fbpx
02:14 | 2020-05-04 ავტორი: ნინი ტაველიძე

ბავშვებისთვის სახლში გამოკეტვა საფრთხეა! – ცნობილი პედიატრის გაფრთხილება მშობლებს

ბავშვებისთვის სახლში გამოკეტვა საფრთხეა! – ცნობილი პედიატრის გაფრთხილება მშობლებს

მსოფლიოში კორონავირუსის პრევენციისთვის, ერთ-ერთი მთავარი მოწოდება სახლში დარჩენა და სოციალური დისტანცირებაა.

 

რა შეიძლება მოჰყვეს ბავშვების დიდი ხნით სახლში ყოფნას და პასიური ცხოვრების რეჟიმს ჯანმრთელობის კუთხით ?

 

ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს:

 

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რჩევები, დაიცავით სოციალური დისტანცია, ხშირად დაიბანეთ ხელები, დარჩით სახლში – ყველასთვის ერთნაირად მოქმედებს.

 

მოწოდება„დარჩით სახლში“, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სწორია, რადგან სახლში დარჩენა მინიმუმამდე დაგვაყვანინებს ინფექციის გადაცემის რისკს.

 

თუმცა, ამის პარალელურად, უნდა გავითვალისწინოთ ის საფრთხეც, რაც 2-3 თვის განმავლობაში ბავშვების სახლში გამოკეტვას ახლავს თან.

 

სკოლის ასაკის ბავშვებს გარკვეული აქტიურობა დღის განმავლობაში მაინც აქვთ, რადგან სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს და გაკვეთილებიც მოსამზადებელი აქვთ.

 

ასე რომ, ისინი დღის განმავლობაში მეტ-ნაკლებად დაკავებული არიან.

 

სკოლამდელი ასაკის ბავშვები კი, ბაგა-ბაღების დახურვის შემდეგ სულ სახლში არიან და ეს პერიოდი შედარებით უფრო მეტად სტრესულია.

 

როდესაც საფრთხეებზე ვსაუბრობთ, პირველი ეს არის სწორედ სტრესული გარემო.

 

ბავშვი ტელევიზორიდან თუ ოჯახური გარემოდან მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას იღებს.

 

ზოგადად, დღევანდელ სიტუაციას ანუ მკაცრ იზოლაციას და კარანტინს მსოფლიოს უდიდესი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი უწოდეს.

 

ადამიანებს, რომლებიც იზოლაციაში ან კარანტინში არიან, შესაძლებელია განუვითარდეთ ფსიქოლოგიური სტრესის და აშლილობის სიმპტომების ფართო სპექტრი, მათ შორის უძილობა, შფოთვა, სიბრაზე, გაღიზიანება, ემოციური გადაღლა, დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესის სიმპტომები.

 

ბავშვისთვის პოსტ-ტრავმული სტრესის გამშვებად შემდეგი ფაქტორები ითვლება: რაღაც მოხდა ბავშვთან; რაღაც მოხდა ვიღაცასთან, რომელიც ბავშვთან ახლოს არის; ბავშვი რაღაც უჩვეულოს ხედავს.

 

ეს სამივე კომპონენტი ახლა აქტიურად მოქმედებს და მათი ზეგავლენაც ბავშვებზე რეალურია.

 

თუმცა, ყველაფერი ზემოაღნიშნული ეხება მოზრდილებსაც, ამიტომ მშობლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს ნეგატიური ზეგავლენა მაქსიმალურად შეამცირონ.

 

გარდა ამისა, ბავშვის ხანგრძლივ იზოლაციას ბინის პირობებში კიდევ ერთი რისკი ახლავს: მზის სხივების და სუფთა ჰაერის მკვეთრი ნაკლებობა.

 

მზის სხივების ზემოქმედების შედეგად (პერიოდი მარტიდან მაისამდე ამისათვის იდეალური დროა) წარმოიქმნება D ვიტამინი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ძვლების და კუნთების განვითარებისთვის, იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.

 

მზის სხივები მინის მიღმა არ იძლევა D ვიტამინის წარმოქმნის ეფექტს, ვინაიდან მინა თითქმის მთლიანად ბლოკავს ულტრაიისფერ სხივებს, ამიტომ სახლში ხანგრძლივი ყოფნა ხელს უშლის D ვიტამინის პროდუქციას.

 

უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ, დღის განმავლობაში ერთი-ორჯერ 20-30 წუთის განმავლობაში ბავშვის გაყვანა ეზოში, სკვერსა თუ ბაღში, სოციალური, 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით (ნებისმიერი ადამიანი, რაოდენ ჯანმრთელადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, რისკის მატარებელია, ამიტომაა დისტანციის დაცვა აუცილებელია) საკმარისია როგორც D ვიტამინის წარმოქმნისთვის, ისე გარემოს შეცვლის და ფიზიკური აქტიურობისთვისაც.

 

კორონავირუსი ჰაერში არ დაფრინავს, ის გადაეცემა წვეთოვანი ან კონტაქტური გზით და თუ ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ, რომ ეზოში მაგიდას, სკამს, საქანელას ხელი არ მოჰკიდოს და შემდეგ ცხვირზე, თვალებზე ან პირზე არ მოისვას ხელი, დავიცავთ ელემენტარულ ჰიგიენურ ნორმებს, მაშინ ბავშვების სახლიდან გაყვანის გამო მათი დაინფიცირების რისკიც მინიმალური იქნება.

 

ერთიც უნდა დავამატოთ, სახლიდან გასვლა მშობლებისთვისაც შვება იქნება და ცოტა ხნით მაინც ჩაანაცვლებს მათ ფიზიკურად და ემოციურად მძიმე ყოველდღიურ რუტინას.

 

– რა შეიძლება გამოიწვიოს დიდი ხნით, ფიზიკური აქტივობის გარეშე, ბავშვის სახლში ყოფნამ?

 

– როდესაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ბავშვი სახლშია, მოძრაობის და ფიზიკური აქტივობის გარეშე, ის საათობით უყურებს ტელევიზორს, სმარტფონსა თუ კომპიუტერის მონიტორს, მიჯაჭვულია ეკრანზე.

 

ამის უკან ძალიან სერიოზული პრობლემები დგას: წონის მატება, ძილის დარღვევა, მხედველობის დაქვეითება, ქცევის პრობლემები.

 

ამერიკის პედიატრიის აკადემია საერთოდ კრძალავს 2 წლამდე ასაკის ბავშვების კონტაქტს ასეთ მოწყობილობებთან.

 

უნდა ითქვას, ბოლო წლებში აქტიურად განიხილავენ ამ საკითხს, როგორც დამოკიდებულების ერთ-ერთ ფორმას.

 

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა: თუ სახლში თუნდაც ერთი მწეველია, ძალიან დიდი რისკია, რომ ბავშვები პასიური, ე.წ. მეორადი მწეველები გახდნენ.

 

გარდა ამისა, როდესაც თამბაქოს მწეველ დედას ან მამას ჰგონია, რომ აივანზე გასვლით და იქ სიგარეტით მოწევით ბავშვებს საფრთხეს არ უქმნიან, ძალიან ცდებიან: მათი ტანსაცმელია საფრთხის შემცველი.

 

იქ ილექება ნიკოტინი და თამბაქოს კვამლში შემავალი სხვა ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის კანცეროგენურიც, ამიტომ თამბაქოს ასეთ ზემოქმედებას ე.წ. მესამედი მწეველობა ჰქვია. ასე, რომ სასუნთქი სისტემის დაზიანების რისკი ასეთი ოჯახების ბავშვებში ძალიან მაღალია.

 

– ვისაც ახალშობილი ჰყავს, რა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის გასეირნებისას?

 

-ახალშობილთან დაკავშირებით სუფთა ჰაერზე გაყვანა ანალოგიური წესის დაცვით უნდა მოხდეს. ძალიან ხშირად უნდა გავანიავოთ ოთახი, რომ ჰაერი გამოიცვალოს.

 

დავალაგოთ სველი წესით, სუფთა ჰაერისა და მზის სხივების შემოშვება აუცილებელია. თუ თქვენ ბავშვს გარეთ გაიყვანთ, არ აქვს მნიშვნელობა, 6 თვის არის თუ 6 წლის, წესები ერთნაირია.

 

ნებისმიერი ადამიანი, რაოდენ ჯანმრთელადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, თქვენთვის რისკის მატარებელია, ამიტომაა დისტანციის დაცვა აუცილებელი.

 

– ვის სახლსაც მზის სხივები არ ხვდება, დამატებით ვიტამინების მიცემა ხომ არ არის საჭირო?

 

-თუ სახლს მზის სხივები არ ხვდება და ვერ ახერხებთ გარეთ გაყვანას, მაშინ შეიძლება აუცილებელი გახდეს D ვიტამინის დამატებით მიცემა.

 

ზოგადად, თუ ბავშვი ბალანსირებულ კვებას იღებს, ის დამატებით ვიტამინებს ან მულტივიტამინებს არ საჭიროებს. საინტერესოა, რომ რიგ კვლევებში აღნიშნულია C ვიტამინის დადებითი ეფექტი კორონავირუსის მკურნალობაში.

 

C ვიტამინის წყაროა, მაგალითად, ფორთოხალი, ლიმონი, კივი.

 

– რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა თვითიზოლაციაში მყოფი მშობლებისადმი?

– აუცილებელია, ბავშვს მივაწოდოთ ინფორმაცია, რა ხდება და რატომ ვართ სახლში ჩაკეტილი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის ვირუსი, რომელმაც შეიძლება ცუდი ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 

აუცილებლად უნდა დაამატოთ პოზიტიური ინფორმაციაც და უნდა უთხრათ, რომ არიან ექიმები, რომლებსაც ადამიანების დახმარება შეუძლიათ და რომ ეს ვირუსი ძალიან საშიში არ არის.

 

შეიძლება სიტაუციური თამაშიც მოიგონოთ: უთხარით, რომ ეს ვირუსი შეიძლება ტელევიზორის პულტში იყოს და ჩვენ შეგვიძლია მასთან ბრძოლა.

მიეცით ბავშვს ტილო, რომელიც სადეზინფექციო სითხით იქნება დასველებული და მან თავად გაწმინდოს ტელევიზორის პულტი.

 

ჩათვალოს, რომ ისიც იღებს აქტიურ მონაწილეობას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

იგივე გააკეთებინეთ კლავიატურაზე, სმარტფონის ეკრანზე.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სველი წესით სახლის და საოჯახო ნივთების დასუფთავება/გაწმენდა ქმედითი ღონისძიებაა, ასე რომ ამაში შეგიძლიათ შვილებიც დაიხმაროთ.

 

ისინი ამას სიამოვნებით გააკეთებენ, თუ კარგად აუხსნით, რატომ არის მსგავსი ქმედება საჭირო.

 

– როგორია თქვენთან ბავშვთა მომართვიანობა და ძირითადად რა ჩივილიებით მოდიან?

 

– მომართვიანობა ყველა პედიატრიულ მულტიპროფილურ კლინიკაში ორი მიზეზის გამოა შემცირებული: ერთი, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ქალაქგარეთაა გასული და მეორე, მშობლები გარკვეული მიზეზების გამო სამედიცინო დაწესებულებაში ბავშვის მიყვანას ერიდებიან და სატელეფონო კონსულტაციას მიმართავენ.

 

ჩვენს კლინიკაში ფართოდ დაინერგა სატელეფონო და ვიდეო კონსულტაცია.

 

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში კლინიკაში ვიზიტი აუცილებელია.

 

მაგალითად, როდესაც ბავშვს ტრავმა აქვს, სჭირდება ქირურგიული ჩარევა, ნევროლოგის, ნეფროლოგის, კარდიოლოგის დახმარება და ასე შემდეგ.

 

იაშვილის კლინიკა(და ასე იქცევა ყველა პედიატრიული მრავალპროფილიანი საავადმყოფო), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, პაციენტების ნაკადს ძალიან მკაცრად აკონტროლებს.

 

მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული სივრცე, სადაც შეიძლება პაციენტი ხველითა და ცხელებით მოხვდეს.

 

ბავშვის, რომელსაც სრულიად სხვა მიზეზების გამო მოვიდა კლინიკაში, მაგალითად ტრავმატოლოგის ან ნევროლოგის დახმარება დასჭირდა, იმ პაციენტებთან შერევა, რომლებსაც ცხელება ან სასუნთქი გზების დაავადების რაიმე ნიშანი აქვთ, არ ხდება.

 

შესაბამისად, ვერც ერთი პაციენტი, რომლებსაც ინფექციის გადაცემის თუნდაც ძალიან მცირე რისკი აქვთ, ვერ მოხვდება ამბულატორიულ სივრცეში.

 

სტაციონარში კი პაციენტების განთავსება მხოლოდ დამატებითი შემოწმების დაგადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის გავლით ხდება.

 

იმედი გვაქვს, რეკომენდაციების მკაცრი შესრულებით, სამედიცინო პერსონალის მიერ დაცვის ინდივიდუალური საშუალებების სწორად გამოყენებით შევძლებთ ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების შემცირებას.

 

წყარო: Mshoblebi.ge

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X