11:51 | 2020-03-24 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

აშშ-სა და ბრიტანეთის ქართულ ტაძრებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინება

აშშ-სა და ბრიტანეთის ქართულ ტაძრებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინება

ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მღვდელმთავრის, ეპისკოპოსი მეუფე საბა ინწკირველის განცხადებით, კორონავირუსის გამო წირვა-ლოცვას მრევლის გარეშე აღავლენს. ეს ეხება სულ 22 სამრევლოს.

 

ამასთან დაკავშირებით, ეპისკოპოსმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.

 

„გაგაცნობთ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი სამრევლოების მიმართ მიღებულ საგანგებო გადაწყვეტილებას. კორონავირუსის მასშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა აღევლინოს მრევლის გარეშე.

 

მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება აშშ-ს და კანადის სახელმწიფოების მიერ გაცემულ მოთხოვნებს“, – აცხადებს მეუფე საბა.

 

საგანგებო განცხადებას ავრცელებს ასევე დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი:

 

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დიოცეზს:

 

როგორც მთავარეპისკოპოსი წერს, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკაში დაწესებული სახელმწიფო შეზღუდვებისა და შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, დიდი მარხვის ტიპიკონით გათვალისწინებული მსახურება აღესრულება მხოლოდ სამრევლო ტაძრების მღვდელმსახურთა მიერ.

 

„ძლიერ მწადია, რომ განსაკუთრებით მხურვალე იყოს უფლისადმი აღვლენილი ჩვენი ლოცვა, ღმრთის დაბადებული ყოველი ადამიანისა და ეკლესიის კეთილდღეობისათვის.

 

დასასრულ, თქვენთან ერთად მივაპყრობ გონის თვალს და სასმენელს, ქრისტე ღმერთის უცვალებელ, მანუგეშებელ სიტყვებს: „ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას“ (ინ. 16,33).თქვენს სულიერ სიმტკიცეში, თავად მეც წარმატებული, ქრისტეში თქვენი სიყვარულის მსახური ზენონი“, – წერს მეუფე სოციალურ ქსელში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X