23:35 | 2021-07-17 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ბათუმელი გოგო, რომელმაც პოლიციელი დაწყევლა, მოსამართლემ გაამართლა

ბათუმელი გოგო, რომელმაც პოლიციელი დაწყევლა, მოსამართლემ გაამართლა

„წყევლა, როგორც სასამართლო დავის საგანი. სიტყვიერი შეურაცხყოფა ცოტა ხნის წინ მოქალაქემ პოლიციელს მიაყენა. სამართალდამცავმა, რომელიც მას პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო აჯარიმებდა, საკუთარი უფლებების დასაცავად მართლმსაჯულებას მიმართა. მერი მამუკაშვილის წყევლა მოსამართლემ გამოხატვის თავისუფლებად შეაფასა.“ – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია TV25 ავრცელებს.

 

„ისეთ ცუდ დღეში ჩავარდით, როგორშიც ჩვენ გვაგდებთ“ – ამ სიტყვებით დაწყევლა პოლიციელი, მოქალაქემ, რომელსაც პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის აჯარიმებდნენ. ამის გამო, სამართალდამცავმა მერი მამუკაშვილს სასამართლოში უჩივლა.

 

მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებას“ გულისხმობს. მოსამართლე როინ კახიძემ, მამუკაშვილი გუშინდელ სასამართლო პროცესზე გაამართლა.

 

ფაქტი, 15 მაისს, ბათუმის ბულვარში მოხდა. მერი მამუკაშვილის გაღიზიანება პოლიციელების დამოკიდებულებამ გამოიწვია. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ სამართალდამცველებს მათ უსაფრთხოებაზე ეზრუნათ, ფიქრი ჯარიმის გამოწერაზე დაიწყეს.

 

მერი მამუკაშვილი „გირჩის“ მხარდამჭერია და მას სასამართლო პროცესზე პარტიის იურისტი ბადრი გრიგალაშვილი იცავდა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X

error: Content is protected !!