fbpx
14:23 | 2020-08-10 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ასთმა ჰქონდა და ამიტომაც დამძიმდა მისი მდგომარეობა” – ახალი დეტალები ლენჯერში დაინფიცირებული ოჯახის და მათი კონტაქტების შესახებ

“ასთმა ჰქონდა და ამიტომაც დამძიმდა მისი მდგომარეობა” – ახალი დეტალები ლენჯერში დაინფიცირებული ოჯახის და მათი კონტაქტების შესახებ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღეს 25 პაციენტით გაიზარდა. დადასტურებული ინფორმაციით, 25 შემთხვევიდან 17 ერთ ოჯახს და მათ კონტაქტებს უკავშირდება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა ოჯახის უფროსი წევრი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მკურნალობის კურსს ქუთაისის კლინიკაში გადის. ინფორმაცია ამის შესახებ. “პრაიმტაიმს” ოჯახის ახლობელმა ნორა კვიციანმა დაუდასტურა.

 

– ქალბატონო ნორა, საიდან მოხდა ლენჯერში ოჯახის რამდენიმე წევრის დაინფიცირება?

 

– ზუსტი წყარო ჯერჯერობით უცნობია. ორი დღე ჰქონდათ ყელის ტკივილები და სიცხე, ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომები რაც არის, თუმცა ოჯახის უფროსი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და ის ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

კორონავირუსის ტესტი ჩაუტარეს და დადებითი პასუხი აჩვენა ტესტმა. ამის შემდეგ, მოხდა ოჯახის დანარჩენი წევრების ტესტირებაც, ასევე მათ ვისთანაც ჰქონდათ შეხება და 17 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი.

 

ზოგი ახლა გადაჰყავთ მესტიიდან თბილისში, ზოგი კი ინფექციურ კლინიკაში წევს. ოჯახის დიასახლისს ასთმა ჰქონდა და ამიტომაც დამძიმდა მისი მდგომარეობა, მაგრამ როგორც ვიცი ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო დანარჩენებს ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვთ.

 

– ამბობენ, რომ კორონავირუსის მქონე სტუმარი ჰყავდა ოჯახს და მათგან გადაედოთ, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

 

– ლენჯერში იყვნენ ჩამოსული სტუმრები მათთან, მაგრამ საიდან მოხდა მათი დაინფიცირება ჩვენთვის უცნობია.

 

“პრაიმტაიმი” ქუთაისის საავადმყოფოსაც დაუკავშირდა. სადაც განაცხადეს, რომ დაინფიცირებული პაციენტი 75 წლის არის.

 

“ეს ქალბატონი გუშინ გამთენიისას შემოიყვანეს კლინიკაში. აქვს ასთმა და პნევმონია. მარტივი პაციენტი არ არის, თუმცა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი ოჯახის დანარჩენი წევრები ჩვენს კლინიკაში არ არიან მოტავსებული.”

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X