10:40 | 2020-09-14 ავტორი: თამარ გონგაძე

“ბინა ხომ მოგცეს, მეტროში რაღატომ მღერი?” – როგორ შეხვდნენ და “მიულოცეს” ბინა 9 აპრილის უსინათლო გმირს

“ბინა ხომ მოგცეს, მეტროში რაღატომ მღერი?” – როგორ შეხვდნენ და “მიულოცეს” ბინა 9 აპრილის უსინათლო გმირს

27 წლიანი უბინაობის, დაუცველობის, წვალებისა და დისკომფორტის შემდეგ, 9 აპრილის უსინათლო გმირს, ლელა ვეფხვაძეს, კეთილი ადამიანების მიერ წამოწყებული კამპანიის (“ჭერი ლელასთვის”) წყალობით, ფონდმა “ქართუმ” ბინა აჩუქა. თავის ორ შვილთან, ორ შვილიშვილთან, სიძესთან და ასაკიან დედასთან ერთად ახლა ვარკეთილში, ოთხოთახიან ბინაში ცხოვრობს და ერთი თვის თავზე, ჯერ ისევ უჭირს ამის დაჯერება.

 

“ისეთ ემოციაში ვარ, ორი ღამე არ მიძინია. მიჭირს დაჯერება, რომ ჩემი სახლი მექნება და არავინ მომადგება, ერთ თვეში ბინა დაცალეო. როგორც 9 აპრილის მონაწილეს, ქირის ნაწილს მერია მიფარავდა. მაგრამ ჩემს შვილებს, ჩემს შემდეგ, ამ თანხას აღარავინ გადაუხდიდა და ამის დარდი მქონდა. ჯანმრთელობა შერყეული მაქვს. 1992 წლიდან მეტროში ვმღერი. ჩემი ოჯახის ძირითადი შემოსავალი ეს არის. აწი აღარც მეტროში სიმღერა მადარდებს და ყველაფერსაც გავუძლებ. უკვე სახლი მაქვს” – გვითხრა 11 აგვისტოს მოცემულ ინტერვიუში ლელამ.

 

2020-08-11"აწი მეტროში სიმღერა აღარ მადარდებს, სახლი მაქვს" - ვინ აჩუქა ბინა 9 აპრილის გმირს, ლელა ვეფხვაძეს

 

შოკურმა მდგომარეობამ თითქმის დატოვა, ნელ-ნელა ითავისებს, რომ ბინა თავის სახელზე აქვს გაფორმებული და ეს განუზომელ სიმშვიდეს გვრის. საკუთარ ბინაში პირველად იწყობს საკუთარ ოთახს ისე, როგორც სურს. ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა დაპირებული ტექნიკაც აჩუქა.

 

“პრაიმტაიმის” მკითხველს ლელა თავის ემოციებზე უყვება.

 

ლელა ვეფხვაძე: – ნელ-ნელა ვეჩვევი და ვითავისებ, რომ ეს სახლი ჩემია. რომ ვიღვიძებ და თვალს ვახელ, ვფიქრობ, ვა, რა კარგია ჩემს სახლში ვიღვიძებ… უცნაური შეგრძნებაა. იცი, რომ არავინ მოვა და გარეთ არავინ გაგიშვებს. ყველაზე ცუდი ჩემთვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა იყო. ეს მართლა შოკში მაგდებდა. მიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება.

 

მიხარია, რომ ჩემი ქალიშვილები ჩემთან ერთად ცხოვრობენ. ახლა ჩვენ-ჩვენი ოთახები გვაქვს. ამის ფუფუნება აქამდე არ გვქონია. შენს სახლში სხვა თავისუფლება გაქვს. ისე დაალაგებ როგორც გინდა, ისე მოაწყობ, როგორც გიხარია.

 

ჩემი ოთახი ისე მოვაწყე, როგორც ყოველთვის მინდოდა. ვარ მყუდროდ და წყნარად. შეგროვილი თანხით სახლისთვის საჭირო ნივთები შევიძინეთ.

 

რომ მომკვდარიყო, გმირი იქნებოდა. იტყოდნენ, სიმღერით შეხვდა მტერს და სიკვდილსო..." - NIGHT.GE

 

ბინის ჩუქების შემდეგ, პირველად, 12 სექტემბერს გავიდა სამსახურში – მეტროში სამღერლად. და როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, მასთან ხალხის შეხვედრა არაერთგვაროვანი იყო. ბევრმა მიულოცა, ბევრმა სხვა თვალით დაუწყო ყურება და უთხრეს, ბინა ხომ მოგცეს, მეტროში რაღატომ მღერიო?

 

ლელა: – ყველას თავისი აზრი აქვს. ვერავის განვიკითხავ. მიაჩნიათ, რომ მეტროში აღარ უნდა ვიმღერო, მე ხომ ბინა მაქვს უკვე… მე გავეცი პასუხი: მადლობა ღმერთს, ბინა მომცეს, ხალხო, მაგრამ მის კედლებს ვერ გავლოკავ, არსებობა მჭირდება-მეთქი. ჩემთვის მეტროში მთელი დღის გატარება სიამოვნება არ არის. იქ დადებითი ხალხისგან წამოსული სითბო მაძლებინებს. ეს სითბო ბევრს ნიშნავს. აგრესიის გადატანა მიჭირს.

 

ბევრმა მომილოცა, აქამდეც უნდა გქონოდა ბინაო… შენ მეტროში არ უნდა მღეროდე, ჩვენთვის ეს სირცხვილიაო. მე ვმღერი, რატომ არის სირცხვილი? ვისაც მოსწონს, გაიღებს თანხას, ვისაც არა, ღმერთმა სიკეთე მისცეს.

 

ბინა რომ გადმომიფორმეს, ერთი თვე სახლში ვიყავი. ყველაფერი ჩემ სახელზე უნდა გადმომეტანა, კომუნალური გადასახადებისთვის. ამას დრო და ჩემი სახლში ყოფნა სჭირდებოდა. ამდენი ხანი ბოლოს როდის დავისვენე, არც კი მახსოვს. ზაფხულობით ზღვაზე მივდივარ, თუმცა ბულვარში სამუშაოდ, სამღერლად. ანუ ზღვაზეც სამუშაოდ მივდივარ და არა დასავენებლად. ეს ერთი თვე დავისვენე.

 

2020-09-11"იმედია ჯოჯოხეთში მოხვდება... კუპრში" - ქეთი დოლიძე შალვა ნათელაშვილზე

 

 

სტრესის გარეშე, ლელასთვის, არც მეტროში სიმღერას მოაქვს შემოსავალი. ყოველთვის გამოერევა ისეთი, ვინც ჩაუვლის და გესლიანად ჩაილაპარაკებს, მოვიდა ჩანაწერის ჩასართავადო. როგორც ამბობს, ფანდურზე აღარ მღერის, მინუს ფონოგრამით, დინამიკითა და ცოცხალი შესრულებით დადის ვაგონიდან ვაგონში, იმედწამოკიდებული.

 

ლელა: – ფანდურზე აღარ ვმღერი. მეტროში დინამიკი და მინუს ფონოგრამა დამაქვს და ცოცხლად ვმღერი. ამიტომ ბევრს ეჭვი ეპარება, რომ მე ცოცხლად ვასრულებ სიმღერებს. არაერთხელ გამიგია კიდეც, ჩაულაპარაკიათ, აუ, მოვიდა და ჩართავს ჩანაწერსო. ხშირად მხოლოდ მუსიკას ვუშვებ, რომ დარწმუნდნენ, სიმღერა არ მაქვს ჩაწერილი.

 

ეს არ მწყინს. მიჩვეულები არიან მსგავს სიყალბეს. თუ ნორმალურად მღერი, ჰგონიათ, რომ ჩანაწერია. მე ჩანაწერის გაკეთების ფუფუნება არ მაქვს. საკმაოდ ძვირი ჯდება. ჩემი მსმენელი ძალიან კარგად ხვდება, როდის ვმღერი კარგად და როდის – არა. ეს ჩემს შემოსავალზეც აისახება. თუ ხასიათზე არ ვარ, არც იმეტებს ხალხი ფულს. ეს კი სტიმულს მაძლევს, რომ მე ფორმაში ვიყო და კარგად ვიმღერო.

 

– ახლა რა გენატრებათ?

 

– ქალობა მენატრება, ღმერთისგან ბოძებული ფუნქცია. სახლის საქმე თითქმის გადამავიწყდა. სულ გარეთ ვარ, მეტროში, საშოვარზე… სახლში ვერაფერს ვაკეთებ. თუმცა ჩემი ქალიშვილები ყველაფერს მშვენივრად უძღვებიან. მე ისევ მიწევს ოჯახში შემომტანის ტვირთვის ზიდვა. იმედია, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ჯერჯერობით, ოჯახს ვჭირდები.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +