fbpx
12:47 | 2020-11-20 ავტორი: Prime Time

ბარსელონას, იუვენტუსის და ბაიერნის კვალდაკვალ – რატომ არის ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ წარმატება ასე მნიშვნელოვანი (მიმოხილვა)

ბარსელონას, იუვენტუსის და ბაიერნის კვალდაკვალ – რატომ არის ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ წარმატება ასე მნიშვნელოვანი (მიმოხილვა)

19 ნოემბერი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. ამ დღეს ქართველმა ფეხბურთელებმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

 

თუმცა, ისტორია დაწერეს არა კაცმა, არამედ ქალმა ფეხბურთელებმა. ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ რუმინეთში ადგილობრივ „ოლიმპია კლუჟს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 გაიმარჯვა.

 

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა. მანვე შეასრულა დუბლი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური „ოკჟეტპესის​“ წინააღმდეგ, რის შემდეგაც გურულები საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით რაუნდში აღმოჩნდნენ.

 

 

 

 

ალბათ, ბევრი ქართველი ამ დრომდე ვერ იაზრებს თუ რამხელა წარმატებასთან გვაქვს საქმე. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ქართველი ქალი ფეხბურთელები ისეთი გუნდების კვალდაკვალ ითამაშებენ, როგორებიც არიან – ბარსელონა, პსჟ, ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, ჩელსი, იუვენტუსი, ლიონი, ვოლფსბურგი, ატლეტიკო, ფიორენტინა, აიაქსი, პსვ და სხვები.

 

საერთო ჯამში ფინალურ ეტაპზე 22 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, „ლანჩხუთის“ მეტოქე კი 24 ნოემბერს გახდება ცნობილი. სწორედ ამ დღეს ჩატარდება 1/16 ფინალის წილისყრა, სადაც ქალი ფეხბურთელების მეტოქე გახდება ცნობილი. თამაშები ამჯერად ორრაუნდიანი იქნება. პირველი ეტაპი 8-9 დეკემბერს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 15-16 დეკემბერს ჩატარდება.

 

 

 

შეიძლება „ლანჩხუთისგან“ ამ ეტაპზე ბევრს ვერაფერს ველოდოთ და ამის პრეტენზია ობიექტურადაც არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ვინც არ უნდა იყოს ქართული კლუბის მეტოქე, ეს ორი შეხვედრა გურულებისთვის და ზოგადად ქართველი ქალი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ დიდი გამოცდილება იქნება.

 

 

ავტორი: Prime Time
X