22:34 | 2020-05-14 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„ავადმყოფობის გამო სიარულიც უჭირს“ – მარტოხელა კაცი მძიმე ისტორიით, უკიდურეს გაჭირვებას ებრძვის

„ავადმყოფობის გამო სიარულიც უჭირს“ – მარტოხელა კაცი მძიმე ისტორიით, უკიდურეს გაჭირვებას ებრძვის

ბელიაშვილის ქუჩაზე, ყოფილ პროფსასაწავლებლის ეზოში ერთი პატარა ოთახია. დაზიანებული კედლების მიღმა კიდევ უფრო შელახული კედლები, იატაკი და ჭერია. ამ ოთახის ბინადარი, დევნილი დავით გულედანია.

 

38 წლის არის, თუმცა გაჭირვებამ და ავადმყოფობამ ნაადრევად დააბერა. უკვე წლებია ახალგაზრდა კაცი ცხოვრებისეულ სირთულეებსა და სიღატაკეს ებრძვის…

 

გულრიფშის რაიონში დაიბადა. შვიდი დედმამიშვილიდან მეექვსეა. ომის დაწყებამდე იქ იყო. მერე, როცა სიტუაცია დაიძაბა და სახლის დატოვება გადაწყვიტეს, ბრმა ტყვია მოხვდა.

 

სიკვდილს ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან. მაშინ 14 წლის იყო. მერე იძულებით დაატოვებინეს სოფელი. ოჯახთან ერთად ჭუბერის უღელტეხილით მესტიაში გადმოვიდა.

 

წელიწადზე მეტი იქ იცხოვრა, ახლობელმა შეიფარა. მერე გაჭირვებას ჯერ ჭიათურაში, იქიდან კი თბილიში გამოექცნენ. ახსოვს დიდი გაჭირვება და ბრძოლა არსებობისთვის.

 

ბოლოს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე, ყოფილ პროსასწავლებლის შენობას შეაფარეს თავი.

 

„მამამ დარაჯად დაიწყო მუშაობა. გვიჭირდა, მაგრამ პურის ფული მაინც გვქონდა. ვისაც ახსოვს თონეში ტალონების რიგები და კუპონების პერიოდი, იმისთვის ადვილი გასაგები იქნება რა საშინელი პერიოდი გავიარეთ…

 

მერე როცა მივხდი, რომ მუშაობა უნდა დამეწყო არც დავფიქრებულვარ, მშენებლობაზე წავედი. „რასტორზე“ დავიწყე მუშაობა, ფულს დღიურად მიხდიდნენ.

 

იმდენად მძიმე იყო პატარა ბიჭისთვის ეს სამუშაო, რომ ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა.“ – ამბობს დავით გულედანი.

 

ორი ოპერაცია გაუკეთდა, ნაწლავებზე აქვს პრობლემა. ახლა იმდენად დაუძლურებულია, რომ სიარულიც უჭირს. დავალიანების გამო ჩაჭრილი აქვს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

 

მისი ერთადერთი შემოსავალი დევნილობის დახმარებაა. წინასწარ გამოტანილი თანხის გამო, ყოველთვიურად მხოლოდ 30 ლარს იღებს. ფართი, სადაც ცხოვრობს, იპოთეკით არის დატვირთული.

 

პირად ცხოვრებაზე საუბარი უჭირს. 18 წლის იყო გოგონა, რომ გააცნეს და მასზე დაქორწინდა. გარიგებით შექმნილი ოჯახი 18 წლის შემდეგ დაინგრა.

 

ამბობს, რომ ამ ქორწინებას სამი ნათელი წერტილი აქვს – შვილები. მისმა ყოფილმა მეუღლემ სხვა ოჯახი შექმნა. გული სწყდება, რომ შვილები იშვიათად ნახულობენ…

 

დავითის დედმამიშვილებიდან ორი ცოცხალი აღარ არის, დანარჩენებიც სოციალურად დაუცველები არიან და ყველა გადარჩენისთვის იბრძვის.

 

ნანა გულედანი ძმას გვერდით შეძლებისდაგვარად უდგას, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ არის.

 

„ყველას გვიჭირს, შეძლებისდაგვარად ვეხმარებით, მაგრამ ყოველთვის ვერა. ხშირად არის დღეები, როდესაც დათოს პურის გარდა არაფერი ჰქონია. ხან მშიერსაც დაუძინია…

 

მჯერა, რომ კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებიც ჩემს ძმას შეუმსუბუქებენ ყოფას… მისი დღევანდელი ცხოვრება გაუსაძლისია.

 

 

იყო დრო, როცა იმის გამო, რომ მის ცოლ-შვილს არაფერი მოაკლებოდა, მინდორში ჯართს აგროვებდა.

 

წლების განმავლობაში მძიმე სამუშაომ თავი იჩინა.

 

ხანდახან იმდენად ცუდად არის, რომ ქვედა კიდურები უბუჟდება და სიარული უჭირს.

 

ბოლო ოპერაცია რამდენიმე თვის წინ გავუკეთეთ, ნაწლავების გადახლართვა ჰქონდა.

 

საშუალება რომ არ გვქონდა, ექიმის გამოწერილი მედიკამენტები ვერ მივეცით. თუ ღმერთის და კეთილი ადამიანების დახმარებით გამოკვლევა მაინც ჩავუტარეთ, გავიგებთ ახლა რა მდგომარეობა აქვს.

 

ერთადერთი შშმ პირის სტატუსი არ აქვს თორემ ყველაფერი სჭირს“ – ამბობს დავითის და და თვალზე ცრემლი ადგება.

 

ნანა გულედანი ამბობს, რომ მისი ძმა ყოფილმა მეუღლემ გაძარცვა და სახლიდან გაიპარა.

 

„დათოს ცოლ-შვილს არაფერი აკლდათ. ერთ დღესაც ჩემი ყოფილი რძალი სახლიდან წავიდა და გათხოვდა. ბავშვებს მამა შეაძულა.

 

გაიტაცა ქონება და ყველაფერი. ჩემი ძმა გაუბედურებულ მდგომარეობაში დატოვა.“ – აცხადებს ნანა გულედანი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

X