fbpx
16:39 | 2020-10-23 ავტორი: Prime Time

ბოლო 20 წლის ყველაზე ხმაურიანი სპეცოპერაციები – მძიმე კადრები

ბოლო 20 წლის ყველაზე ხმაურიანი სპეცოპერაციები – მძიმე კადრები

ზუგდიდის ცენტრში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმას საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს უსისხლოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო აქებს და დადებითად აფასებს, მძევლების უსაფრთხოდ გათავისუფლების ღონისძიებას, მეორე ნაწილი კი იმავე უწყებას თავდამსხმელის ხელიდან გაშვების გამო აკრიტიკებს.

 

„პრაიმტაიმმა“ თვალი გადაავლო საქართველოში ბოლო 20 წლის ყველაზე ხმაურიან სპეცოპერაციებს.

 

2000 წელი

 

2000-იანი წლების დასაწყისში პირველი ყველაზე ხმაურიანი ოპერაცია პოლკოვნიკ აკაკი ელიავას ლიკვიდაციას უკავშირდება. გამსახურდიას მთავრობის პოლკოვნიკს პოლიციის თანამშრომლების მძევლად აყვანას ედავებოდნენ. ის შევარდნაძის და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდა.

 

 

სპეცოპერაცია ზესტაფონში ჩატარდა, თუმცა ამ საქმის ირგვლივ დღემდე ბევრი კითხვის ნიშანია. ამბობენ, რომ რეალურად ლიკვიდაციის მომენტში პოლიციელები ელიავას მძევლობაში უკვე აღარ იმყოფებოდნენ.

 

2002 წელი

 

შვიდმა შეიარაღებულმა პირმა 2002 წლის 18 ივნისს ბრიტანელი ბიზნესმენი, „აგრობიზნესბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი პიტერ შოუ გაიტაცა.

 

მისი გათავისუფლება ხუთთვიანი ტყვეობის შემდეგ მოხერხდა. ეს მაშინ მოხდა, როცა გამტაცებლებს მძევალი სხვა ადგილას გადაჰყავდათ. პოლიციასთან შეტაკების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა.

 

 

მთელი ამ ხნის განმავლობაში გამტაცებლებს ბრიტანელი ბიზნესმენი ორმოში ჰყავდათ გამოკეტილი.

 

2003 წელი

 

შეიარაღებულმა თავდამსხმელმა თბილისში ვაგზლის მოედანზე საიუველირო მაღაზია დააყაჩაღა. ბოროტმოქმედმა ადგილზე სამი მძევალი აიყვანა და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა.

 

თავდამსხმელი მძევლებთან ერთად დასავლეთ საქართველოს მიმართულებით დაიძრა. მასთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც თავდამსხმელი მცხეთასთან გაანეიტრალეს. გამთენიისას ის სნაიპერმა მოკლა.

 

2004 წელი

 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანაში სპეცოპერაციების სერია დაიწყო. ყველაზე ხმაურიანი 2004 წლის 4-5 მარტს ქუთაისში განხორციელებული დაკავებები აღმოჩნდა, რა დროსაც ბრმა ტყვიამ მშვიდობიანი მოქალაქეც იმსხვერპლა.

 

მეორე დღეს კი ამავე სპეცოპერაციის ფარგლებში ნიღბიანი სპეცრაზმი ტყიბულის მაჟორიტარს, ბონდო შალიკიანს პირდაპირ საძინებელში შეუვარდა და საცვლებში მყოფ დეპუტატს ხელბორკილები დაადო. ოპერაციის ფარგლებში კიდევ 12 პირი აიყვანეს.

 

საერთო ჯამში, შეიარაღებულ დაპირისპირებას ერთი დამნაშავე, 3 პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

 

2004 წელი

 

აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია 2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარდა.

 

გულუას სპეცდანიშნულების რაზმმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციისა და უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სოფელ ეცერში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია დილის 7:30 საათზე დაიწყო. პარალელურად საზოგადოებას აცნობეს, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების, ასევე, ძებნაში მყოფ ბრალდებულთა ადგილმდებარეობის დადგენა-დაკავების მიზნით ხორციელდებოდა. საერთო ჯამში, სპეცოპერაციაში მონაწილეობა მიიღო შსს-სა და უშიშროების რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა. აფრასიძეების ოჯახზე იერიში ავიაციის გამოყენებითაც მიიტანეს. ოპერაციაში რამდენიმე ვერტმფრენი იყო ჩართული.

 

სპეცოპერაციის დროს მოხდა ევგენი აფრასიძის ლიკვიდაცია, ასევე, მოკლეს მისი ერთ-ერთი ვაჟი ომეხ აფრასიძე, კიდევ ორი ვაჟი – გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს. მათ მოგვიანებით 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ძმები აფრასიძეები 2013 წელს ამნისტიის შედეგად განთავისუფლდნენ.

 

„ცოცხლად დაწვეს ჩემი მეუღლე, მისი დამწვარი ძვლები კართან ეყარა, ეტყობა, გამოსვლას ცდილობდა… ომეხს კი ხელები შეუკრეს და ისე დახვრიტეს. ჩემი რძალი იმ სპეცოპერაციის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა. წარმოუდგენელი სისასტიკით გაგვანადგურეს“, – იხსენებს ძმები აფრასიძეების დედა, დოდო აფრასიძე.

 

„ეს არ იყო სპეცოპერაცია, ეს იყო ერთი ჩვეულებრივი ოჯახის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ომი. გვესროდნენ მიწიდან, ჰაერიდან… ამ ყველაფერს პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე მეთაურობდა, რომელიც დღეს გამოდის და ამბობს, რომ თითქოს აფრასიძეები კრიმინალები იყვნენ. რეალურად, კრიმინალი არის ის, რაც მათ ჩემს ოჯახს დამართეს. მათ დაცხრილეს სახლი, სადაც უდანაშაულო მცირეწლოვანი ბავშვები ვცხოვრობდით.

 

თუ მათი მიზანი ომეხის დაკავება იყო, რატომ არ გააკეთეს ეს ჩვეულებრივ, როგორც ხდება ხოლმე. არიან თვითმხილველები, რომლებიც პირადად შეესწრნენ, როგორ გადაჰყავდათ გზაზე ბორკილდადებული ომეხი, რა დროსაც ის დაცხრილეს. წარმოგიდგენიათ?!

 

ბორკილდადებული ადამიანი დახვრიტეს, ის ხომ წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებდა. ჩემი ძმა არის თვითმხილველი, როგორ მოგლიჯეს ყელსაბამი უკვე გარდაცვლილ ომეხს. მკერდზე ფეხი დააბიჯეს და ისე მოაგლიჯეს ყელიდან, რის შემდეგაც თითი მოაჭრეს, რადგან ბეჭედს ვერ აძრობდნენ. ამ ყველაფერს ჩემი არასრულწლოვანი ძმა საკუთარი თვალით უყურებდა“, – ამბობს შმაგი აფრასიძის ქალიშვილი, ლედი აფრასიძე, რომელიც იმ დროს სულ რაღაც 7 წლის იყო და მის ოჯახზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს საძინებელში, საწოლის ქვეშ ემალებოდა.

 

 

2004 წელი

 

თბილისში, წერეთლის გამზირზე, 2004 წლის 24 ნოემბერს სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე მოკლეს, მანქანაში მსხდომი კიდევ ხუთი პირი – კახაბერ აზარიაშვილი, აკაკი ბართაია, გიორგი ქურდაძე, ირაკლი მიქაბერიძე და ლევან დანგაძე – ადგილზე დააკავეს.

 

მაშინდელი გამოძიება საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ავტომობილში მყოფები დანაშულებრივი დაჯგუფების წევრები იყვნენ, რომლებმაც პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს.

 

ფაქტს, გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის ოჯახი, პოლიტკური ოპოზიცია და უფლებადამცველები აპროტესტებდნენ.

 

2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაწყებული ხელახალი გამოძიების, ექსპერტიზების და ვიდეო-მტკიცებულებების შედეგად დადასტურდა, რომ ბუტა რობაქიძე და მისი მეგობრები შეირაღებულები არ ყოფილან და პოლიციამ ადგილზე იარაღი მოგვიანებით მიიტანა.

 

2005 წელი

 

თანასოფლელის დაჭრაში ბრალდებული ავთო გუმაშვილის დაკავება შსს-მ 2005 წლის 3 ივლისს მასშტაბური სპეცოპერაციით გადაწყვიტა. სოფელ დუისში, ასობით სპეცრაზმელი გადაისროლეს და პირდაპირი მნიშვნელობით, მიწასთან გაასწორეს გუმაშვილების საცვხოვრებელი სახლი.

 

„მოულოდნელად პოლიციელებმა სროლა ატეხეს, რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეც დაჭრეს. პოლიციამ ავთოს სახლს რაღაც ესროლა და ცეცხლი გაჩნდა. ყველაფერი კვამლმა მოიცვა. დავინახეთ, ფანჯრიდან როგორ გადმოხტა ავთოს ბიძაშვილი, 23 წლის ვახო გუმაშვილი, რომელიც იმ დღეს მასთან სტუმრად იმყოფებოდა. ვახოს ხელები მაღლა ჰქონდა აწეული, აშკარად პოლიციელებისთვის ჩაბარების ნიშნად, მაგრამ სამართალდამცავებმა უდანაშაულო ბიჭი ჰაერშივე დახვრიტეს. ავთო კი ცეცხლმოკიდებულ სახლში გამოწვეს. როცა ცეცხლი ჩაქრა, პოლიციელები შევარდნენ, ავთოს ძვლები ვედროში ჩაყარეს და წავიდნენ,“ – იხსენებს სპეცოპერაციის თვითმხილველი ჯემალ ჩოფიკაშვილი.

 

სპეცოპერაციის შემდეგ გუმაშვილების ახლობლებმა და ხეობის მაცხოვრებლებმა არაერთხელ მოითხოვეს იმ პოლიციელების დასჯა, რომლებმაც სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს გადააჭარბეს, თუმცა ამაოდ.

 

 

2006 წელი

 

კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის იმდროინდელი ქმედებები სააკაშვილის მთავრობამ ჯანყად შეაფასა და 2006 წლის ივლისში კოდორის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაციისას გარდაიცვალა ერთი ადგილობრივი, კვიციანმა კი რამდენიმე ახლო პირთან ერთად გაქცევა მოახერხა.

 

კოდორის ხეობაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია აღდგა და მას ოფიციალურად ზემო აფხაზეთი ეწოდა. სააკაშვილის ინიციატივით, ხეობაში გადავიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობა. მაშინდელ ხელისუფლებას სჯეროდა, რომ მსგავსი ნაბიჯები აფხაზეთის გაერთიანებას შეუწყობდა ხელს, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ კოდორის ხეობაზე კონტროლი დაკარგა და ტერიტორიას დღემდე საოკუპაციო რეჟიმი აკონტროლებს.

 

2006 წელი

 

„ციხის ბუნტის“ სახელით ცნობილი ეს საქმე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულია. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ბაჩო ახალაიამ გადაწყვიტა ციხეში მყოფი კრიმინალური „ავტორიტეტების“ დასჯა.

 

2006 წლის 27 მარტს ღამის 1-ელ საათზე ის მეგის ქარდავასთან, რევაზ ჭარბაძესთან, მე-7 საპყრობილის დირექტორთან, გიორგი ფოლადაშვილთან და სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრთან ერთად მივიდა ციხის სამკურნალო დაწესებულებაში და მოითხოვა დირექტორის კაბინეტში დასჯის მიზნით მიეყვანათ მსჯავრდებულები პლატონ მამარდაშვილი და ზურაბ ვიბლიანი.

 

მან ასევე მოითხოვა დირექტორის კაბინეტში ამავე დაწესებულების პატიმრების გიორგი ავალიანის და ლევან ცინდელიანის მიყვანაც.

 

დირექტორის კაბინეტში შეყვანილ მამარდაშვილს ახალაიამ აჩვენა მის ხელთ არსებული ვიდეოფირი და უთხრა რომ დავალების შეუსრულებლობის გამო იგი უნდა დასჯილიყო.

 

ამის შემდეგ მეგის ქარდავამ პლატონ მამარდაშვილს, მისი როგორც კრიმინალური „ავტორიტეტის“ დამცირების მიზნით, სხვა პატიმრების თვალწინ დაუწყო თმების შეჭრა. შეჭრილ თმებს უწყობდა ჯიბეში. ამის შედეგ ახალაიამ პატიმრების გამოწვევის მიზნით რიგრიგობით ჰკითხა ზურაბ ვიბლიანსა და გიორგი ავალიანს თუ რა დღე, რა რიცხვი და რომელი წელი იყო, რაზედაც ავალიანმა მიუგო, რომ ეს თვითონ ახალაიამაც იცოდა.

 

ამ პასუხზე ახალაიამ სახეში შეაფურთხა ავალიანს, რომელმაც საპასუხოდ ახალაიას ხელი გაარტყა.

 

ამის შემდეგ ახალაიამ, ჭარბაძემ, ქარდავამ და სპეცრაზმის თანამშრომლებმა დაუნდობლად სცემეს გიორგი ავალიანს, ზურაბ ვიბლიანს და პლატონ მამარდაშვილს. პარალელურად ბაჩო ახალაიამ რაციის საშუალებით სამკურნალო დაწესებულებაში გამოიძახა საჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმი.

 

ნაცემი პატიმრები გაათრიეს სამკურნალო დაწესებულების პირველი სართულის დერეფანში, სადაც ასევე მიიყვანეს პატიმარი ლევან ცინდელიანიც. ამის შემდეგ ისინი გაიყვანეს დაწესებულების ეზოში, სადაც სხვა პატიმრების დასანახად სასტიკად სცემეს. ბოლოს დაწესებულების საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით გაიყვანეს საბადრაგო ავტომანქანის სადგომზე. იქ პატიმარ ზურაბ ცინდელიანს დაეწყო ეპილეფსიის შეტევა.

 

დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ისინი ჩასვეს საბადრაგო ავტომანქანაში და გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 დაწესებულებაში. რამდენიმე ხანში იქვე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრები მალხაზ ზედელაშვილი და ნ. მახარაძე.

 

ყოველივე ამას პატიმრების მხრიდან მოჰყვა მასობრივი პროტესტი, რაც საბოლოოდ ციხის ბუნტში გადაიზარდა. კერძოდ, იმავე ღამით პატიმართა მღელვარებას ადგილი ჰქონდა მეზობელ  №5 და №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

 

ბუნტის ჩასახშობად ციხეებში სპეცრაზმი შეიყვანეს, რაც საბოლოოდ 7 პატიმრის მკვლელობით დასრულდა.

 

2006 წელი

 

ამჯერად, საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ხმაურიან სპეცოპერაციას, რომლის დროსაც განსაკუთრებული სისასტიკით იქნა მოკლული სამი ახალგაზრდა, მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე.

 

 

ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2013 წლის ოქტომბრიდან, აქტიურად განახლდა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შედეგად დადგინდა, რომ 2006 წლის იანვრის დასაწყისში, იმ დროისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ახლადდანიშნულმა ბაჩანა ახალაიამ და მისმა ძმამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ახალაიამ, პატიმართა შორის და საზოგადოებაში შიშისა და ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის” სინდრომის დანერგვისათვის, გადაწყვიტეს საზოგადოებისათვის ეჩვენებინათ განსაკუთრებული სისასტიკე. აღნიშნულის მისაღწევად დავით ახალაიამ, თითქოსდა პატიმართა შესაძლო გაქცევის შესახებ ინფორმაციის გამოყენებით,  სისხლიანი სპეცოპერაცია დაგეგმა.

 

2006 წლის 12 იანვარს დავით ახალაია თავის თანამშრომლებთან- ლევან ქარდავასთან, გიორგი მაზმიშვილთან, სპეცდანიშნულების რაზმის უფროსთან შალვა თათუხაშვილთან და ასევე ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა თანამშრომლებთან ერთად  ავტოსადგურ „ნავთლუღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც მათი ინფორმაციით, დაახლოებით საღამოს 9 საათზე ერთ-ერთი პატიმრის, გია გორგაძის ძმა, წინასწარ შერჩეული და მოსაკლავად განწირული –  17 წლის მურად გორგაძე და მისი მეგობრები – 21 წლის რომან სურმანიძე და 23 წლის მარად ართმელაძე უნდა მისულიყვნენ.

 

ხსენებულ ტერიტორიაზე უიარაღო მ. გორგაძის და მისი მეგობრების მისვლისთანავე მათკენ გაემართნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა და კუდ-ის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც დავით ახალაიას ორგანიზებით უდანაშაულო ახალგაზრდები ალყაში მოაქციეს და მათი გადარჩენის რაიმე თეორიული შესაძლებლობა თავიდანვე მოსპეს.

 

შეიარაღებული პირების დანახვისთანავე შეშინებულმა გორგაძემ და მისმა მეგობრებმა კუდ-ის თანამშრომლებს  ხვეწნა დაუწყეს, არ ესროლათ მათთვის, შეეცადნენ გაქცევას და საშველად უხმობდნენ  გარშემომყოფთ, თუმცა საპასუხოდ ახალაიამ თანამზრახველებთან ერთად ყოველგვარი გაფრთხილებისა და შეყოვნების გარეშე დაიწყო მათ მოსაკლავად მიზანმიმართული სროლა. სროლების შედეგად მიყენებული ჭრილობების გამო სამივე მათგანი მიწაზე დაეცა. ჩაცხრილულ ახალგაზრდებს  დავით ახალაია მიუახლოვდა. ძირს დაცემულ შოთა გორგაძეს ავტომატის ლულა თავზე მიაბჯინა და საკონტროლო გასროლა მოახდინა. ახალაიას მიბაძეს გიორგი მაზმიშვილმა და მათთან ერთად მყოფმა თანამშრომლებმა, რომლებმაც თავის არეში საკონტროლო გასროლები განახორციელეს ართმელაძისა და სურმანიძის მიმართულებით. სროლის შედეგად მ.გორგაძე მიღებული 12 ცეცხლნასროლი, ართმელაძე 5 და სურმანიძე 6 ჭრილობის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალნენ.

 

2009 წელი

 

ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმეში სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გასამართლებული პირები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა ამ საქმეში ბრალდბეული თითქმის ყველა პირი პოლიტკურ პატიმრად სცნო.

 

მაშინ, სპეცოპერაციის დროს 41 სამხედრო დააკავეს, მათ შორის ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს – 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს – შოთა (მამუკა) გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა 2009 წლის 5 მაისს (როცა ამბოხებაში ბრალდებულები დააკავეს) პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სამინისტრომ ჩაშალა „სრულმასშტაბიანი“ სამხედრო ამბოხების გეგმა, რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ. სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა მოკლეს გენერალი გიორგი კრიალაშვილი.

 

2014 წელს Youtube-ზე გავრცელდა მუხროვანში გადაღებული ვიდეომასალ. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის, დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

 

“დავკითხოთ ვიღაცები, სად წავიდნენ… და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია”.

 

 

2006 წელი

 

დიდი რეზონანსი და საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვია 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულმა ე.წ. კორტების სპეცოპერაციამ, რა დროსაც ორი ახალგაზრდა – ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში ჩაცხრილეს, მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა კი დაიჭრა.

 

ძალის გადამეტების შესახებ გამოძიება ინციდენტიდან სამ დღეში დაიწყო, მაგრამ 2007 წლის აპრილში დაიხურა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ “ყაჩაღური ჯგუფის” წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და “დამნაშავე” პოლიციელთა დასჯას მოითხოვდნენ. საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო.

 

ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომელიც თითქმის ცხრა წელი იბრძოდა სიმართლის დასადგენად, 2015 წლის 20 იანვარს მისი შვილის საფლავზე ააფეთქეს, ამრიგად ის ვერ მოესწრო ბრალდებულთა გასამართლებას.

 

2015 წლის 2 თებერვალს პროკურატურამ კორტების სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა.

 

კიდევ ერთი ყოფილი პოლიციელის მიმართ კი, რომელიც საქართველოდან წასულია, ბრალდების დადგენილება იქნა გამოტანილი, ნათქვამია პროკურატურის მიერ 2 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

 

2012 წელი

 

საქართველოს შს სამინისტრომ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტას ხეობაში 2012 წლის 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 25 აგვისტოს დაიკარგნენ.

 

შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა.

 

29 აგვისტოს შსს–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 დივერსანტის ლიკვიდაცია, 6 კი – ალყაში ჰყავდათ მოქცეული.

 

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ შეიარაღებული ჯგუფიდან ლიკვიდირებული იყო 7 წევრი – საქართველოს მოქალაქეები: ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, დუკვახა დოშუევი, სალამ ზაურბეკოვი, ხაშიევ ჯაბრაილი, მუსა ადუევი.

 

დაიღუპა ასევე სპეცრაზმის 2 წევრი, სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, ასევე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი, კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე.

 

ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ–ის 144–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო – ლაფანყურელი ახალგაზრდების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე. გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებდა.

 

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საპარლამენტო ანგარიშში აცხადებს, რომ საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების ჩამოყვანის ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ზურაბ მაისურაძე და ამავე ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი სანდრო ამირიძე ხელმძღვანელობდნენ.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში ჩამოყვანილ ჩეჩნებს აძლევდნენ იარაღს, წვრთნიდნენ და პირდებოდნენ „კორიდორის“ მიცემას რუსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად.

 

სპეცოპერაციის დროს მოკლეს პანკისში მცხოვრები ქისტებიც.

 

„ლოპოტას სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ცხედრებს, პირიქით ჩვენ ვითხოვდით, მაგრამ არ გადმოგვცეს, წაიღეს და თუ არ ვცდები სადღაც სამგორის ტერიტორიაზე დაკრძალეს. მერე ჩვენმა ბიჭებმა ამოთხარეს და გადმოასვენეს“, – ამბობს პანკისის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ხასო ხანგოშვილი.

 

2015 წელი

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეს ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სპეცოპერაცია იყო.

 

დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით გადაღებული სერიალი -“პოლიციის ფაილები” ბორჯომსა და ვარკეთილში ორი პოლიციელის მკვლელობის  ფაქტს მიეძღვნა. როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავის კვალზე და რას ყვებიან პოლიციელები, რომელთა მეწყვილეები 2015 წელს შალვა აბულაძემ, იგივე “შალალომ” მოკლა.

 

თავდასხმას ჯერ ბორჯომში პოლიციელ გიორგი ბერუაშვილის, რამდენიმე დღეში კი თბილისში – პოლიციელ ბექა მარგიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე მძიმედ დაიჭრა მათი ორი კოლეგა.

 

პოლიციელი გიორგი მახარაშვილი ყვება, თუ როგორ დაესხა თავს შალვა აბულაძე მას და მის მეწყვილეს გიორგი ბერუაშვილს ბორჯომში.

 

„არ ველოდით, რომ გვესროდა. მით უმეტეს ჩვენ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოვთხოვეთ” – ყვება პოლიციის ინსპექტორი, რომელიც შალვა აბულაძემ, იგივე “შალალომ” სამი ტყვიით მძიმედ დაჭრა, მისი მეწყვილე კი მოკლა.

 

„როცა აბულაძე გაიქცა, გიორგიმ მომაძახა – დახმარება გამოიძახე, სისხლისგან ვიცლებიო. რაცია გამიტყდა, ხელში მეჭირა ამ დროს”.

 

გვიშველეთ, გამოიძახეთ პოლიცია – ყვიროდნენ მძიმედ დაჭრილი პოლიციელები. ხმა იქვე კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქემ გაიგო, რომელმაც 112-ში დარეკა. ადგილზე სასწრაფო დახმარება და კრიმინალური პოლიცია გამოცხადდა. გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

“შალალომ” შვიდი ტყვია ესროლა გიორგი ბერუაშვილს, მათ შორის ხერხემლისა და ქვედა კიდურის არტერიაში. ორივე პოლიციელი კატასტროფის ბრიგადით თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა გიორგი ბერუაშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

შალვა აბულაძეზე ძებნა გამოცხადდა. შს მინისტრ ვახტაგ გომელაურის ხელმძღვანელობით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც დამნაშავის ცოცხლად აყვანის ბრძანება გასცა.

 

ბორჯომის თავდასხმიდან შეიარაღებული შალვა აბულაძე ამჯერად, ვარკეთილში ჯავახეთის ქუჩაზე დაესხა თავს სამართალდამცველებს, რა დროსაც უკვე ბექა მარგიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა და შემთხვევის ადგილიდან კვლავ მიიმალა.

 

სატელევიზიო სერიაშო აღინიშნა, რომ ძებნის პროცესში სამართალდამცველებმა თბილისში მოხუცი ქალი შენიშნეს, რომლის გამოკითხვაც ერთ-ერთმა ეკიპაჟმა გადაწყვიტა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მოხუცის პარიკის და სამოსის ქვეშ შალვა აბულაძე იმალებოდა, რომელმაც პოლიციას კვლავ ცეცხლი გაუხსნა და გაიქცა.

 

საბოლოოდ, შალვა აბულაძე ისევ ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში, სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.

 

„დავალების მიხედვით ჩვენი ამოცანა იყო ცოცხლად აგვეყვანა დამნაშავე”, – ყვებიან სპეცოპერაციის მონაწილე სამართალდამცველები.

 

სპეცრაზმა ძებნილის დასაკავებლად შტურმი დაიწყო და განსაკუთრებით საშიში დამნაშავე დააპატიმრეს.

 

 

2017 წელი

 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარდა. აჰმედ ჩატაევის დაჯგუფებასა და ქართველ სამართალდამცველებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ერთი სპეცრაზმელი – ვანო გოლაშვილი გარდაიცვალა, ოთხი კი მძიმედ დაიჭრა. დაპირისპირების დროს მთლიანად განეიტრალდა ბინაში მყოფი შეიარაღებული დაჯგუფება, მათ შორის საერთაშორისო ტერორისტი აჰმედ ჩატაევი, ასევე, რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმედოვი. სპეცოპერაციის დროს დააკავეს ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი შოაიფ ბორზიევი.

 

ტერაქტი თბილისში: საცხოვრებელ კორპუსს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ცეცხლი უკიდია

 

აღნიშნული სპეცოპერაციის შემდეგ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან სამართალდამცველებმა მთელი რიგი მტკიცებულებები ამოიღეს.

 

„სპეცოპერაციის დროს დაკავებული და გარდაცვლილი პირების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მასალების შესწავლის შედეგად, დადგენილია იარაღის სამალავის კონკრეტული ადგილი. ამერიკელ კოლეგებთან  ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუკები, დურბინდები, რაციები და სხვადასხვა მტკიცებულებები.

 

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - YouTube

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობიდან მოპოვებულია აუდიოჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანი იყო დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები“, – ასეთია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია.

 

ამავე ინფორმაციით ირკვევა, რომ სწორედ ჩატაევის კომპიუტერში დაცული მონაცემებისა და ბინიდან ამოღებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე გამოიკვეთა კავშირი პანკისის ხეობაში მცხოვრებ რამდენიმე პირთან. მტკიცებულებებს შორის აღმოჩნდა თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო და მობილურის საგარანტიო დოკუმენტებიც, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყებამ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც ასახავს, როგორ გადაადგილდება თემირლან მაჩალიკაშვილი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტერორიზმში მხილებულ პირებთან ერთად მობილური ტელეფონის საყიდლად.

 

არსებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარდა სპეცოპერაცია, რა დროსაც აიყვანეს ჩატაევის დაჯგუფებასთან კვშირში მყოფი ზურაბ გორნაკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი. ამავე სპეცოპერაციის ფარგლებში უნდა მომხდარიყო თემირლან მაჩალიკაშვილის დაპატიმრებაც, თუმცა სპეცოპერაციის დროს ის მძიმედ დაიჭრა, რამდენიმე დღეში კი საავადმოყოფოში გარდაიცვალა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X