fbpx
16:58 | 2020-10-16 ავტორი: Prime Time

ბათუმში დაშავებული 3 წლის ბავშვის დედა: „ოპერაცია უნდა გაუკეთდეს“

ბათუმში დაშავებული 3 წლის ბავშვის დედა:  „ოპერაცია უნდა გაუკეთდეს“

გუშინ ბათუმში თამარის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი წლის ბავშვი დაშავდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. დაშავებული მცირეწლოვანი თავდაპირველად ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მოათავსეს. თუმცა შესაბამისი ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელი გახდა პაციენტის თბილისში რეფერირება.

 

როგორც ბავშვის დედა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, ამ პროცესს რამდენიმე საათიანი ლოდინი დასჭირდა, რადგან დაყოვნების მიზეზად ჯერ თავისუფალი რეანომობილი, ბოლოს კი პედიატრ-რეანიმატოლოგის არარსებობა დასახელდა.

 

„საღამოს ექვსის ნახევრიდან ღამის თორმეტ საათამდე რეანომობილს ველოდებოდით. ჩემს შვილს ბარძაყის ძვალი გატეხილი აქვს, მუხლი, ლავიწის ძვალი და ასეთ მდგომარეობაში ექვს საათზე მეტ ხანს ველოდებოდით რეფერირებას.

 

მე არ მითხოვია გადაყვანა, თვითონ მითხრეს, ოპერაციის გაკეთებაა საჭირო, კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება და ადგილზე ამის სშუალება არ არისო. არანაირი პრეტენზია არ მაქვს იმ ექიმის მიმართ, ვინც მიიღო ჩემი შვილი ბავშვთა საავადმყოფოში. ყველაფერი გაუკეთა, რაც შეეძლო. მაგრამ გადასაყვნი იყო ბავშვი თბილისში. ღამის თორმეტის ნახევარზე მოვიდა რეანომობილი. ისიც მას შემდეგ, როცა ყველა ჩემი ახლობელი უკავშირდებოდა პირადი კონტაქტებით თუ ისე, ყველა შესაბამის სამსახურს. და ბოლოს, არ აღმოჩნდა ექიმი, რომელიც თბილისში გაყვებოდა პაციენტს.

 

როცა ყველა საშუალებას მივმართეთ, ჟურნალისტებს დავუკავშირდით, მხოლოდ ამის შემდეგ როგორც იქნა გადაგვიყვანეს თბილისში. ამჟამად ბავშვი სტაბილურადაა. ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, ოღონდ ჯერ არ არის დაგეგმილი, ცოტა უნდა მომჯობინდეს“ – აცხადებს დედა.

 

ამჟამად სამი წლის მცირეწლოვანი ბავშვი თბილისში „ნიუჰოსპიტალში“ არის მოთავსებული.
როგორც კლინიკის ბავშვთა ინტენსიური განყოფილების ექიმი გიორგი კვიცინაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

 

„პაციენტი პოლიტრავმით მოთავსებულია ბავშვთა ინტენსიურ განყოფილებაში. აღენიშნება ქვედა კუდურების და ლავიწის ძვლების მოტეხილობა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. სხვა დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით“ – აცხადებს გიორგი კვიცინაძე.

 

ინფორმაციის გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დავუკავშირდით. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთიბის სამსახურში გვითხრეს, თავდაპირველად კლინიკა კერძო რეფერირების სამსახურს დაუკავშირდა.

 

„კერძო რეფერირების სამსახური ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში. შემთხვევა გადაეცა კერძო რეფერირების სამსახურს. კლინიკა დაუკავშირდა მათ. როგორც ვიცი, თავისუფალი პედიატრ-რეანიმატოლოგი არ იყო და ამიტომ გაჭიანურდა ბავშვის გადაყვანა. როგორც კი ჩვენ დაგვიკავშირდნენ და ჩვენთვის გახდა ცნობილი აღნიშნული ფაქტი, დაუყოვნებლივ, უმოკლეს დროში მოვახდინეთ რეაგირება და განხორციელდა პაციენტის გადაყვანა თბილისში“ – აცხადებენ უწყებაში.

 

კერძო რეფერირების სამსახური სამედიცინო კორპორაცია ევექსს ეკუთვნის.

 

რაც შეეხება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ უმოკლეს ვადაში მოხდა კატასტროფის ბრიგადით, რეანიმატოლოგის თანხლებთ, ბავშვის თბილისში გადაყვანა.

 

„შემოვიდა შეტყობინება ოჯახის ახლობლისაგან ბავშვის თბილისში გადაყვანასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელისგან გახდა ჩვენთვის ცნობილი, პაციენტი იყო სამი წლის, ავარიის შედეგად მრავლობითი მოტეხილობებით. გამოძახებული იქნა კატასტროფის ბრიგადა. თუმცა ბრიგადა მოვიდა რეანიმატილოგის გარეშე, რამაც შექმნა პრობლემა ბავშვის გადაყვანასთან დაკავშირებით. კლინიკამ გამოყო თავისი რეანიმატოლოგი და უმოკლეს ვადაში მოხდა კატასტროფის ბრიგადით, რეანიმატოლოგის თანხლებით, ბავშვის გადაყვანა თბილისში”- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X