13:47 | 2020-03-13 ავტორი: ანეტი მიქელაძე

აშშ-მა ყველაფერი უნდა ახსნას! – ჩინეთის საგარეო უწყება CoVid-19-ის წარმოშობაზე

აშშ-მა ყველაფერი უნდა ახსნას! – ჩინეთის საგარეო უწყება CoVid-19-ის წარმოშობაზე

ახალი კორონავირუსის ინფექცია ჩინეთის ქალაქ უხანში ამერიკელ სამხედროებს შეიძლება შეეტანათ, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩაო ლიციანმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა.

 

მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი რობერტ რედფილდი კონგრესში სიტყვით გამოდის. ვიდეოზე რედფილდი აღიარებს, რომ ზოგიერთ ამერიკელს, რომელიც ეგონათ, რომ გრიპისგან დაიღუპნენ, სიკვდილის შემდეგ კორონავირუსი აღმოუჩინეს.

 

„როდის გაჩნდა აშშ-ში საწყისი პაციენტი? რამდენი ადამიანია დაინფიცირებული…შეიძლება ამერიკელმა სამხედროებმა შემოიტანეს ეპიდემია უხანში. იყავით გამჭირვალეები! გამოაქვეყნეთ მონაცემები. აშშ-მა ყველაფერი უნდა ახსნას!“, – განაცხადა ოფიციალური პეკინის წარმომადგენელმა.

როგორც South China Morning Post-ი წერს, ჩინოსანს შეიძლება ეგულისხმა მსოფლიოს ბოლო სამხედრო თამაშები, რომელიც უხანში 2019 წლის ოქტომბერში ჩატარდა. მასში მონაწილეობას ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებიც იღებდნენ.

 

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ამერიკული დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის კომენტარის შემდეგ, ჩაო ლიციანმა გამოაქვეყნა GlobalResearch-ის ორი ბმული, რომელიც სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიებს აქვეყნებს.

 

მანამდე ამერიკის ოფიციალური პირები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, იყენებდნენ ტერმინს „ჩინური ვირუსი“ და „უხანური ვირუსი“. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერდა, რომ საბოლოო მიზეზი ვირუსის წარმოშობის შესახებ არ არსებობს.

 

თებერვალში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებდა, რომ რუსეთთან დაკავშირებული ექაუნთები სოცქსელებში ავრცელებენ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ეს არის ბიოლოგიური იარაღი, რომელიც შექმნა CIA-მ და მისი საშუალებით ეკონომიკურ ომს მართავს ჩინეთთან.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X