13:39 | 2020-04-13 ავტორი: თამარ გონგაძე

“აწყობილი კი არა, ამერიკაში თავზე ემხობათ ქვეყანა!” – ცუცა კაპანაძე ეპიდემიური ნიუ-იორკიდან

მსახიობი ცუცა კაპანაძე, საბედნიეროდ, იმ ემიგრანტთა სიაში არ მოხვდა, ვინც პანდემიამ დროებით სამსახურს გამოამშვიდობა. ნიუ-იორკში მცხოვრები მსახიობი ამერიკელ ბებიას უვლის. ხელოვნების სკოლა კი, სადაც ქართველ ბავშვებს ქართულ ცეკვას, სიმღერას და კულტურას აზიარებენ, ბუნებრივია, დაკეტილია.

 

ოკეანის გაღმა 14-წლიანმა ცხოვრებამ დასკვნები გააკეთებინა და ის მითები, რაც შეერთებულ შტატებს უკავშირდება, ნელ-ნელა, ამ პანდემიის დროს დაუმსხვრია.

 

ასკვნის, რომ ამხელა ამერიკა სრულიად უსუსურად შეხვდა პანდემიურ ვითარებას. და ჩვენ – საქართველოში (რომელიც მსოფლიოს რუკაზე, ამ მხრივ კარგ პოზიციაზე ვართ), სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ პირბადეზე უმადურად არ უნდა ვიქირქილოთ.

 

ცუცა კაპანაძე: – ოთხი დღე ვმუშაობ, მერე მანქანას სახლში მივყავარ და სამი დღე ჩემს სახლში ვარ ჩაკეტილი. მერე ისევ მაკითხავს მანქანა და მივყავარ ჩემს ამერიკელ ბებიასთან. თავი ციხეში მგონია, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მარტო არ ვარ ასეთ დღეში, მთელი მსოფლიო ასეა. რა დღეში ვართ, კაცოოო… კორონას თუ გადავურჩით, ფსიქიატრებს ვერ გადავურჩებით. იმ დღეს ვუყურებდი, ერთმა ამერიკელმა მსახიობმა „დრუჟბა“ დაშალა ნაწილებად და ააწყო. სულ მაინტერესებდა მისი სტრუქტურაო. არ გავგიჟდებოდეთ ნეტა, რა.

 

აქ კრიზისცენტრია გახსნილი, ვისაც საკვები არ აქვს ან გასვლა არ შეუძლია, უსახსროდაა დარჩენილი, შეძლებისდაგვარად ეხმარებიან.
მე როგორც ვიცი, 25 ქართველი ძალიან კრიზისულ მდგომარეობაშია, დაინფიცირებულია. ორი მამაკაცია, დანარჩენი ქალბატონები. ისინი მკურნალობას კლინიკებში გადიოდნენ. დაინფიცირებულია მთლიანი ოჯახებიც.  ჩვენი სკოლის ხატვის პედაგოგი მეუღლემ დააინფიცირა. მადლობა ღმერთს, რომ კარგად არის მაკა.

 

ხშირ შემთხვევაში აქ სახლის პირობებში მკურნალობენ. სასწრაფოს გამოძახებას აზრი არ აქვს, არ მოვა. არც ადგილებია კლინიკებში, ვერც წაგიყვანენ და გეუბნებიან, არა, არ შეგვიძლია, მიიღეთ სიცხის დამწევი „ტაილენოლიო“.
თუ უკიდურეს მდგომარეობაში არ ხარ, სული არ გეხუთება, სახლში გტოვებენ და შინ მკურნალობას გირჩევენ. „ტაილენოლი“ აქ „თეთრი ბაირაღების“ ლუმინალის ვარიანტია.

 

ქართველების ოჯახი პატარა ბავშვებით დაინფიცირდნენ და სახლში იმკურნალეს. ქართველმა ექიმებმა გადაარჩინეს. გამოძახებული სასწრაფო არ მივიდა პატარა ბავშვებიან ოჯახში. წარმოგიდგენიათ? ერთი ოთხი წლის, მეორე ხუთის არის და მაღალი სიცხეები ჰქონდათ. მადლობა უფალს, ჟანგბადის აპარატი არ დასჭირდათ. ასე იყო ხუთშვილიანი ოჯახიც. სვამდნენ „ტაილენოლს“, წვენებს, სითხეებს… სახლის პირობებში გადიან თვითმკურნალობას. თურმე რაც არ უნდა წამალი სვა, ათი დღე სიცხე მაინც გაქვს. ჩემს მეგობარს 40 ჰქონდა სიცხე. ვურჩევდით, აბა, ძმრიანი პერანგი, ძმრიანი წინდები ჩაიცვითქო. არც ამან უშველა, სანამ ათი დღე არ გავიდა, არ დასწევია ტემპერატურა…

 

თუ ამხელა ქვეყანა ასეთ კრიზისს ასეთი მოუმზადებელი შეხვდებოდა და ამერიკაში ასეთი უსუსურები აღმოვჩნდებოდით, ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ყველას წარმოდგენაში ამერიკა ნომერ პირველად გვესახება, თავისი ჯანდაცვის სფეროთი და აწყობილი სისტემით. აწყობილი კი არა, თავზე ემხობათ ქვეყანა!
მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ კრიზისცენტრში ქართველი ექიმები არიან გაერთიანებულნი. ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა დარეკო, ცხელ ხაზზე გვპასუხობენ, ჩვენს სამსახურში არიან და ამომწურავ პასუხებს გვცემენ. დანიშნულებას გვიწერენ. თუ ძვირადღირებულია მედიკამენტი, თავის ფასდაკლებულ კუპონს გვაძლევენ და ხელს ყველანაირად გვიწყობენ. არალეგალებსაც პატრონობენ. მხოლოდ ქართველებს კი არა, სხვა ეროვნების პაციენტებსაც.

ამ ჩვენმა ექიმებმა მეც გადამარჩინეს. მადლობა უფალს, კარგად ვარ, უბრალოდ, მე იმუნიტეტის გასაძლიერებლად ლიმონისა და ჯანჯაფილის ნაზავს ვიღებდი, ზედმეტი დოზა მივიღე და კუჭი დავიწვი. რა საშინელება ყოფილა. თავი კინაღამ მოვიკალი, რა იმუნიტეტზეა ლაპარაკი. ექიმებისთვის მადლობის მეტი რა მეთქმის.

 

საქართველოში უბედნიერესები ხართ, რომ დაცულები ხართ და როგორი ექიმები გვყავს! და სირცხვილი და თავის მოჭრაა, როდესაც შენი ქვეყნის მიერ გაკეთებული პირბადის დასაცინად, ამ კრიზისულ მომენტში, ენა გიბრუნდება. დემნა გვასალიასი რომ იყოს ან ვერსაჩესი ხომ გაიკეთებდნენ? აბა, რა გვინდა? ბოდიში და ნიფხავი ჩამოიცვან მაშინ და იმით იარონ. რა გაახურეთ საქმე. ან იმ კლიპის ასეთი აგდება რაში წერია? ადამიანები ჩვენს გასამხნევებლად (ციხეში ვართ, ფაქტობრივად) მღერიან, ირჯებიან და შენ გამოდიხარ და რა დონეაო, წერ. ასეთი ადამიანი თვითონ არის ნული დონის. ასეთ პერიოდში ძალიან დიდი სირცხვილია ვინმე და რაიმე აკრიტიკო. მსგავსის გასაკეთებლად არც აქ, არც ევროპაში ენა არავის მოუბრუნდება, პირიქით, ყველა ერთმანეთს ამხნევებს. ჩვენ, ქართველებს რა ჯანდაბა გვჭირს?!

 

ჩემი მეგობარი ნიუ-იორკიდან პელსილვანიის შტატში გადავიდა. სახლი იქირავა. იქაურმა მეზობელმა რომ დაინახა ეს ქალი ნიუ-იორკის ნომრიანი ავტომობილით იყო, პოლიციას შეატყობინა თურმე – ნიუ-იორკელები ჩამოვიდნენ, ვირუსს ჩამოგვიტანდნენო. მოკლედ, ისეთი ამბავია ნიუ-იორკელების დანახვა აღარ უნდათ. როგორც კეთროვანებს ისე გიყურებენ. ეს ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს.

 

მიუხედავად ყველაფრისა, განწყობა ოპტიმისტური მაქვს. მაქსიმალურად ვცდილობ არ ვუსმინო საინფორმაციო გამოშვებას. ძალიან განვიცდი გარდაცვლილთა რიცხვები რომ მესმის, იქეთ შემზრავი კადრები და… მოკლედ, აღარ ვუსმენ.

 

ქედს ვიხრი ექიმების, მთავრობისა და ხალხის წინაშე, რომ ასე შეთანხმებითა და მოთმინებით მოქმედებენ. როგორ შეიკრნენ და გაერთიანდნენ ამ ვითარებაში. როდესაც ასეთი ჯგუფური მუშაობაა, იქ წარმატებაც არის.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X