19:33 | 2020-07-29 ავტორი: თამარ გონგაძე

“ბევრი კითხვა მაწვალებს, რატომ მოიკლა თავი? რატომ არ საუბრობდა თავისი ხმით?” – რას ნანობს ვახტანგ ჯავახაძე

“ბევრი კითხვა მაწვალებს, რატომ მოიკლა თავი? რატომ არ საუბრობდა თავისი ხმით?” – რას ნანობს ვახტანგ ჯავახაძე

პოეტი ვახტანგ ჯავახაძე დღეს იუბილარია – 88 წლის გახდა. მხრცოვან პოეტს შვილიშვილებმა ტორტი მიართვეს და საღამოს იუბილარ ბაბუასთან ერთად სუფრას შემოუსხდებიან.

 

ამბობს, რომ თავმდაბალია და პოეტი ასეთიც უნდა იყოსო. ჩემი ლექსები ჩემსავით მოკრძალებულიაო.

 

როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, ყველაზე ხშირად მაინც დიდ გალაკტიონზე ეფიქრება, რომლის შემოქმედებისა და ცხოვრების აღწერას თითქმის მთელი ცხოვრება მოანდომა. ახლახან ტაბიძის ბიოგრაფიული რომანის, “უცნობის” რიგით მეშვიდე გამოცემაზე დაასრულა მუშაობა, რომელიც წლის ბოლომდე გამოვა.

 

ნანობს, რომ მეტად გახსნილი და თამამი არ იყო ამ ბუმბერაზ პოეტთან, რომ უფრო მეტი გაეგო მასზე.

 

ვახტანგ ჯავახაძე: – სასიამოვნოა საკუთარი დაბადების დღე, რატომაც არა, მიყვარს. ხანდახან ისეთი ხალხი გაგიხსენებს და მოგილოცავს, რომელსაც დიდი ხანია არ გახსენებიხარ. აი, თუნდაც თქვენ რომ დამირეკეთ, მესიამოვნა.

 

საერთოდ ვიწრო წრეში, აღვნიშნავ ხოლმე დაბადების დღეს, მე იმ პერსონას არ წარმოვადგენ, რომ ფართო მასშტაბით აღვნიშნო.

 

88 წლის გავხდი. აქამდე მოვაღიწე და სასიხარულოა ჩემთვის. თავს, არა უშავს ვგრძნობ. ჩემს ასაკს რომ შეეფერება, იმაზე ცოტა უკეთ ვარ. გული არ ბერდება. სხეული გაცილებით ადრე იწყებს დაბერებას.

 

ყველაზე ხშირად რაზე გეფიქრებიათ?

 

– 33 წელია გალაკტიონზე ვფიქრობ… ჩემი წიგნის “უცნობის” მეშვიდე გამოცემა გამოდის. ამ რომანის ყოველი ახალი გამოცემა ახალ-ახალი მასალებით არის შევსებული. მეშვიდე გამოცემას 150 ახალი გვერდი დაემატება. ნახატების დამატება მინდა და ახლა ამაზე ვფიქრობ ხოლმე. ყოველი წიგნის გამოცემაზე ვფიქრობ, რომ უნდა მოვასწრო. ჩემი საქმიანობა ეს არის.

 

გალაკტიონ ტაბიძე, 1891-1959

 

ასაკიდან გამომდიარე სახლიდან იშვიათად გავდივარ და ტელედამოკიდებული გავხდი. ტელევიზორისთვის მცალია და მესიამოვნება თუ არა, რა თემებსაც მთავაზობს ეს ყუთი, მერე იმაზე მეფიქრება, ძილში ჩამყვება ხოლმე. ბევრი უსიამოვნება ხდება ჩვენს რეალობაში. ახალგაზრდები ადვილად იმეტებენ ერთმანეთს, ძალიან არასასიამოვნო ფაქტებია…

 

– რაიმეს ხომ არ ნანობს 88 წლის პოეტი?

 

– იცით, რას ვნანობ? გალაკტიონთან, მისი სიცოცხლის ბოლო ორ წელს, შეხვედრები მქონდა, მისი წიგნი შევადგინე, რედაქტორი გახლდით. საშუალება მქონდა მასთან აქტიური საუბრები და კონტაქტი მქონოდა, მაგრამ არ ვიყავი თამამი რედაქტორი, 26 წლის გახლდით მაშინ. მერიდებოდა მისი. საკმარისი საუბრები გვქონდა, რაც წიგნის შედგენისთვის საჭირო იყო. გალაკტიონს უყვარდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა. მეტი ურთიერთობის შანსი მქონდა, მაგრამ მაქსიმალურად ვერ გამოვიყენე. აი, ამას ვნანობ. არ მეგონა, რომ ვერ მოვასწრებდი მასთან ურთიერთობას. ვიდრე 1959 წელს წიგნი “რჩეული” გამოვიდოდა, გალაკტიონმა თავი მოიკლა. ვერ მოვასწარი, რომ მასთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი.

 

როგორ ჩარჩა თქვენს მეხსიერებაში გალაკტიონი?

 

– არა მხოლოდ, როგორც დიდი პოეტი, არამედ, როგორც უცნაური და ამოუხსნელი პიროვნება. ბევრი კითხვა მაწვალებს – რატომ მოიკლა თავი, რატომ არ საუბრობდა თავისი ბუნებრივი ხმით და მუდამ რატომ ატარებდა ნიღაბს? ბევრი კითხვის ნიშნები დატოვა. ბოლომდე ვერ ამომიხსნია ეს კითხვები.

 

ვერ შეატყობდით, მაგრამ ახლობლებმა იციან, რომ ზოგჯერ, თავის ბუნებრივ ხმას იბრუნებდა. ამის ფაქტები არსებობს და აქედან დაასკვნეს, რომ ის ხმა, რომლითაც ის საუბრობდა, თურმე დაყენებული ყოფილა. როგორც მსახიობი იყენებს ხმას, ასე იყო ისიც.

 

გაუცხოებული იყო გალაკტიონი, არავისთან გულწრფელი არ იყო. ცოლიც კი გაუბრაზდა ერთხელ, ოლია, რომელმაც უთხრა, შენ არასდროს მოიხსნი მაგ წყეულ ნიღაბსო. ოლიამაც იცოდა, რომ მთელი ცხოვრება ნიღაბს ატარებდა და გულწრფელი არ იყო, ცოლთანაც კი.

 

სასიამოვნო ხმაზე არტისტულად საუბრობდა. დამიჩქარე წიგნი ძამიკო და რომ გამოვა, მე ვიცი შენი პატივისცემაო, მეუბნებოდა. მე მოგვიანებით, როცა გალაკტიონის დღიურები და არქივი შევისწავლე, მერე აღმოვაჩინე, რომ მისი ბუნებრივი ხმა შენახული ჰქონდა. ძველ ნაცნობს რომ ნახავდა, მაშინ თუ “წამოცდებოდა” თავისი ხმა.

 

და მაინც თქვენ, რომელიც 33 წელია გალაკტიონზე ფიქრობთ, მისი თვითმკვლელობის მიზეზებად რას ვარაუდობთ?

 

– ერთი მიზეზი არ ექნებოდა. თვითმკვლელობის მთავარი მიზეზი მისადმი დამოკიდებულება მგონია, რომელსაც მთავრობა, მწერალთა კავშირი და მისი ოჯახი იჩენდა. ეს ყველაფერი დაუგროვდა. მთელი ცხოვრება თვითმკვლელობისთვის ემზადებოდა. ბოლოს საბაბი პატარა რაღაც გახდა და ეს მზადება სისრულეში მოიყვანა კიდეც.

 

უცნობი – Telex

 

საავადმყოფოში რომ მივიდა, ოთხი საათი ალოდინეს. მერე პატარა, ორსაწოლიან პალატაში შეიყვანეს, სადაც იყვნენ პაციენტები და გალაკტიონს დაუდგეს მესამე საწოლი. იქ პაციენტის ცოლმა თქვა, შეგვავიწროვესო. ეს გაიგონა გალაკტიონმა, გავიდა პალატიდან, სადაც არც შებრუნებულა, სამი საათი სეირნობდა და ფანჯრიდან გადახტა კიდეც. შეიძლება ის ერთი სიტყვა – შეგვავიწროვეს გახდა საბაბი, რომ თავი მოეკლა. ეტყობა, კარგად ჰქონდა ჩაფიქრებული და ლამაზად გააკეთა ეს…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X