fbpx
17:00 | 2020-07-20 ავტორი: Prime Time

ბათუმის კულტურული მემკვიდრეობა – განძი, რომელსაც მოვლა სჭირდება

ბათუმის კულტურული მემკვიდრეობა – განძი, რომელსაც მოვლა სჭირდება

ბათუმის მიმზიდველობას, გარდა იმისა, რომ ის შავი ზღვის სანაპიროზეა განაშენიანებული, მისი ძველი არქიტექტურაც განაპირობებს.

 

დღემდე ქალაქს არაერთი შენობა–ნაგებობა შემორჩა, რომლებიც საუკუნეზე მეტს ითვლის. ზოგიერთ მათგანს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული აქვს, თუმცა ყველას – არა.

 

ამ შენობების უმეტესობა საცხოვრებელი სახლია და იქ მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება სურს, რადგან სახლები სავალალო მდგომარეობაშია.

 

სწორედ ამ გარემოებას იყენებენ სათავისოდ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც საუკუნოვან ისტორიულ შენობებს ანგრევენ და მათ ნაცვლად მრავალსართულიან კორპუსებს აშენებენ.

 

ისტორიული და კულრუტული მნიშვნელობის მქონე შენობების ნგრევას და ქალაქის ქაოსურ განაშენიანებას მუდმივად აპროტესტებს საზოგადოება „ბათომი“. მისი ერთ–ერთი დამფუძნებელი, რეჟისორი შოთა გუჯაბიძე ისტორიული ქალაქის იერსახის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური დამცველია.

 

ამ აქტუალურ თემაზე „პრაიმტაიმს“ კითხვებს შოთა გუჯაბიძე პასუხობს.

 

 

– რატომ ვუწოდებთ ბათუმს ისტორიულ ქალაქს?

 

– ქალაქის ისტორიულობას განაპირობებს მისი ისტორიული განაშენიანება. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ ასი წლის ხანდაზმული განაშენიანებაა. შესაბამისად, ეს უკვე არის შენი დაცვის ობიექტი და მას იცავს საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

 

– მაინც რის გამო იცავს კანონი ამა თუ იმ ობიექტს?

 

– კანონი ნაგებობას იცავს რამდენიმე ფაქტორის გამო. ყველაზე აღმატებული ხარისხია, როცა ობიექტს უკვე მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. არსებობს ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის ზონები. ფიზიკური დაცვა ნიშნავს, რომ შენობა დაცულია გარეშე ზემოქმედებისგან. ასეთი შენობის დანგრევა, დაზიანება, მასზე რაიმეს მიშენება ან დაშენება, დანაშაულია. არის ვიზუალური დაცვის ზონა, რაც ნიშნავს, რომ ამ შენობიდან 300 მეტრის რადიუსში არ უნდა აშენდეს ისეთი ნაგებობა, რომელიც ძეგლს დაჩრდილავს, დააკნინებს. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ტერიტორიაზე ვიზუალური დაცვის ზონა განახევრებულია და გულისხმობს 150-მეტრიან რადიუსს.

 

ქაშვეთის ეკლესია გერმანელი ლუთერანის აშენებულია  - მკვლევარი-გიდი
2020-07-04ქაშვეთის ეკლესია გერმანელი ლუთერანის აშენებულია - მკვლევარი-გიდი

 

– გამოდის, რომ ბათუმში, ფაქტობრივად, ყველა შენობა დაცვის ზონაშია მოქცეული?

 


– კი, პრაქტიკულად, მთელი ქალაქია მოცული, თუმცა ეს ამ ნაგებობებს ყოველთვის ვერ იცავს. როდესაც ქალაქის ხელისუფლება ასეთ ზონაში გასცემს მშენებლობის ნებართვას, თითქმის ყველა შემთხვევაში კანონი არის დარღვეული. ეს არის მავნებლობა და პირდაპირ ვიტყვი, რაღაც მაფიაა, რომელიც სულ მავნებლურ გადაწყვეტილებებს იღებს.

 

– ანუ თქვენი აზრით, კანონი არსებობს, მაგრამ პრობლემა მისი აღსრულებაა?

 

– დიახ. ჩვენ ვეუბნებით, რომ ასე არ შეიძლება, ეს უკანონობაა, ვაპროტესტებთ, ვითხოვთ სამართლებრივად. სამწუხაროდ, შედეგს ძალიან იშვიათად ვაღწევთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოების მაღალი ჩართულობაა. საბოლოო ჯამში, მაინც ადამიანების რაოდენობა ხდება გადამწყვეტი და არა ის, რომ შენ მართალი ხარ და კანონი პირდაპირ გეუბნება, რა შეიძლება და რა – არა.~

 

ხშირად ახერხებთ საზოგადოების მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფას?

 

– ყოველთვის ვერა. ზოგჯერ საერთაშორისო მხარდაჭერაც გვქონდა და ხელისუფლება ამასაც არ მორიდებია. მაგალითად, არის ძველი სასტუმრო „ვერსალი“. ამ შენობაზე რაღაცის დაშენება უნდოდათ. უკვე გაცემული იყო ნებართვაც. მოვახერხეთ, მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობისა და საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგად, რომ გადაწყვეტილება გაეუქმებინათ.

 

– როგორ მოხდა ძველი ბათუმის საზღვრების დადგენა?

 

– ამას ადგენენ სპეციალისტები. ჩვენს შემთხვევაში, ძველი ბათუმის ისტორიული საზღვრების დადგენაზე იმუშავა კომპანია „გეოგრაფიკმა“. ამაზე დაიხარჯა ფული ბიუჯეტიდან. დოკუმენტის პროექტი არსებობს, თუმცა დამტკიცებული არ არის. სპეციალისტების მიერ შედგენილი დოკუმენტიდან ლაშა კომახიძემ (უკვე ყოფილმა მერმა), თვითნებურად ამოიღო რამდენიმე ტერიტორია, რომლებზეც კერძო კომპანიებს თვალი ჰქონდათ დადგმული. ერთ-ერთ ამ ტერიტორიაზე, რომელსაც „ბათუმის რივიერად“ მოვიხსენიებთ, ითხოვდა ექვსი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვას „სილქროუდი“. სწორედ ამიტომ კომახიძემ ჩუმად ამოიღო ეს ლოკაცია დოკუმენტიდან და ბათუმის საკრებულოს ასე შეცვლილი სახით წარუდგინა. საკრებულომ შეითანხმა და მოიწონა დოკუმენტი. ამის შემდეგ დოკუმენტი გადაეგზავნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც მის დამტკიცებაზე უარი თქვა. ამ ეტაპზე ჩვენ სარჩელი გვაქვს შეტანილი, თუმცა ჯერ არავის განუხილავს.

წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა და ისტორიის განადგურება დაფიქსირდა - ტიგინაშვილი
2020-07-19წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა და ისტორიის განადგურება დაფიქსირდა - ტიგინაშვილი

 

– ვიცი, რომ ხშირად ამ ისტორიულ შენობებში, როლებიც ძალიან დაზიანებულია, ადამიანები ცხოვრობენ. ისინი თვითონ ეძებენ ინვესტორს, რომელიც მათ საცხოვრებელს დაანგრევს და ახალი ფართით დააკმაყოფილებს. რა მექანიზმებია საჭირო, რომ მოქალაქემ იცოდეს, როგორ აქციოს თავისი ისტორიული საცხოვრებელი შემოსავლის წყაროდ?


– 
სახელმწიფომ უნდა შეასრულოს სწორედ ეს ფუნქცია. შეიძლება ერთმა კონკრეტულმა მოქალაქემ არ იცოდეს, როგორი განძის მფლობელია. ამიტომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მიდგომა, რომ მემკვიდრეობა არის განძი, რომელმაც უნდა გვარჩინოს. ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში. სამწუხაროდ, ბათუმში თითქმის ყოველ დღე ინგრევა შენობები, რომლებმაც უნდა მოიზიდოს ტურისტები და ქალაქი კიდევ უფრო მიმზიდველად აქციოს. ამ შენობების რესტავრაცია უწყვეტ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს.

 

– ხომ ჩაუტარდა რესტავრაცია რამდენიმე ნაგებობას?

 

– აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ეს კარგი ამბავიც. ბოლო 2-3 განმავლობაში რესტავრაცია ჩაუტარდა ექვსს სახლს. ეს გაკეთდა ხელისუფლებისა და ფონდი „ქართუს“ ერთობლივი ძალისხმევით. გარდა ამისა, შარშან საააგენტოში 22 ნაგებობა იყო წარდგენილი ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე. როგორც მახსოვს, ოთხის გარდა, ყველას მიენიჭა ძეგლის სტატუსი. ახლა ეს ოთხი შენობაა საფრთხის ქვეშ და მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ, რომ არ დაანგრიონ ან არ დააზიანონ.

 

– რესტავრაცია საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. შესაძლოა ქალაქის ბიუჯეტი არ გასწვდეს…

 


– დიახ, ძვირი ჯდება, თუმცა ყოველწლიურად რამდენიმე სახლზე მაინც შეიძლება მუშაობა. ეს მომგებიანიც კი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით. წარმოიდგინეთ დასაქმებული გყავს ადგილობრივი მუშახელი, ამ მუშახელს სჭირდება სპეციალური ცოდნის მიცემა, უნდა გაკეთდეს ადგილობრივი მასალებისგან რაღაც დეტალები და ა. შ. მოკლედ, ბათუმის ძველი არქიტექტურა, ბათუმური ეზოები შეიძლება ძალიან მომგებიანი გახდეს ადგგილობრივებისთვის, თუ ხელისუფლებას და საზოგადოებას სწორი მიდგომა ექნება.

 

მაზნიაშვილის 14 – ფოტო: შოთა გუჯაბიძე

ახვლედიანის 17 (დანგრეულია) – ფოტო: შოთა გუჯაბიძე

აბაშიძის 11 (დააშენეს) – ფოტო: შოთა გუჯაბიძე

ყაზბეგის ქუჩა – ფოტო: შოთა გუჯაბიძე

კლდიაშვილის 25( დაანგრიეს) – ფოტო: შოთა გუჯაბიძე

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time
X