17:48 | 2020-04-09 ავტორი: თამარ გონგაძე

„ათასი შავი აზრი მომდის“ – რაზე ფიქრობს თემურ ჩხეიძე პანდემიის პირობებში

„ათასი შავი აზრი მომდის“ – რაზე ფიქრობს თემურ ჩხეიძე პანდემიის პირობებში

რეჟისორ თემურ ჩხეიძისთვის სახლში ჯდომა მოსაწყენი არ არის. მოსასწრები ბევრი მაქვს, ვკითხულობო, გვითხრა. თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტის ჯგუფს რომ რეპეტიციებს ვერ უტარებს, ამაზე ძალიან სწუხს.

 

მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს დგამდა… ახლა თავისი სახელოსნოს სტუდენტებს ხანდახან ონლაინლექციებს უტარებს.

 

76 წლის რეჟისორი შვილებსა და შვილიშვილებს საღამოს ონლაინშეხვედრაზე ნახულობს და ესაუბრება. მიაჩნია, რომ კოვიდ-19-ის შემდეგ სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდით.

 

„პრაიმტაიმთან“ საუბარში, იმასაც აღნიშნავს, რომ ადამიანებს ამ პერიოდში ერთმანეთის მიმართ მოფრთხილების უნარი გაუღვივდათ…

 

თემურ ჩხეიძე: – ბებია-ბაბუები და მშობლები, ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში ოპტიმიზმს გვინერგავდნენ, ადამიანმა ყველაფერს უნდა გაუძლოსო. მთავარია, სულიერად მდგრადი იყო. თუ ადამიანი სულიერად ძლიერია, ის ყველაფერს მიაღწევსო, გვეუბნებოდნენ.

 

დღეს მკვეთრად შეიცვალა სამყარო. არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა იქნება. ცხადია, მე ნოსტრადამუსი არ ვარ. მაგრამ ძველებურად რომ ვერ გაგრძელდება, ამას რატომღაც ვგრძნობ. ის თეორია, რომ ადამიანს თავისი სულიერი სიმტკიცით რაღაცის კეთება შეუძლია, უკვე დაინგრა.

 

ამ ვირუსს, ადრე თუ გვიან, ბოლოს მოუღებენ. მოვიდა დრო, 21-ე საუკუნეში, არსებამ, რომელიც არ ჩანს და არ ვიცით, როგორ გამოიყურება საფრთხის ქვეშ დააყენა მთელი პლანეტა. ამან დაბნეულობა გამოიწვია.

 

ჩვენ არ გვეგონა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. პარალიზებულია სამყარო და ამ მდგომარეობიდან ის გამოვა. დიდი მოწადინებით და თავდაცვის ინსტიქტის აქტიური ჩართვით, შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ გამოვა სრულიად სხვანაირი.

 

არ ვიცი, რა შეიცვლება ადამიანებში. ადამიანიც ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც ამ პანდემიის წინ იყო. ნაწილობრივ, შეიძლება ეს სასიკეთოც იყოს ადამიანისთვის.

 

– ანუ ადამიანმა შეიძლება სულიერი კათარზისი განიცადოს?

 

– შეიძლება, როგორც ყველა დიდი გაჭირვების დროს ხდება. არ ვიცი. მე მხოლოდ იმედი მაქვს, რომ უკეთესობისკენ ძვრა მოხდეს ადამიანში. მინდა ამის იმედი მქონდეს და არა სრული იმედობა. მაგრამ ზუსტად ისე რომ ვეღარ იქნება, როგორც იყო ყველაფერი, ამაში დარწმუნებული ვარ.

 

ხანდახან მეჩვენება, რომ ეს განგების მოვლენილი სასჯელია. გაიხსენეთ, რამდენი ხანია იმაზეა განგაში, ჩვენ პლანეტას უჭირს და დროზე თუ არ მივხედეთ, დავღუპავთო.

 

და რა გაკეთდა? ხან იმაზე ვფიქრობ, არ გაკეთდა თუ ვერ გაკეთდა? ათასი შავი აზრი მომდის. განა ვინმემ ზუსტად იცის, რა მოხდა და რა იქნება? არ მეგულება, თორემ მივადგებოდი, აზრს თუ გამიზიარებდა.

 

ბატონო თემურ, რას აკეთებთ სახლში?

 

– მართალი ხართ, არაფერს (იცინის). როგორ არა, კაცო, აქტიურ კითხვაში ვარ ჩართული. დოსტოევსკის რომანის, „ყმაწვილის“ მეორე ნაწილზე გადავედი.

 

ბოლო კვირაა ისეთ ტალღაზე ვარ, კარგა ხნის წინ წაკითხულს თავიდან ვკითხულობ. ეს იმას გავს, ახალგაზრდობას რომ იხსენებ.

 

მე არ მწყინდება სახლში ყოფნა. იმდენი საქმე მაქვს მოსასწრები ჩემს ასაკში. არ ვიცი როდის მოხდება ჩემი სტუდენტებთან მიბრუნება… ონლაინ ვერ ვატარებ ლექციას.

 

თეორიული ხასიათის ლექცია რომ იყოს, ჩავატრებდი. ამ ეტაპზე ჩემი ლექცია რეპეტიცია იყო, ეს კი შეუძლებელია.

 

გოგი მარგველაშვილს ველაპარაკებოდი ტელეფონზე და მითხრა, მეუბნებიან, სხვებს თუ გამოსდით, თქვენ რატომ არ გამოგდით სასწავლო პროცესის გაგრძელებაო? სამ კაცზე მეტი არ შეიკრიბოთ ერთ სივრცეშიო და არ გამოგვდის… ასე ხელები გვექავება, მაგრამ…

 

ვუხსნით ერთმანეთს სიყვარულს ტელეფონით და ვართ. ახლა რომ სიყვარული იზრდება ჩვენში, ესეც თავდაცვის ინსტიქტი მგონია.

 

ჭარბად ვატყობ, ადამიანებს ერთმანეთის მიმართ მოფრთხილების სურვილი გაუჩნდა. შინაურებს არ ვგულისხმობ, უცხო ადამიანებს. თუმცა გაბოროტებული ხალხიც არის.

 

მე და ნანი იშვიათად გავდივართ გარეთ. ოთხ დღეში ერთხელ საკვებისთვის თუ გავალთ… ოჯახის წევრებთან ყოველ საღამოს გვაქვს ონლაინშეკრება.

 

ჩემმა დისშვილიშვილმა, დათა თავაძემ მოიფიქრა, ერთდროულად რამდენიმე ეკრანით ვერთვებით და ვსაუბრობთ. გერმანიიდან ჩამოსული დათა კარანტინიდან გვერთვება და გვაქვს ასე მხიარული საღამოები…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები