20:55 | 2020-05-09 ავტორი: მარი ჯაფარიძე

„ასე გაგრძელება ყოვლად წარმოუდგენელია!“ – დისტანციური სასამართლო პროცესების ხარვეზები

„ასე გაგრძელება ყოვლად წარმოუდგენელია!“ – დისტანციური სასამართლო პროცესების ხარვეზები

პანდემიის პირობებში ბევრი მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომლის გაჩერებაც შეუძლებელია, დისტანციურ პროცესზე გადაერთო.

 

ერთ-ერთი ასეთი გახლავთ სასამართლო. უამრავი საქმე განიხილეს უკვე დისტანციურ რეჟიმში და საინტერესოა, რა სირთულეები ახლავს ამ პროცესს.

 

ადვოკატი ეკატერინე მაჭარაშვილი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ დისტანციური პროცესები ბრალდებულთა უფლებებს შელახავს.

 

– თითქმის ყოველდღე ვატარებ დისტანციურ პროცესს და მინდა გითხრათ, რომ ეს არის საშინელება. განსაკუთრებით – საქმის არსებითი განხილვის დროს.

 

ასე გაგრძელება ყოვლად წარმოუდგენელია. მოწმის დაკითხვა გახლავთ კოშმარი. შეუძლებელია, ეს იყოს ეფექტიანი.

 

ჯერ ტექნიკურადაა გაუმართავი, ინტერნეტი ცუდი ხარისხის მოგვეწოდება და არც პროგრამებია გამართული. ზოგჯერ მე არ მესმის მოწმის ხმა, ზოგჯერ – პროკურორს.

 

მოწმის დაკითხვა ცოცხალი პროცესია და მის ემოციას უნდა ხედავდეს მოსამართლე, უნდა დაინახოს, მიხვდეს, ტყუის თუ სიმართლეს ამბობს.

 

დისტანციურ პროცესებზე ირღვევა ყოველგვარი კანონი.

 

მოწმე რომ სასამართლოში მიდის და ჩვენებას აძლევს, გარდა იმისა, რომ მოწმის ემოციას ხედავ შენც და მოსამართლეც, მასთან გაქვს უშუალო კონტაქტი, აკონტროლებ…

 

ამ დისტანციური პროცესის დროს ეს შეუძლებელია.

 

როდესაც მოწმე ჩვენებას აძლევს, მასთან კომუნიკაცია არავის აქვს.

 

შესაძლებელია, რომ მან კონსულტაცია გაიაროს ადვოკატთან პროცესის დაწყებამდე, მაგრამ როგორც კი მოწმე შევა დარბაზში და დაიწყებს ჩვენების მიცემას, მას კითხვებს უსვამენ მხოლოდ მხარეები და მხარეების ნებართვით – მოსამართლე.

 

მის ადვოკატს არა აქვს უფლება, პროცესის დროს მასთან კომუნიკაცია დაამყაროს.

 

დისტანციური პროცესის შემთხვევაში ეს ირღვევა. გუშინ მქონდა პროცესი, სადაც ადვოკატი გვერდით ეჯდა მოწმეს და უფრო მეტიც – ის ადვოკატის ოფისიდან ჩაერთო.

 

ასეთ დროს შესაძლებლობა აქვს ადვოკატს, რომ მასთან დაამყაროს კომუნიკაცია, ან სულაც დაუწეროს პასუხები, წინ დაუდოს და მოწმემ წაიკითხოს მისი დაწერილი.

 

ჩვენ ვერ ვხედავთ, რა უდევს წინ და რას კითხულობს.

 

პანდემიის პერიოდში მიღებული ბევრი სასამართლო განაჩენი არ იქნება ლეგიტიმური და სამართლიანი.

 

თუ მოწმისგან ვერ მიიღე ნორმალური პასუხები, ადვოკატს გრჩება განცდა, რომ ბოლომდე ვერ მიიღე ყველა ზომა ბრალდებულის დასაცავად.

 

ამის საშუალება არ გეძლევა – მოწმეს სრულყოფილად დაკითხვა ვერ ხერხდება.

 

ამ დროს ირღვევა აბსოლუტურად ყველა კანონი და ბრალდებულის უფლება, ჰქონდეს ეფექტიანი სამართალწარმოება.

 

იძულებული ვართ, ჯერჯერობით გადავდოთ ყველა ის პროცესი, რომელიც ამის საშუალებას გვაძლევს და რომელიც საპატიმრო ვადაში არ არის შეზღუდული.

 

იმედი მაქვს, მალე გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება და სასამართლო პროცესზე მხარეების დასწრებას დაუშვებენ.

 

მესმის, რომ პროცესი საჯაროა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დამსწრე პირებისგან გაათავისუფლონ დარბაზი და მხოლოდ მხარეები დაესწრნენ.

 

რაც შეეხება ბრალდებულს, რომელსაც აღმკვეთი აქვს მისჯილი, ნუ მოიყვანენ სასამართლოში, რადგან მათივე უსაფრთხოების მიზნით, ჯობია, იზოლაციაში იყვნენ და ციხიდან მოხდეს მათი ჩართვა.

 

ეს უფრო გამართლებულია, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე.

 

ამჟამად ძირითადად განიხილება უფრო მსუბუქი საქმეები, სადაც ხდება საპროცესო გარიგებები.

 

მოგეხსენებათ, სასამართლოს აქვს 9-თვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პატიმარ ბრალდებულს განაჩენი უნდა გამოუტანოს.

 

თუ ამ ვადაში ვერ ჩაეტევა, ვერ გააჩერებს პატიმრობაში ვერ ერთი წუთით, ზედმეტად ბრალდებულს და იძულებული იქნება, რომ გამოუშვას და ისე განაგრძოს საქმე.

 

ამიტომ, ვისთანაც ამ 9-თვიან ვადაში ვეტევით, ვცდილობთ, გადავიტანოთ პროცესები. ახლა მაქვს ერთი საქმე, ქალბატონია თაღლითობის მუხლით, რომელსაც 29 მაისს ეწურება ეს 9-თვიანი საპატიმრო ვადა.

 

მოსამართლე ვალდებულია, მანამდე განიხილოს ეს სისხლის სამართლის საქმე. თუ ვერ განიხილავს, უნდა გამოუშვას.

 

საპატიმროებშიც კატასტროფული მდგომარეობაა, თითო ციხეში ერთი ოთხია აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით, საიდანაც ხდება ბრალდებულის ჩართვა.

 

წარმოიდგინეთ, როცა რამდენიმე პროცესია, ვდგავართ რიგში.

 

ამას წინათ პროკურორმა როგორც იქნა, დაჰკითხა მოწმე პირდაპირი წესით, ჭედავდა პროგრამა, სამჯერ დავაწყებინეთ მოწმეს ხელახლა ჩვენების მიცემა.

 

ხან მე ვერ ვიგებდი, ხან – პროკურორი, ხანაც – მოსამართლე.

 

ამის გამო გაგვეწელა პროცესი. მოვასწარით მხოლოდ პირდაპირი დაკითხვა და ჯვარედინი დაკითხვის დროს შევწყვიტეთ, რადგან სხვა პროცესი უნდა ჩატარებულიყო.

 

ოთახებიც კი არ არის საკმარისი, რომ რამდენიმე ბრალდებულმა ერთად მოახერხოს ჩართვა თავის პროცესზე ისე, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.

 

15 წუთში გასაკეთებელ საქმეს 2 საათს ვუნდებით, მიაქვს უზარმაზარი დრო, რესურსი და თანაც – პროცესი მაინც არაა სრულყოფილი.

 

დისტანციურ პროცესებზე ასევე ვერ ვახერხებთ ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს.

 

როდესაც მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს, ტანისამოსზე არსებულ დაზიანებებს ვათვალიერებთ.

 

ვნახულობთ სხვა ნივთიერ მტკიცებულებებს, ფოტო და ვიდეო დათვალიერებას ვახდენთ და დარბაზში არსებულ მონიტორზე ვრთავთ გამოსახულებას.

 

დისტანციური პროცესის დროს ეს შეუძლებელია. აღარაფერს ვამბობ დასკვნით სიტყვაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

იმედია, უახლოეს მომავალში მხარეების დასწრება მაინც იქნება შესაძლებელი, თუნდაც დამსწრე საზოგადოებისა და გულშემატკივრების გარეშე.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X