14:43 | 2020-06-08 ავტორი: Prime Time

ბიზნეს წილები და დიდი ოდენობით მიწები – რა ქონებას ფლობს ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი

ბიზნეს წილები და დიდი ოდენობით მიწები – რა ქონებას ფლობს ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact.ge განაგრძობს ეპისკოპოსების ქონებრივი მდგომარეობის შესწავლას.

 

ამჯერად, „აიფაქტმა“ ნიკორწმინდელი ეპისკოპოსის, სინოდის წევრის, მეუფე ვახტანგის (ლიპარტელიანი) ქონება შეისწავლა.

 

„საეკლესიო კანონის თანხმად, ბერს საკუთრებაში ქონება არ უნდა გააჩნდეს და რაც ერისკაცობისას შეიძინა, სხვებს უნდა გადასცეს.

 

კონსტანტინოპოლის დიდი კრების კანონი ადგენს: “ვინც ინებებს მონაზვნად აღკვეცას, ჯერ მას უნდა მიეცეს დრო, რათა განაგოს თავისი შეძენილი ქონება, როგორც ენებოს, და დაუტოვოს და მისცეს, ვისაც უნდა, ვისთვისაც კანონი არ კრძალავს მიცემას.”

 

ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი ბერად 2008 წლის 13 დეკემბერს აღიკვეცა. ამ დროს მას უკვე გააჩნდა ქონება, რომელიც მემკვიდრეობით ერგო:

 

47 კვ.მ. ბინა და 58 კვ.მ. სხვენი მთაწმინდაზე, ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე მამამ აჩუქა 1995 წელს;

 

2,301 კვ.მ. მიწა და 78 კვ.მ საცხოვრებელი სახლი კოჯორში, რომელიც ეპისკოპოსს ბებიამ აჩუქა 1986 წელს.

 

Exclusive: მამა ანდრიას ვურჩევ, პეტრე ჭყონდიდელ ყოფილის ქონების გამორჩევა დაიწყოს - მეუფე დიმიტრი
2020-06-02Exclusive: მამა ანდრიას ვურჩევ, პეტრე ჭყონდიდელ ყოფილის ქონების გამორჩევა დაიწყოს - მეუფე დიმიტრი

 

ბერობაში და შემდეგ ეპისკოპოსობისას მისი უძრავი ქონების მოცულობა კიდევ უფრო იზრდება.

 

გიორგი (ერისკაცობის სახელი) ლიპარტელიანი მღვდლად 2009 წლის 27 სექტემბერს აკურთხეს.

 

შემდეგი 6 წელი მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მსახურობდა. 2015 წელს ეპისკოპოსად დანიშნეს და ნიკორწმინდის ეპარქია ჩააბარეს.

 

2017 წლის 4 დეკემბერს, ეპისკოპოსი ვახტანგი რუსეთის საპატრიარქოს საიუბილეო ღონისძიებაზე იყო მიწვეული.

 

2018 წლის 20 მარტს ნიკორწმინდელ ეპისკოპოსს მოსკოვის საპატრიარქოში კიდევ ერთხელ უმასპინძლეს.

 

ეპისკოპოსის ტიტულის მიღების შემდეგ, 2018-2019 წლებში ვახტანგ ლიპარტელიანმა შეიძინა 5,403 კვ.მ. მიწა ამბროლაურში, სოფელ სადმელში.

 

მიწის ნაკვეთებში ჯამში 24,367 ლარი გადაიხადა.

 

2017 წლის 28 მარტს დეკანოზ გაბრიელისგან საჩუქრად მიიღო 3,000 კვ.მ. მიწა ნიკორწმინდაში.

 

იმავე წლის 19 მაისს 805 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სადმელში გიორგი პაპუაშვილმა აჩუქა.

 

ეპისკოპოსს სახელმწიფოსგან იჯარით აქვს აღებული 30,067 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა ამბროლაურში, სოფელ მუხლში. ამ მიწით სარგებლობისთვის თვეში 100 ლარს იხდის.

 

უძრავი ქონების ამსახველი დოკუმენტები იხილეთ ბმულზე:

 

https://drive.google.com/…/1gFvKBg55eA-HSFReGs9BYCbQeJ6pTMG…

 

რაჭველების თქმით, ეპისკოპოსი აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში და ამ მიწებზე მოჰყავს თაფლი, ხორბალი და ღვინო.

 

ვახტანგ ლიპარტელიანი ბიზნესსაქმიანობითაც არის დაკავებული:

 

  1. შპს “ევრომოტორსის” (დაფუძნდა 1997 წელს) 15 პროცენტს ფლობს. საჯარო რეესტრის თანახმად, კომპანია ავტომობილებით და სათადარიგო ავტონაწილებით ვაჭრობს.

 

  1. შპს “ბარაკონის” 55 პროცენტს ფლობს. საჯარო რეესტრის თანახმად, კომპანიას შეუძლია ნებისმიერ საქმიანობას ეწეოდეს.

 

ეპისკოპოსი ხელმძღვანელობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ “ჭელიშს.” ამ ორგანიზაციის საქმიანობა მეფუტკრეობასთან, მევენახეობასა და მეფრინველეობასთანაა დაკავშირებული.

 

შპს “ბარაკონი” და კოოპერატივი “ჭელიში” მისი გაეპისკოპოსების შემდეგ, 2016 და 2017 წლებშია დაფუძნებული.

 

ეპისკოპოსი ვახტანგი ასევე ხელმძღვანელობს ნიკორწმინდის ეპარქიის განვითარების ფონდს, რომელიც საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები