20:01 | 2020-06-08 ავტორი: თამარ გონგაძე

“ავადმყოფი კაცი ვარ… ცოლად უნდა გამომყვე-მეთქი” – გიგა ლორთქიფანიძის უკანასკნელი ინტერვიუ

“ავადმყოფი კაცი ვარ… ცოლად უნდა გამომყვე-მეთქი” – გიგა ლორთქიფანიძის უკანასკნელი  ინტერვიუ

ეს არის გიგა ლორთქიფანიძის ბოლო ინტერვიუ, რომელიც რეჟისორმა გაზეთ “პრაიმტაიმს” საწოლზე მიჯაჭვულა მისცა. იყო გულწრფელი და ცოტა სევდიანი, როგორც ასეთ დროს არიან ხოლმე.

 

2013 წლის იანვრის ბოლოს ჩავწერე, უკვე ორი თვის ჩაწოლილი იყო. ინტერვიუს მოცემაზე არ უყუყმანია, პირიქით, მოწესრიგებულიც კი დამხვდა. იქვე, საწოლზე, თვალი ელექტრო საპარსისკენ გამექცა. თავი ყოველდღე მომყავს ფორმაშიო, მიმიხვდა…

 

როგორც ჩანს, ინტელიგენტობას ავადმყოფობაც ვერ ერევა. ფეხმა უმტყუნა, მარცხენამ, რომელმაც ამდენი წელი უერთგულა და რეჟისორი უმოქმედო გახადა. 19 ოქტომბერს 85 წლის გახდა. ნერვები მეშლება, რომ ვწევარ და უმოქმედოდ ვარო, დარდიც გაგვიზიარა.

 

„ბევრი რამის გადაღება მინდა, მაგრამ არ ვიცი, მოვასწრებ კიი?“… ვეღარ მოასწრო. ვერც ლეგენდარული დათა თუთაშხიას დაკრძალვას დაესწრო, არ შეეძლო. რეჟისორი სუნთქვის უკმარისობის დიაგნოზით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, 13 ივნისს კი გარდაიცვალა…

 

2020-06-05"ბევრმა არც იცის, რომ კახის ძმა ოპერის მომღერალია, ეს არ მწყინს" - იმერ კავსაძე იუბილარ ძმაზე

 

“ყოველ ღამე მესიზმრება…”

გიგა ლორთქიფანიძე: – ასაკს კარგის მეტი არაფერი მოაქვს. პროფესიაში გამოცდილი და ძლიერი ხდები. მაგრამ სიბერისკენ წასვლის მომენტი დგება. უკვე წავედი სიბერისკენ… ეს, ორი-სამი წელიწადია ვიგრძენი. ფიზიკურად აღარ შემიძლია, რომ ძველებურად აქტიური ვიყო. განუწყვეტლივ, ყოველ ღამე მესიზმრება, რომ ან ჩემი ფილმების გადაღებაზე ვარ, ან თეატრში რეპეტიციაზე. დღეს ამით ვცხოვრობ.

 

სიყვარული…

 

„ჩემი და ქეთინოს სიყვარულის ისტორია ცოტა უცნაურია. ქეთინოზე 12 წლით უფროსი ვარ. როცა გავიცანი იმ დროს უკვე ცნობილი რეჟისორი ვიყავი, ინსტიტუტშიც ვასწავლიდი, ქეთინო მესამე კურსის სტუდენტი იყო. პირველად, მიშა თუმანიშვილის სპექტაკლში ვნახე – გამხდარი, სიფრიფანა, ლირიული, რაღაც საოცრება… გამოვედი და ვთქვი, ეს ქალი უნდა შევირთო-მეთქი. და ასეც მოხდა. მაშინ გოგოს რესტორანში წაყვანა გამორიცხული იყო. კინოში დავდიოდით, ფილმებს ვნახულობდით და სახლში ვაცილებდი. ბორჯომელია და თბილისში ნათესავთან ცხოვრობდა. ერთ მშვენიერ დღეს, სახლამდე რომ მივაცილე, ვუთხარი: მე ავადმყოფი კაცი ვარ, ამდენი სიარული კი არ შემიძლია, ცოლად უნდა გამომყვე-მეთქი. მაშინვე დამთანხმდა. ეტყობა იფიქრა, ეს ისეთი ტიპია, მეორეჯერ არ მეტყვისო.

 

30 წლის ვიყავი… გაგვიჩნდა ქალიშვილები, მერე გვეყოლა შვილიშვილები, უკვე შვილთაშვილები გვყავს. მესამე ქალიშვილი, მაიკო რომ დაიბადა, მოსკოვში ვდგამდი სპექტაკლს. ქეთინომ შემატყობინა… ჩამოვედი და ქუჩაში იაშა ტრიპოლსკი შემხვდა, შვილი გამიჩნდა-მეთქი. გოგოა თუ ბიჭიო? მესამეც გოგოა-მეთქი. ის დროა, ისევ უკან მოსკოვში მიდიოდეო, მეხუმრა. ქეთინომ ძალიან განიცადა, რომ მესამეც გოგო შეგვეძინა. მე არა, შვილი – შვილია.

 

„ძალიან ცუდად ვარ... რა ცუდია, ყველაფერი გტკივა და არ კვდები“ - სესილია თაყაიშვილის უკანასკნელი თხოვნა
2020-06-03„ძალიან ცუდად ვარ... რა ცუდია, ყველაფერი გტკივა და არ კვდები“ - სესილია თაყაიშვილის უკანასკნელი თხოვნა

 

– სიყვარული რა არის?

 

– იმ ადამიანის ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანი ხდება შენთვის, ვიდრე საკუთარი. რომ არ ეთქვათ, ცოლი ათამაშა თავის სპექტაკლებშიო, ნაკლებად ვაკავებდი როლებზე. გარდა იმისა, რომ კარგი მეუღლე, დედა და ბებიაა, კარგი მსახიობია. მართალი მსახიობია. 55 წელი გავატარეთ ერთად. ამ ხნის განმავლობაში იყო უთანხმოებაც, ეჭვიანობაც… ამის გარეშე არც არის საინტერესო. ეჭვიანობა ორივეს მხრიდან იყო. ერთხელ სახლიდან გაიქცა. მივაკითხე და წამოვიყვანე. ამდენი წლის მერე უკვე იმდენად ახლობლები ხდებით ერთმანეთისთვის, რომ ურთიერთობის გარკვევის დრო აღარ არის.

 

ხულიგნობა პროტესტის ნიშნად

 

„ბავშვობაში ვერის აბანოს უკან, ერთ პატარა ქუჩაზე, აგურის კედლის იქით, შავი თუთის ხე იდგა. ძალიან მინდოდა თუთა და კედელზე ავძვერი… მოულოდნელად აგური მოწყდა, გადმოვვარდი და მომტყდა ფეხი, განგრენა დამემართა და მარჯვენა ფეხი 12 წლის ასაკში დავკარგე. მაგრამ ამ ამბავს არ შევგუებივარ. ფიზიკურად ვშრომობდი, ერთი დღე არ დამისვენია. ახლა წამაქცია, 85 წლის ასაკში… ის ჯანმრთელი ფეხი გადაიღალა, ამდენი წელი მასზე რომ იყო დატვირთვა.

 

წოლამ ძალიან დამჩაგრა. პასიური მდგომარეობა არაორგანულია ჩემთვის. ნერვებს ვერ ვთოკავ… მაშინ გამიჩნდა პროტესტის გრძნობა. ქუჩაში ყავარჯნით (მაშინ პროთეზი არ იყო, მოგვიანებით გავიკეთე) დავდიოდი და ხალხს რომ ვეცოდებოდი, ვერ ვიტანდი. საკმაოდ კარგი შესახედაობის ბიჭი ვიყავი და სიბრალულზე თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი. ამიტომ, პროტესტის ნიშნად, ფაქტობრივად „ხულიგნობა“ დავიწყე. არ მინდოდა ვინმეს შევცოდებოდი და თავდაცვის ასეთი გზა ვარჩიე. ისეთი აუტანელი მოწაფე გავხდი, სკოლებიდან მაგდებდნენ. შვიდი სკოლა გამოვიცვალე. ჩხუბი, აყალ-მაყალი, გაკვეთილის არევა…

 

ჩემი და, მარიკა ლორთქიფანიძე, ხუთი წლით უფროსია ჩემზე. ის ფრიადოსანი იყო. ერთხელ ოთხი დაუწერეს და ისეთი ისტერიკა ჰქონდა, ორ ქალს მოჰყავდა. ამ დროს მე სკოლას ვიკლებდი. ერთხელ დამრიგებელმა დედაჩემი ერთ მასწავლებელს გააცნო და უთხრა – ეს მარიკა და გიგა ლორთქიფანიძეების დედააო. „ორივესიო? მამაც ერთი ჰყავთო?“ – ვერ დაიჯერა, რომ ჩვენ ერთი მშობლების შვილები ვიყავით. სკოლა სოფელ ქვიტირში დავამთავრე. თბილისში აღარ მედგომებოდა.”

 

როგორ გაატარა კარანტინის დღეები ბუბა კიკაბიძემ
2020-05-28როგორ გაატარა კარანტინის დღეები ბუბა კიკაბიძემ

 

ევგენი მიქელაძე – ბიძა

“თეატრალურში კი ძირფესვიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, იმდენად გატაცებული ვიყავი ჩემი მომავალი პროფესიით. მანამდე დირიჟორობაც მინდოდა. დედის ძმა ევგენი მიქელაძე იყო. ჩემს მუსიკალურ მონაცემებზე დიდი წარმოდგენის იყო, ნიჭიერად მთვლიდა. „ონ ბუძეტ დირიჟორამო“,- ამბობდა. მე და მარიკა მის რეპეტიციებს ვესწრებოდით. ერთხელ „ლატავრას“ გენერალურ რეპეტიციაზე სახეშეშლილი ადმინისტრატორი შემოვიდა – ევგენი სიმიონოვიჩს კითხულობენო. ბიძაჩემი მიხვდა, ცუდად იყო საქმე, ჩეკისტები ეძებდნენ. შემოვიდნენ და გაიყვანეს… ათი წლის ვიყავი, ბოლომდე ვერ მივხვდი, რა მოხდა. მარიკა მიხვდა და კივილი ატეხა. მამა უკვე დაპატიმრებული გვყავდა… ჟენია უცნაური ღიმილით მოგვიბრუნდა, ქეთუსიას (ცოლს) შეატყობინეთო. მარიკამ ხელი დამტაცა და მაჩაბლის ქუჩის ბოლოსკენ გავიქეცით. სახლთან რომ მოვედით, ქეთუსია ორახელაშვილი უკვე დაპატიმრებული ჩამოჰყავდათ… რთული ცხოვრება გავიარეთ, მაგრამ სიძულვილი არასდროს მქონია. მიყვარდა ადამიანი და ხელოვნება“.

 

ნოდარ დუმბაძე

 

„ქართულ თეატრში ნოდარ დუმბაძის “მოყვანა”, დადგმა, ჩემი ინიციატივა იყო. პირველად მე დავდგი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ – ეს გასაგიჟებელი ნაწარმოები. მაშინ ნოდარი „ნიანგში“ მუშაობდა. არ იყო ძალიან ცნობილი. პატარ-პატარა ნოველებს წერდა.

 

ჩვენ ერთ უბანში, ვერაზე გავიზარდეთ, ერთი ბიოგრაფიის ხალხი ვიყავით. მამა ორივეს დაჭერილი და დახვრეტილი გვყავდა… ვმეგობრობდით. ერთხელ – ნახე, რაღაც დავწერეო და ხელით ნაწერი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მომცა. სახლში მოვედი და ღამე დავიწყე კითხვა. დედაჩემს და ქეთინოს ეგონათ გავაფრინე – ხმამაღლა ვტიროდი და ხმამაღლა ვიცინოდი. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ გენიალურმა ნაწარმოებმა. უსათუოდ უნდა დავდგა-მეთქი, გადავწყვიტე.

 

მეორე დღეს ეს ნოდარს ვუთხარი და მიპასუხა – რას სულელობ, რა უნდა ილიკოს და ილარიონს სცენაზეო? ვცდი-მეთქი. ვფიქრობ, ერთ-ერთი საეტაპო სპექტაკლი გამოვიდა, არა მარტო ჩემს შემოქმედებაში, არამედ მაშინდელ ქართულ თეატრში.

 

კვირის პალიტრა - გიგა ლორთქიფანიძე ...

 

იმ დროს მოდაში იყო პირობითი დეკორაციები. მხატვარი ოთარ ლითანიშვილი იყო. ერთხელაც მე და ოთარი ვაკეთებდით დეკორაციების მონტაჟს; პარტერში სესილია თაყაიშვილი შემოვიდა – ეს რა არისო? დეკორაციაა-მეთქი, ვუთხარი. ჩა…ვით მაგ დეკორაციაშიო, გვითხრა. ბუხარი დამიდგით, ქვასანაყი მომეცით და შიგნით სუნელი ჩამიყარეთ. ნამდვილი სუნი თუ ვერ ვიგრძენი, ისე ამ როლს ვერ ვითამაშებო.

 

არც ისე ასაკოვანი იყო, მაგრამ ჩიფჩიფი უნდოდა და პროტეზი ამოიღო. ამხელა მსხვერპლზე წავიდა. გასაოცრად ითამაშა… სანდრო ჟორჟოლიანი იყო ილიკო. სპექტაკლს უდიდესი წარმატება ჰქონდა. 600 სპექტაკლი ვითამაშეთ და სულ ანშლაგით ჩაიარა ყველამ. ბილეთებს ძლივს შოულობდნენ.

 

მერე გადაიღო თენგიზ აბულაძემ ფილმი. ამას მივაყოლე ნოდარის ასევე ბრწყინვალე „მე ვხედავ მზეს“. ქეთინო კიკნაძე, როგორც მსახიობი, ხატიას როლის შესრულებით დაიბადა. მერე იყო „საბრალდებო დასკვნა“.

 

თვითონ ნოდარს ძალიან მოეწონა სპექტაკლები. ჩემს მიმართ, უკვე როგორც რეჟისორის მიმართ, გაუჩნდა რწმენა. როცა „თეთრი ბაირაღები“ გადავიღე, ნოდარი უკვე აღარ იყო… ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია იყო ნოდარ დუმბაძის ასე უდროოდ გარდაცვალება… გვერდიგვერდ პალატებში ვიწექით, მეც გულის შეტევა მქონდა იმ დროს, როცა ის გარდაიცვალა.

 

„თუ გამაგდებ, ჩემ სიცოცხლეს ფასი არ ექნება!“ - გოჩა აბაშიძე 83 წლის გახდებოდა
2020-05-27„თუ გამაგდებ, ჩემ სიცოცხლეს ფასი არ ექნება!“ - გოჩა აბაშიძე 83 წლის გახდებოდა

 

სამი წლის მერე გადავიღე „თეთრი ბაირაღები“. ჩემი საყვარელი ფილმია. ისიც დახუნძლულია კარგი პერსონაჟებით. მანამდე თეატრში დადგმული მქონდა, ვიჯექი მასალაში. აკაკი ვასაძე თამაშობდა ისიდორეს. გენიალური არტისტი იყო. სცენაში – თავის ისტორიას რომ უყვება პატიმრებს და სასამართო რომ მოუწყვეს, რეპეტიციაზე ისე მოყვა ეს ისტორია, რომ მსახიობებს ისტერიკული ტირილი აუვარდათ.

 

ნოდარ დუმბაძე იყო კაცი, რომელსაც უარყოფითი პერსონაჟიც უყვარდა. ტიგრანა არ უყვარდა? უყვარდა. დუმბაძის მოსვლა ლიტერატურაში და თეატრში დიდი მოვლენა იყო“.

 

რეკორდსმენი

 

„რეკორდსმენი ვარ, 156 სპექტაკლი მაქვს დადგმული და 6 ფილმი გადაღებული, თითქმის სულ მრავალსერიანი – „დათა თუთაშხია“, „წიგნი ფიცისა“, „ფიროსმანი“, „თეთრი ბაირაღები“… ძალიან მინდოდა პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალის“ ფილმად გადაღება. ძალიან საინტერესო თემაა, ისტორიული, მაგრამ დღევანდელი ჟღერადობის. სერიებად გადავიღებდი. ჩემი მოღვაწეობით უკმაყოფილო არ ვარ. ბევრი მიშრომია… მე ვფიქრობ, საინტერესო ცხოვრება გავიარე.

 

ასეთი დატვირთვით თეატრშიც და კინოშიც – ასეთი ბიოგრაფიის კაცი იშვიათად არის. თითქმის არ არის საქართველოში თეატრი, სადაც სპექტაკლი არ დამიდგამს. ბევრი დამრჩა გასაკეთებელი, ფილმის გადაღებაც მინდა და სპექტაკლის დადგმაც, მაგრამ ამის ფიზიკური ძალა, ფაქტობრივად, აღარ მაქვს.

 

გაზეთი “პრაიმტაიმის” არქივი

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

X