17:44 | 2021-10-14 ავტორი: თამარ გონგაძე

ათასი თვალი გიყურებს, როგორ ეგუები ამ ტკივილს… – რას ურჩევს მამებს შვილმკვდარი ტარიელ ხარხელაური

ათასი თვალი გიყურებს, როგორ ეგუები ამ ტკივილს… – რას ურჩევს მამებს შვილმკვდარი ტარიელ ხარხელაური

8 ოქტომბრის ბათუმის ტრაგედიამ თითქოს რაღაც შეცვალა ჩვენს შიგნით. დიდების ცოდვების გამო, ნანგრევებში მოყოლილმა ბავშვებმა, ერთგვარად მისია იტვირთეს. მისია, რომელიც ჩვენს “გამოსწორებას” ისახავს მიზნად.

 

მგონია, რომ ამ მასშტაბის ტრაგედიები, მხოლოდ კონკრეტული ადამიანების თავს არ ტრიალებს, მთელი ქვეყნის გამოსაფხიზლებლად გვევლინება. დასაფიქრებლად, თითზე საკბენად, გულში ჩასახედად…

 

მამები ტრაგედიიდან – რამაზ დავლაძე და გია შომახია! ისინი ჭირმა შეკრა და გააერთიანა. საოცარი კადრია, ამქვეყნიური ტკივილით სახემოსილი ადამიანების…

 

გია შომახია და რამაზ დავლაძე

 

სიგიჟეა ჩაწვდე და გაიგო, რატომ ტრიალდება მსგავსი ტრაგედიები… ამას ადამიანის გონი ვერ წვდება.

 

ეს დღეები თითქოს ყველა ერთს ფიქრობს, როგორ უნდა გაუძლონ შავითმოსილმა მამებმა ამ გაუყუჩებელ ტკივილს. რა ძალა უნდა იპოვონ თავში, რომ ცხოვრება შეძლონ.

 

ორივეს თითო შვილი გადაურჩა… რამაზის ვაჟი ბაღში იყო იმ საზარელ წუთებში, გიასი – სკოლაში. აი, სწორედ მათთვის უნდა იცხოვრონ მამებმა, მათთვის უნდა წამოდგნენ იმ ნანგრევებიდან. უდედობაზე აეფარონ. სიკვდილს ზურგი აქციონ!

 

ტარიელ ხარხელაურს ტრაგიკული მამების გამხნევება ვთხოვეთ… წლების წინ, ხევსურ პოეტს, 23 წლის ვაჟი მოუკლეს. ამდენად, მისთვის ეს ტკივილი ნაცნობია.

 

ჭირს სიბრძნეც მოაქვს… სულის წვრთნაც და ამის მაგალითია ჩვენი ხევსური პოეტი.

 

პოეტი ამბობს, რომ მამები უნდა გადარჩნენ და სვლა განაგრძონ.

 

ტრაგედიის წინასწარმეტყველი, ბათუმში დაღუპული 12 წლის დათას ისტორია -
2021-10-11ტრაგედიის წინასწარმეტყველი, ბათუმში დაღუპული 12 წლის დათას ისტორია - "მის ნახატებში ყოველთვის ზურგით არიან ორნი"

 

ტარიელ ხარხელაური: – ახლა, როდესაც დიდი ყურადღება მათკენ არის, ყველაზე დიდი სიფრთხილე და გამძლეობა უნდათ. უნდა შეძლონ გარჩევა, რომელია ყალბი მისამძიმრება და რომელი – გულიანი.

 

ამ დროს ხელის ჩაქნევა ყველაზე ადვილია. ვინც იმ წუთისოფელში გავიდა, იმათ წინაშე ხარ პასუხისმგებელი შენი გამძლეობითა და ამტანობით. უნდა იბრძოლო.

 

ტკივილის გაძლება ყველას ინდივიდუალურად შეუძლია. როგორ გადაიტან მას, უფალთან საუბრისას მიხვალ იქამდე.

 

აუცილებლად გამძლეობა უნდათ ამ ბიჭებს. ხელის ჩაქნევა და ტრაგედიაზე ფიქრი, სწორად არ მიმაჩნია. ტრაგედიის შესაბამისად, შენი ცხოვრების წესი უნდა შეცვალო. მხოლოდ შენ თავზე თუ ფიქრობ, შეიძლება ტრაგიკულ შედეგამდე მიხვიდე. შენს დღეშია უამრავი მამა, უამრავი მშობელი!

 

არც მე მეგონა, თუ ამ ტკივილს გავუძლებდი.

 

 

როდესაც ჩემი შვილი მოკლეს, იმ დროს სულ ვფიქრობდი, მეც გავსულიყავი წუთისოფლიდან. მაგრამ ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჩემი შვილის წინაშე დანაშაული იქნებოდა. ის ისეთი კაცი იყო, რომ მე რომ ბრძოლის უნარი დამეკარგა, არ მაპატიებდა.

 

აქვე ნახეთ ემოციური კადრები: მეხანძრე-მაშველები ბათუმის ტრაგედიისას დაღუპულთა სამძიმარზე 

 

 

ჩემი შვილის ორმოცის წინა დღეს, პატრიარქს შევხვდი. მომაყოლა, რა როგორ მოხდა. დაინტერესდა, რას ვფიქრობდი. ახლა იწყება თქვენი მამა-შვილობაო, მაგრამ გაცვლილი როლებითო, მითხრა პატრიარქმა, ოღონდ, ახლა, ის არის მამა და შენ მისი შვილიო. იქაური მამის წინაშე პასუხისმგებლობა გაქვს და ეს უნდა აიღოო. აქ, ამ წუთისოფელში მისია გაქვს შესასრულებელი. ის იქ შენს მაგივრად წავიდა. უფლისგან რა ვალდებულებაც გაქვს, ის უნდა გააგრძელო.

ეს სიტყვები იყო ყველაფერი ჩემთვის. როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება, ქვეტექსტში ამოვიკითხე და მეც სვლა განვაგრძე. უწმინდესის სიტყვებმა გადამარჩინა.

 

ყოველი ახალი ტრაგედია, ჩემთვის ჩემი შვილის გაცოცხლებაა. ეს მარადიული ტკივილია, არსად მიდის, ჩვენი, შვილმკვდარი მშობლების  სატარებელია. ამას არაფერი კურნავს.

 

ჯვრის ტარება მოგესაჯა და მისი ტარება უნდა შეძლო. სხვასაც რომ არ გაუჭირდეს თავის ტვირთთან შეგუება, შენ შენი ჯვრის ტარებით, მაგალითი უნდა მისცე.

 

ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ.

 

ყველა შვილმკვდარ მშობელს რომ ხელი ჩაექნია და სიკვდილზე ეფიქრა, ნახევარი სამყარო აღარ იქნებოდა დღეს.

 

 

ჩემი ტკივილი ჩემს თავთან უნდა დავტოვო, არავის თავს არ უნდა მოვახვიო. სხვა ვალდებული არ არის, მუდმივად შენს ტკივილზე იფიქროს. ჩემი ტკივილი ჩემი საკუთრებაა.

 

ამ ბიჭებს ვალდებულება აქვთ, ორივეს შვილი ჰყავთ და მათთვის უნდა გააგრძელონ ცხოვრება.

 

ჩემგან რჩევებს იოლად მიიღებენ, მაგრამ მათგან, ვისაც ეს ტკივილი არ გადაუტანია, შეიძლება ეჭვით შეხედონ. მიიღეთ ჩემგან ეს რჩევები, ბიჭებო!

 

კიდევ ვიმეორებ, შვილი რომ მომიკლეს, სიცოცხლის არანაირი სურვილი არ მქონდა. მაგრამ დროთა განმავლობაში როცა ფიქრობ, რწმუნდები, რომ უნდა გააგრძელო, აკეთო შენი საქმე.

 

მე სანდრო გვიგვლიანის მამასაც შევხვედრივარ, ვაზაგაშვილებსაც, ბუტა რობაქიძის დედასაც… შეძლებისდაგვარად ვანუგეშებდი და ვუხსნიდი, რომ მხოლოდ მათ თავს არ ტრიალებს ეს ტრაგედია. მარტო შენ რომ გჭირდეს, იფიქრებდი, რომ რაღაც დააშავე და ამიტომ მოგევლინა ეს განსაცდელი. მაგრამ არა, ასეა სამყაროში…

 

 

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ. ეს ტკივილი მუდმივი სატარებელია. მე ჩემი მაგალითით ვიტყოდი, რომ ეს ლამაზი ტკივილია, ძალიან ლამაზი… ის წარმოგაჩენს, ვინ ხარ შენ. ტკივილს ფორმა უნდა შეუცვალო. სიმძაფრე უნდა მოაკლო და სინაზე შესძინო. უნდა იყო გამორჩეული, განსხვავებული. ათასი თვალი გიყურებს, როგორ ეგუები ამ ტკივილს. ვიღაცას შენი დამარცხება უხარია კიდეც. ასეთი დროა, სამწუხაროდ… ვიღაც ზეიმობს ჩვენი დამარცხებით.

 

მე საიქიოსთვის ვემზადები. სულის მწამს, მისი მარადიულობის მჯერა. უფლის მჯერა… დაკრძალვის შემდეგ, ჩემი შვილის საფლავზე არასდროს გავსულვარ. არ შეიმიძლია, შვილის საფლავი ვნახო…

 

ყურადღება ღმერთისკენ გქონდეთ… გამძლეობას, მოთმინებას და უფლის იმედად ყოფნას გისურვებთ. უნდა შეძლოთ!..

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X