fbpx
13:47 | 2020-10-15 ავტორი: Prime Time

„არცერთს არ დავტოვებ ცოცხალს“ – ვის ემუქრება მეწყერის შედეგად დაღუპული ლევან თედორაძის დედა

„არცერთს არ დავტოვებ ცოცხალს“ – ვის ემუქრება მეწყერის შედეგად დაღუპული ლევან თედორაძის დედა

ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე 1-ელ ოქტომბერს, სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ლევან თედორაძის ოჯახის წევრებს ხვდება. შეხვედრა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

 

როგორც ჯუმბერ ვარდმანიძე აცხადებს, ხელვაჩაურის მერიაში ტერიტორიის შესწავლის შესახებ განცხადება არ შესულა.

 

„აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ამ საქმის ფარგლებში მე ჯერ არ ვყოფილვარ გამოკითხული. როგორც ვიცი,  დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს. გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – აცხადებს ჯუმბერ ვარდმანიძე.

 

როგორც ტრაგიკულად დაღუპული ლევან თედორაძის დედა აცხადებს, უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვისი უყურადღებობის გამოც დაიღუპნენ მისი ოჯახის წევრები.

 

„ვითხოვთ მერის და გეოლოგიური სამსახურის უფროსის გადადგომას და მათ დასჯას. მათი უპასუხისმგებლობის გამო დატრიალდა ტრაგედია. ახლა გვეუბნება, გამოძიება მიმდინარეობსო. არავინ არაფერს არ გამოიძიებს. ასეთი საქმეებია გამოუძიებელი? არის წლობით შემოდებული თაროებზე.  თუ გამოძიება სამართლიანად არ წარიმართება, მე, გარდაცვლილის დედა, საკუთარი ხელით ვაგებინებ სიცოცხლით პასუხს ყველა დამნაშავეს. არ დავტოვებ არც ერთს ცოცხალს. დამიჭირონ, არ მადარდებს. ან გადადგნენ და დაისაჯონ კანონის შესაბამისად, ან მე აღვასრულებ სამართალს. ამათი უპასუხისმგებლობის გამო დაიღუპა ჩემი ოჯახი. ყველაფერი წაიღო მეწყერმა, არავის მოვუკითხივართ”- აცხადებს ლიანა თედორაძე.

 

ცნობისთვის სოფელ ჯოჭოში მეწყერი 1 ოქტომბერს, ღამით ჩამოწვა. მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი ავტომობილი. გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, მათ შორის ცოლ-ქმარი და მათი არასრულწლოვანი შვილი.


ავტორი: ნაირა ქობულაძე 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X