fbpx
19:25 | 2020-09-23 ავტორი: თამარ გონგაძე

“ასეთ დროს ცრემლის გარეშე არ გამოდის” – ვუნდერკინდს ნიკოლოზ რაჭველი კულისებიდან გულშემატკივრობს

“ასეთ დროს ცრემლის გარეშე არ გამოდის” – ვუნდერკინდს ნიკოლოზ რაჭველი კულისებიდან გულშემატკივრობს

წინანდლის სამდღიან საერთაშორისო ფესტივალზე საოცარ მუსიკას თან ახლდა საოცარი რამ – ახალგაზრდა მუსიკოსების წარდგენა. ეს მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა ითავა და პუბლიკას – ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), გიორგი გიგაშვილი (ფორტეპიანო), მირიან კვალიაშვილი (ჩელო) და ცოტნე ზედგინიძე (ფორტეპიანო) წარუდგინა.

 

 

შოპენის, პროკოფიევის, რახმანინოვისა და სხვა ავტორების კლასიკურ რეპერტუართან ერთად შესრულდა 11 წლის კომპოზიტორისა და პიანისტის ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოებები. ახალი თაობის მუსიკოსებმა მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

 

 

 

“ცალკე მოვლენა იყო ცოტნეს წარდგენა ლიზას მიერ, ასეთ დროს ცრემლის გარეშე არ გამოდის. ჩვენი პატარა სიყვარული საკუთარი ნაწარმოებებით წარსდგა, პრემიერებიც შეასრულა და დიდებული ოვაციებიც დაიმსახურა. ნიკოლოზი, როგორც ცოტნეს დანარჩენ კონცერტებზე ამჯერადაც არ მოშორებია კულისს, ღელავდა და დროდადრო ფარდას გაწევდა და ისე ადევნებდა თვალ-ყურს რჩეული პიანისტისა და კომპოზიტორის საფესტივალო გამოსვლას. ლიზა და მონაწილე-ორგანიზატორებიც ცხადია, არ მოშორებიან ფარდას. ძალიან ემოციური იყო, ცოტნესთან ერთად თითქოს ყველამ გავიმარჯვეთ!” – წერს “კონცეპტArt”-ის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე.

 

ფესტივალის განსაკუთრებული სტუმრები იყვნენ პიანისტები – მარტა არგერიხი და ნელსონ გორნერი. როგორც ცოტნე ზედგინიძის აღმზრდელი ბებია და პედაგოგი, ნინო მამრაძე “პრაიმტაიმთან” ამბობს, მსოფლიოში აღირებული მარტა ისე მოხიბლა ქართველი ახალგაზრდების ნიჭიერებამ, რომ ფესტივალის დასასრულს, წინანდლიდან წასვლა აღარ სურდა.

 

 

ნინო მამრაძე: – მარტა არგერიხს არ მოუსმენია ცოტნე, სამაგიეროდ, მას ჩანაწერები გავატანეთ. ნელსონს ქართველი ცოლი ჰყავს, რუსუდან ალავიძე, რომელსაც კარგად ვიცნობთ. ასე რომ, ცოტნეს მოუსმენენ, ვიცი.

 

ლიზა ბათიაშვილისგან კი ასეთი იდეა, საერთაშორისო ფესტივალზე ახალგაზრდა მუსიკოსები წარადგინო, ეს არის მოქალაქეობრივი იდეა. ამან ახალგაზრდული ნოტა შემოიტანა ფესტივალზე.

 

დასკვნით დღეს მუსიკოსებმა ისევ დაუკრეს, იმპროვიზაციებით, ისე იმღერეს, რომ ქალბატონ მარტას, რომელიც მალევე უნდა გაფრენილიყო, წასვლა არ უნდოდა, იჯდა და უსმენდა.

 

ცოტნემ ორი ახალი ნაწარმოები დაუკრა -“დიფტიხი” და “ვალსი”. კულისებიდან გულშემატკივრობდნენ – ნიკოლოზ რაჭველი და ლიზა ბათიაშვილი. ლიზა ამბობდა, ამ ადამიანს რაღაც სხვა ესმის ყურში, რაც ჩვენ არ გვესმისო. ნიკოლოზი ხომ მისი გულშემატკივარია ყველგან.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X