20:51 | 2021-07-09 ავტორი: თამარ გონგაძე

“ასე ხდება ცხოვრებაში. გინდა, რომ დაემშვიდობო მსმენელს, უკვე დროც არის…” – რისთვის ემზადება ნანი ბრეგვაძე

“ასე ხდება ცხოვრებაში. გინდა, რომ დაემშვიდობო მსმენელს, უკვე დროც არის…” – რისთვის ემზადება ნანი ბრეგვაძე

ნანი ბრეგვაძე სიცხეს აგარაკზე გაექცა – წვერში. იქ რამდენიმე დღეს გაატარებს და გეზი წინანდლისკენ უნდა აიღოს. 21 ივლისს, საკუთარ დაბადების დღეს, კონცერტი აქვს.

 


26-28 აგვიტოს ბათუმში ორი საღამოა დაგეგმილი. საფინალო კონცერტით, პრიმა არტისტის იუბილე, ფილარმონიის სცენაზე დაგვირგვინდება.

 

კონცერტების ორგანიზატორი კულტურის პალატა და დავით ოქიტაშვილია. მზადებაში ჩართულია კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია.

 

სამივე კონცერტი, პროგრამითა და კონცეფციით, ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება.

 

ნანი ბრეგვაძე: – შინაგანად ვემზადები ამ კონცერტებისთვის. რეპეტიციები გვქონდა. ყველანაირად მზად ვართ, თუმცა კოვიდსიტუაცია დაიძაბა და რა როგორ იქნება, ვნახოთ.

 

ახლა აგარაკზე ამოვედი, უნდა დავისვენო, თორემ ამ სიცხისგან გავგიჟდი. წვერი ჰქვია ამ ადგილს. წყნეთი უნდა გაიარო, შემდეგ პანტიანია და ქვევით ჩადიხარ წვერში. ისეთი სილამაზეა, სულ მთებში ვართ. არაჩვეულებრივი გარემოა.

 

2021-06-21"მგონი, დიდ სცენასაც დაემშვიდობება..." - დავით ოქიტაშვილი ნანი ბრეგვაძის საიუბილეო გეგმებზე

 

წყალი არ მოდის, მდინარის წყალია შემოყვანილი, გაზიც არ არის. არც მაღაზიაა. მაგრამ ვინც ამ ადგილს ნახულობს, გაგიჟებულები არიან ამ სიმწვანით და ტყეებით. ულამაზესია. ამიტომ თვალს ვხუჭავთ კომფორტზე და სუფთა ჰაერს ვისუნთქავთ, მანქანის ჭაჭანება არ არის. ყოველ წელს ამოვდივარ, მაგრამ წელს სამი-ოთხი დღე ვიქნები და წინანდალში უნდა წავიდე, საკონცერტოდ რეპეტიციები გავიარო.

 

ერთ განყოფილებიანი, პატარა კონცერტი იქნება. ბათუმში ორი კონცერტია გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ ვნახოთ, როგორ გავუძლებ. ძნელია დიდი კონცერტიდან მესამე დღეს კიდევ კონცერტი.

 

შემდეგ შემოდგომაზე საფინალო, დიდი კონცერტია ფილარმონიაში. ახლა ვფიქრობ, რატომ დავთანხმდი-მეთქი. მაგრამ მაინც ასე ხდება ცხოვრებაში. გინდა, რომ დაემშვიდობო მსმენელს, უკვე დროც არის.

 

სიმღერები ახალი ხომ არ დაიწერება, ფორმა შეიცვლება. ნიკოლოზ რაჭველი ახლებურ ინტერპრეტაციას მისცემს, მსმენელისთვის ერთი და იგივე მოსაბეზრებელი რომ არ იყოს.

 

2021-07-07"აგერ ამდენი წელია ვუძლებ ამ გურულ ქალს... დაჩაგრული კაცის ისტორია თუ გინდათ, გიამბობთ" - იმედა კახიანი იუბილარ ცოლსა და ქორწინების 59 წლისთავზე

 

85 წლის ვხდები. წინასწარ ვერ გეტყვით, როგორ ხმაზე ვიქნები, მაგრამ შევეცდები, ისე ვიმღერო, რომ მოგეწონოთ შინაარსით, ინტონაციებით.

 

საკუთარი დაბადების დღე არასდროს მიყვარდა, სახლიდან გავრბოდი და დედა ეპატიჟებოდა ყველას. 21 ივლისს თბილისში არავინ იყო. სადაც ვიყავი, ჩემი მეგორებიც იქ ჩამოდიოდნენ. ახლა რომ ვფიქრობ და ამ ჩაკეტილ დროებას ვადარებ, თურმე ხალხმრავლობა რა კარგი ყოფილა, რომ მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ვმღეროდით და კარგ ხასიათზე ვიყავით.

 

თუმცა მაინც ვმღერით. სიმღერა ორგანულად არის ჩვენში. აუცილებლად უნდა ვიმღეროთ, ვიცეკვოთ და კარგ გუნებაზეც უნდა ვიყოთ. საშინელი დროა, მაგრამ რას ვიზამთ, მომავლით უნდა ვიცხოვროთ. რაც შეგვიძლია სიკეთე და სიხარული მივანიჭოთ ხალხს. მე ეს სიმღერით შემიძლია…

ავტორი: თამარ გონგაძე


X

error: Content is protected !!