15:51 | 2020-01-06 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ათწლეულის ყველაზე დიდი აღმოჩენები და მიღწევები

ათწლეულის ყველაზე დიდი აღმოჩენები და მიღწევები

 

სამეცნიერო და ტექნოლოგიური სამყარო თანხმდება, რომ ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი აღმოჩენების გრძელ ნუსხას შემდეგი 10 აღმოჩენა ლიდერობს:

1. ჰიგსის ბოზონი

ჰიგსის ბოზონის აღმოჩენას 4 წელი, ათასობით ადამიანი და მსოფლიოში ყველაზე დიდი მექანიზმი დასჭირდა. 2012 წელს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკოსებმა მსოფლიოს ამცნეს ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა. ეს ნაწილაკი გვეხმარება აიხსნას, რატომ გააჩნია სამყაროში ყველა სხვა ნაწილაკს მასა. ამ აღმოჩენით დასრულებული სახე მიეცა ელემენტარული ნაწილაკებს სტანდარტულ მოდელს.

2. CRISPR

გენური ინჟინერის სრული პოტენციალი 2012 წელს, დნმ-ის რედაქტირების სისტემის შემუშავებით გამომჟღავნდა (მას CRISPR ეწოდება). აღმოჩენის შემდეგ, მისი გამოყენება მრავალ სფეროში დაიწყეს. მათ შორის არის ფართოდ გაკრიტიკებული პირველი გენეტიკურად რედაქტირებული ჩვილების ჩინური ექსპერიმენტი (2018 წ).

3. გრავიტაციული ტალღები 

ჯერ კიდევ 1916 წელს ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა, რომ სამყაროში (რასაც აინშტაინი სივრცე-დროს უწოდებდა) უნდა არსებულიყო უცნაური ტალღური მოძრაობები და მათ „გრავიტაციული ტალღები“ უწოდა. ფარდობითობის თეორიით სამყაროს ბევრი საიდუმლო იხსნებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში მაინც თეორიად რჩებოდა. ნელ-ნელა ემპირიული აღმოჩენები სულ უფრო და უფრო ამტკიცებდნენ აინშტაინის თეორიის მართებულობას. 1916 წლიდან ზუსტად ერთი საუკუნეში კი ლაზერული ინტერფერომეტრის გრავიტაციული-ტალღის ობსერვატორიამ  (LIGO – Laser Interferometer Gravitational-Wave Observatory) მსოფლიოს ამცნო: დაფიქსირდა ორი შავი ხვრელის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები, რამაც საბოლოოდ დაადასტურა აინშტაინის 3 უმნიშვნელოვანესი დაშვება:

სივრცე-დროის კონტინუმი ნამდვილად არსებობს.

მიზიდულობა (გრავიტაცია) სივრცე-დროის გამრუდების შედეგია.

თავად გრავიტაციული ტალღები კი ე.წ. ჭავლებია სივრცე-დროში, რომლებიც სამყაროში სინათლის სიჩქარით ვრცელდება.

დაიწყო სამყაროს – უკვე ემპირიული შესწავლის – ახალი ერა!

4. AlphaGo

მართალია, ამ ათწლეულში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ზოგადად, უდიდესი წინსვლის მომსწრენი გავხდით, ამ მხრივ ყველაზე დიდი მიღწევა AlphaGo იყო. Google-ის DeepMind-ის მიერ შექმნილმა კომპიუტერულმა პროგრამამ (software) 2016 წელს სამაგიდო თამაშის (ე.წ. Boardgame) „გოს“ ჩემპიონი ლი სედოლი განსაცვიფრებელ მატჩში ანგარიშით 4-1 დაამარცხა.

5. ლაილას გენური თერაპია

2015 წელს ერთი წლის გოგონას (ლაილას) ამ წლამდე არნახული ანტი-სიმსივნური მკურნალობა ჩაუტარდა. ლონდონში, „გრეით ორმონდ სთრითის“ საავადმყოფოში, მას დონორის გენეტიკურად მოდიფიცირებული ისეთი უჯრედები გადაუნერგეს, რომლებიც ბავშვის ლეიკემიური უჯრედების განადგურებისთვის იყო დაპროგრამებული. ლაილას ახალი სიცოცხლე აჩუქეს და ის თავს კარგად გრძნობს!

6. დენისოველები

2010 წელს მეცნიერება აღმოაჩინეს ადამიანის თითის ძვალი, რომელიც გენეტიკურად განსხვავდებოდა როგორც თანამედროვე ადამიანებისგან, ისე ნეანდერტალელებისგან. ამ აღმოჩენამ კიდევ ერთხელ შეარყია ჩვენი წარმოშობის გენეალოგიური ხე. ამ ახალ სახეობას დენისოვის ადამიანი ეწოდა, რადგან ძვალი ციმბირში – დენისოვის გამოქვაბულში (Дени́сова пещера) იპოვეს. მოგვიანებით გამოქვაბულში ამ მისტიკური ადამიანების სხვა ნაშთებსაც მიაკვლიეს. 2018 წელს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ არსებობდა ჰიბრიდი, რომლის დედა ნეანდერტალელი, ხოლო მამა კი დენისოველი იყო. სხვადასხვა გენეტიკური ანალიზებით დადგინდა, რომ დღეს მცხოვრები ზოგიერთი ადამიანის გენომში დენისოველის დნმ-იც გვხვდება.

7. „კვანტური აღმატებულება”

ათწლეულის მანძილზე უზარმაზარი შრომა იყო გაწეული კვანტური კომპიუტერის შესაქმნელად, რომელიც 2019 წელს კი Google-ის „კვანტური აღმატებულების“ (Quantum supremacy) შექმნით დაგვირგვინდა. ამ კვანტურ კომპიუტერის გამოთვლების შესაძლებლობებს დედამიწაზე დღეს არსებული ვერცერთი სუპერკომპიუტერი ვერ უწევს მეტოქეობას.

8. პროქსიმა კენტავრი b (Proxima Centauri b)

ათასწლეულის დასაწყისში ჩვენ მზის სისტემის მიღმა არსებულ 450 პლანეტას ვიცნობდით. დღეს ეს რიცხვი 4000-მდე გაიზარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი 2016 წელს პროქსიმა კენტავრი b-ის აღმოჩენა იყო. დღეისთვის, პროქსიმა კენტავრი b მიიჩნევა დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ეგზოპლანეტად, რომელიც ჩვენგან 4,2 სინათლის წლითაა დაშორებული.

9. სახის ტრანსპლანტატი 

სახის სრული გადანერგვა პირველად 2010 წელს ჩატარდა. ესპანელმა ფერმერმა თოფით შემთხვევითი თვითდაზიანება მიიღო. 24 საათიანი ოპერაციის განმავლობაში მას თვალებისა და ენის გარდა სახის ყველა ნარჩენი მოკვეთეს მას პრაქტიკულად მთელი სახე გარდაცვლილი დონორის სახით ჩაუნაცვლდა.

10. რიჩარდ III

2012 წელს ლესტერის (დიდ ბრიტანეთი) ერთ-ერთი ავტოსადგომი შექსპირის ეპოქის ნამდვილ სცენად იქცა! გენეტიკოსებისა და ისტორიკოსების გუნდმა გამოაცხადა, რომ მათ ინგლისის მეფის, რიჩარდ III-ს ნეშტი აღმოაჩინეს, რაც მისი შთამომავლების დნმ-ის ანალიზმაც დაადასტურა. ასევე დადგინდა, რომ რამდენიმე ლიტერატურული წყარო, რომელიც საეჭვოდ მიაჩნდათ,  ზუსტი აღმოჩნდა – მეფეს მართლაც ჰქონდა ხერხემლის გამრუდება.

წყარო:seed.ge

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X