19:56 | 2020-06-05 ავტორი: თამარ გონგაძე

“ბევრი კოლეგა მეხმიანება, აინტერესებთ, რა იგეგმება ბათუმში” – სოფო ხალვაში ზაფხულის გეგმებზე

“ბევრი კოლეგა მეხმიანება, აინტერესებთ, რა იგეგმება ბათუმში” – სოფო ხალვაში ზაფხულის გეგმებზე

როგორც ნავარაუდებია, ზღვისპირა სანაპიროზე შიდა ტურიზმს ელოდებიან. სამთვიანი ჩაკეტილობის შემდეგ, გარეთ გამოსული ხალხი, ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად, ზღვას მიაწყდება. მადა ჭამაში მოდისო, გარუჯვის პარალელურად გართობა მოუნდებათ, მომღერლების მოსმენა, მერე ხელის გაშლა…

 

იქნება თუ არა წელს ეს ყველაფერი, ჯერ ბუნდოვანია. რესტორნებთან დაკავშირებული რეგულაციები სრულად არ დაწესებულა. ჯერჯერობით, მხოლოდ ღია კაფე-ბარები მუშაობს.

 

შემოსავლის გარეშე დარჩენილ მომღერლებს და მუსიკოსებს მუშაობა უნდათ, ამას უკვე საჯაროდ ამბობენ, სოციალურ ქსელში გვხვდება პოსტები – ჩვენც ადამიანები ვართ, მოგვეცით მუშაობის საშუალება.

 

მუსიკალური პროდიუსერი კახა მამულაშვილი რეგულაციებს ელოდება და ამბობს, თუ ამდენ ხელოვანს არ გაგვითვალისწინებს მთავრობა, შევქმნით პროფკავშირებს და ჩვენი ოფიციალური წარმომადგენლით დავესწრებით სამთავრობო სხდომებს, სადაც მონაწილეობას მივიღებთ რეგულაციების შემუშავებაშიო.

 

2020-06-03"დადგა დრო, შოუბიზნესმაც ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პროფკავშირები... ამოვიდა ყელში!" - რას გეგმავს კახა მამულაშვილი

 

უკვე მეორე წელია მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილეა. კულტურული ღონისძიებების დეპარტამენტი აქვს ჩაბარებული. როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, მოსწონს სამსახური.

 

თუ რა იგეგმება ბათუმში ამ ზაფხულს და რას თავაზობს სოფო კოლეგებს, ხალვაშის ამ არც თუ იმედიანი ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

სოფო ხალვაში: – რეგულაციებს ველოდებით, ჯერჯერობით არაფერია დაგეგმილი. საერთაშორისო ფესტივალები გაუქმებულია – კინოფესტივალი “ბიაფი”, ლიანა ისაკაძის “ღამის სერენადები”, ელისო ბოლქვაძის ფესტივალი. კიდევ რამდენიმე ფესტივალი გაუქმდა. უნდა ჩამოსულიყო ხალხი და ბუნებრივია, წელს ეს შეუძლებელია. ბათუმობას ბევრი რამ გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ჩაიშალა…

 

რაც შეეხება რესტორნებში მომღერლების სიმღერას, ამ ეტაპისთვის სცენაზე შესაძლებელია არაუმეტეს ათი ადამიანის ყოფნა. ორკესტრების კონცერტები და დიდი კონცერტები გამორიცხულია. მაყურებელიც ყველა რეგულაციის გათვალისწინებით უნდა იყოს. ღია კაფეებში, ალბათ, იქნება შესაბამისი მუსიკალური გაფორმებაც.

 

2020-06-02"როგორც ჟიურის თავმჯდომარემ, მე უნდა შევამოწმო" - რის ჟიურიშია ადვოკატი, მიშიკო რამიშვილი

 

ძველი სახით ვერაფერი ჩატარდება, ჯერ ბევრი კითხვის ნიშანია. ბევრი კოლეგა მეკონტაქტება, ინტერესდებიან, რა იგეგმება ბათუმში. შიდა ტურიზმის ხარჯზე ბათუმში ბევრი დამსვენებელი მოიყრის თავს. ჩემი გადმოსახედიდან, აუცილებელია რამე ღონისძიების შეთავაზება. მაგრამ რთულია დაგეგმვა. ჩვენც გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ.

 

არც მახსოვს, სად ვიმღერე ბოლოს. ღონისძიებების დაგეგმაზე ვარ გადასული. სიმღერის მონატრებას, ჯერჯერობით სახლში ვიკლავ. შვილებთან ვმღერი და დროს როცა გამოვძებნი, ვმუშაობ რაღაცაზე. ამის გარეშე შეუძლებელია, ერთგვარი შვებაა.

 

რითი შეგცვალა თანამდებობამ?

 

– ეგ თუ მოხდა, ცუდი იქნება. იმედი მაქვს, არ შევიცვლები. სანამ მერიაში დავიწყებდი მუშაობას, ბევრი ვიფიქრე. წარმოუდგენელი იყო, სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ გარემოებამ და ყველაფერმა ერთად გადამაწყვეტინა აქ მუშაობის დაწყება. მეორე წელი დაიწყო და კმაყოფილი ვარ, კარგ საქმეს ვემსახურები. ვიმედოვნებ, კიდევ და კიდევ კარგი ღონისძიება შეემატება ბათუმს.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X