18:37 | 2020-04-01 ავტორი: Prime Time

ბიჭი, რომელიც კარანტინის ზონას იცავს და პარალელურად ონლაინ-ლექციებს ესწრება

ბიჭი, რომელიც კარანტინის ზონას იცავს და პარალელურად ონლაინ-ლექციებს ესწრება

21 წლის გიორგი მამულაშვილი სამართალმცოდნეობას ეუფლება, პარალელურად ის  დაცვის პოლიციაში  სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადის. ყოფილ მე-8 საავადმყოფოში, სადაც ახლა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის საკარანტინე ზონაა მოწყობილი, მედიკოსების, ავადმყოფებისა და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავს.

 

ფორსმაჟორულ სიტუაციაში, თითქმის სულ სავალდებულო სამსახურშია, თუმცა პარალელურად ხან დისტანციურ ლექციებს ესწრება, ხანაც სისხლის სამართლის კოდექსს კითხულობს.

 

ამბობს, როცა პაციენტებისა და მოქალაქეების ნაკადი წყდება და კლინიკაში სიმშვიდეა, კანონთა კრებულს მაშინ ვკითხულობო. გიორგი მამულაშვილი ჯარისკაცია, რომელიც ისე უდგას ქვეყნას გვერდით, როგორც შეუძლია.  ამ გადაწყვეტილებას მისთვის უცნობი ადამიანებიც აფასებენ…

 

„მე-8 საავადმყოფოში დაახლოებით 5 თვეა დაცვაში ვარ, მანამდე ბაზაზე ვმსახურობდი. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და კლინიკა საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა, შეიცვალა ჩემი დღის წესრიგიც, უსაფრთხოების ზომები რა თქმა უნდა, უფრო გამკაცრდა.

 

პირადი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით სხვებზეც ვზრუნავთ. კორონავირუსის გავრცელებამდეც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გავდიოდი. პარალელურად უნივერსიტეტში ლექციებზე დავდიოდი, ახლა ლექცია-სემინარების დისტანციურად ჩაბარება მევალება. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო ინსტიტუტის მე-4 კურსის სტუდენტი ვარ, სამართალმცოდნეობაზე ვსწავლობ.

 

კორონავირუსმა გავლენა მოსახლეობაზე იქონია და ამას კლინიკაში მოსული ადამიანებზე ვხედავ, ძალიან ეშინიათ და განსაკუთრებულად დაძაბულები არიან, სანამ ინფექციაზე პასუხი მოუვათ.

 

მგონია, რომ ამ პანდემიამ ადამიანებზე  გავლენა იქონია, უფრო მეტად ვისწავლეთ მხარში დგომა და შრომის დაფასება. სამსახურიდან, მე-8 საავადმყოფოდან ვარკეთილში ტაქსით მოვდიოდი. გზაში მძღოლთან გასაუბრებისას მოვყევი ჩემი სამსახურის შესახებ და ის ადამიანი სრულიად უფასოდ მომემსახურა. ეს ჩემთვის დიდი სიამაყის გრძნობა იყო.

 

ჩემი ერთი სამუშაო დღე დილის 9 საათზე იწყება, მოვდივარ და ცვლას ვიბარებ, ვაზუსტებ პაციენტების რაოდენობას, ვაკონტროლებ ექიმებისა და პაციენტებისთვის საკვების შემოსატან კორიდორებს. ავადმყოფების გაწერაშიც ჩართული ვარ. 12 საათიდან 15 საათამდე შესვენება მაქვს. 15 საათიდან 18 საათამდე პაციენტები და მოქალაქეები აღარ არიან. თან დამაქვს სისხლის სამართლის კოდექსი, რომელსაც ასეთ დროს ვკითხულობ. დისტანციურ ლექციებსაც ამ დროს ვუსმენ.

 

იმისთვის, რომ განათლებაც მივიღო და ჯარშიც ვიმსახურო, ორივე მხარე ხელს მაქსიმალურად მიწყობს. როცა გამოცდები მაქვს, დაცვის პოლიცია ამ დროს მათავისუფლებს, ჯარისკაცებს ამ მხრივ კარგი ხელშეწყობა გვაქვს. ასევე მეხმარებიან ლექტორებიც, თუ სამსახურის გამო, ლექციების, სემინარების გაცდენა მიწევს, აღდგენის შესაძლებლობას მაძლევენ.

 

ჯერჯერობით ვაპირებ ჯარში მსახურობა გავაგრძელო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ინფიცირების საფრთხის ქვეშ ვართ, ერთი წუთითაც კი არ შემშინებია „ცხელ ადგილას“, კლინიკაში მუშაობა.

 

მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართ: დარჩით სახლში, თითოეული თქვენგანი, მეორე ადამიანისთვის მაგალითი ხართ! ისინიც დარჩებიან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოში იტალიის მაგალითი არ განმეორდეს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ძალიან მალე ეს ყველაფერი ჩაივლის“, – ამბობს გიორგი მამულაშვილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X