებთან ერთად ვუკრავდი, ისინი მერე შამპანურებს გვიგზავნიდნენ, ჩვენ ვსვამდით… ბევრი თავგადასავალი გადაგვხდენია.

 

ყველა ჩემი კონცერტის პირველი სტუმარი იყო, დაწყებული მოსკოვიდან, საქართველოთი დამთავრებული.

 

2021-06-07"კლინიკიდან გვირეკავდა, მიშველეთ, წამიყვანეთ აქედანო..." - რა აჩუქა ბოლოს რეზო გაბრიაძემ ელდარ შენგელაიას

 

ფანტასტიკური პლასტიკური ქირურგი იყო. სამეგობროში თუკი ვინმეს რამე წამოტკივდებოდა, პირველად დათოსთან ვრეკავდით და ის გადაგვამისამართებდა კონკრეტულ ექიმებთან.

 

მთავარი კონსულტანტი იყო სამედიცინო სფეროშიც და რომელ კლუბში წავსულიყავით, იმაშიც. ახალგაზრდული ცხოვრებით ცხოვრობდა.

 

ცუდ ხასიათზე არასდროს მინახავს. ყოველ შემთხვევაში, ეს მას არ უჩვენებია.

 

დარჩა ხუთი შვილი…

 

საშინელი დროებაა. ბოლო ორ წელიწადში შვიდი უახლოესი მეგობარი დავკარგე. ადრე წასულ მეგობრებს არ ვგულისხმობ. გიო ხუციშვილიდან რომ დაიწყო, მეშვიდეა დათო… ჩვენი თაობა თითქმის აღარ დარჩა.

ავტორი: თამარ გონგაძე


X