16:36 | 2020-10-15 ავტორი: Prime Time

არშემდგარი “ღალატის” ქრონიკა – რატომ გაააქტიურა გაუქმებული მუხლის საკითხი “კარტოგრაფების საქმემ”

არშემდგარი “ღალატის” ქრონიკა – რატომ გაააქტიურა გაუქმებული მუხლის საკითხი “კარტოგრაფების საქმემ”

სახელმწიფოს ღალატის შესახებ (307-ე) მუხლი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავა.

 

რას ნიშნავს სახელმწიფოს ღალატი

 

სახელმწიფოს ღალატად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული შემდეგი დანაშაულები.

 

კერძოდ, სახელმწიფოს ღალატს განეკუთვნება: მტრის მხარეს გადასვლა ომის დროს, ომისა თუ მშვიდობის დროს უცხო ქვეყნისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემა, უცხო ქვეყნის სასარგებლოდ შპიონაჟი, ასევე, სეპარატისტული მოლაპარაკებები მოწინააღმდეგესთან ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ და სხვა.

 

2007 წლის 27 აპრილს მიღებული შესწორებით, საქართველოს პარლამენტის მიერ (დოკუმენტის ნომერი: №4698–I) სისხლის სამართლის კოდექსის 307- მუხლი სახელმწიფო ღალატის შესახებ ამოიღეს.

 

2015 წლის მდგომარეობით, საქართველოს სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი ითვალისწინებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებებისთვის გასამართლებას შემდეგი მუხლებით:

 

მუხლი 309. ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება

 

მუხლი 310. საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა

 

მუხლი 311. უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა

 

მუხლი 312. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა

 

მუხლი 313. სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა

 

მუხლი 314. ჯაშუშობა

 

მუხლი 315. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად

 

მუხლი 316. სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა

 

მუხლი 317. მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ

 

მუხლი 318. საბოტაჟი

 

მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება

 

მუხლი 320. სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება

 

მუხლი 321. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა.

 

რატომ გაქრა სახელმწიფო ღალატის 307- მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან

 

როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრი გენპროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია განმარტავს, 307-ე მუხლის გაუქმებასთან დაკავშირებით, თხოვნა საპატრიარქოსგან მოდიოდა.

 

„307-ე მუხლი იყო ბლანკეტური ნორმა, რომელიც მიუთითებდა, რომელი მუხლები ითვლება სამშობლოს ღალატად, ანუ მას დამოუკიდებელი შინაარსი არ ჰქონდა.

 

რაც შეეხება, რატომ მოიხსნა სათაურადაც კი სამშობლოს ღალატი, გეტყვით მარტივად – ეს იყო საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და შუამდგომლობა, რომ ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც ამ ნორმით იყო დაკავებული, სამშობლოს მოღალატედ არ ჩაითვალოს. ესე გვთხოვეს, რომ სამშობლოს ღალატი, ეს მძიმე კლიშე რომ მოეხსნას, იქნება ამ ნორმას შეუცვალოთ სათაურიო“,- განაცხადა მან.

 

რას იძიებს პროკურატურა - დავით გარეჯის საქმის დეტალები 
2020-09-29რას იძიებს პროკურატურა - დავით გარეჯის საქმის დეტალები 

 

განსხვავებულად ფიქრობენ ხელისუფლებაში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ღალატის მუხლის გაუქმებას დავით-გარეჯის სკანდალურ საქმეს უკავშირებს.

 

„საქართველოს პარლამენტმა, 2007 წლის მარტში თუ აპრილში გააუქმა სახელმწიფო ღალატის მუხლი. ჩვენ შეგვიძლია ორი ვერსია ავიღოთ და დავიჯეროთ, რომ ეს დამთხვევა იყო, მაშინ როდესაც 2006 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისხლის-სამართლის რეფორმის პირველი ტალღაც მორჩა და 2007 წელს მიუბრუნდნენ ერთადერთ მუხლს, რასაც სახელმწიფოს ღალატი ერქვა. შეცვალეს, მოდიფიცირება გაუკეთეს,

 

გააუქმეს საერთოდ ასეთი ტერმინი და ეს ემთხვეოდა იმ პერიოდს, როცა კომისიის დონეზე, საექსპერტო დონეზე მიდიოდა შეთანხმებები საქართველოს საუარესოდ, ან ვთქვათ, რომ ეს იყო შეგნებული მოქმედება, რომ ვიღაცისთვის სამომავლო რისკი და ეს ტვირთი მოეშორებინათ.

 

პარლამენტმა 2007 წელს სახელმწიფო ღალატის მუხლი მას შემდეგ გააუქმა, რაც ერთ-ერთი მორიგი შეთანხმების დროს 300-ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა“,- განაცხადა მდინარაძემ.

 

რატომ არის ეს საკითხი აქტუალური დღეს

 

ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც ქართულ მხარეს გარეჯის რუკის დედანი გადასცა
2020-10-02ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც ქართულ მხარეს გარეჯის რუკის დედანი გადასცა

 

„7 ოქტომბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. მათ ბრალად  საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება ედებათ. (სისხლის სამართლის 308-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულები კომისიის საქმიანობისას არ დაეყრდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკას, რის გამოც საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე დადგა. ორივე ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

 

2003-დან 2011 წლის ჩათვლით სახელმწიფოს ღალატისა და მასთან გათანაბრებული მუხლით აღძრული საქმეები:

 

ტელეკომპანიაიმედისდამნფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილისა და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გელბახიანის საქმე

 

ბადრი პატარკაციშვილისა და ვალერი გელბახიანის წინააღმდეგ საქმე 2007 წელს აღიძრა. ბიზნესმენისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დეპუტატი ვალერი გელბახიანი ეჭვმიტანილი იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადებაში.

 

აღნიშნული დანაშაულის მომზადების ფაქტზე შსს-ს სპეციალურ ოპერატიული დეპარტამენტში (სოდ) საქმე 17 დეკემბერს აღიძრა – მას შემდეგ, რაც სოდ-ის დირექტორმა ერეკლე კოდუამ განაცხადა, რომ მას შეხვედრა ჰქონდა დანიშნული ყოფილ მოსამართლესთან მარინა გაბუნიასთან, რომელიც ამჟამად ასევე ეჭვმიტანილია შეთქმულების მომზადებაში.

 

რაც შეეხება პატარკაციშვილს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებაზე დაყრდნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები პატარკაციშვილს შეთქმულების მოწყობასა და სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ.

 

სწორედ ამ ბრალდებების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ 9 ოქტომბერს ნაჩქარევად მოწვეულ სხდომაზე ბადრი პატარკაციშვილისთვის პრეზიდენტობის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი. საბოლოო ჯამში, 2008 წელს პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება შეწყდა.

 

მუხროვანის ამბოხი

 

მუხროვანის ამბოხი 2009 წლის 5 მაისს მოხდა. ამბოხში სულ მცირე, 500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. იმავე დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ამბოხებულები ჩაბარდნენ. მეამბოხეთა ზოგიერთ ლიდერი, მათ შორის, ბატალიონის მეთაური, დააპატიმრეს; სხვებმა კი გაქცევა მოახერხეს. ამ საქმესთან დაკავშირებით რვა ოფიცერი სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს.

სპეცოპერაციისას ერთი სამხედრო პირის ლიკვიდაცია მოხდა. მუხროვანის საქმეზე 41 სამხედრო და სამოქალაქო პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. 31 პირს, რომელმაც აღიარა დაუმროჩილებლობაში მონაწილეობა, საპროცესო გარიგება გაფორმდა. როგორც სასამართლო პროცესზე განმარტეს განსასჯელებმა, მათ ამ ფორმით უარის თქვეს, 26 მაისის სამხედრო აღლუმში მონაწილეობაზე.

 

როგორ მოიპოვა დავით ხიდაშელმა რუკა, რომელიც საქართველოს გადასცა
2020-10-14როგორ მოიპოვა დავით ხიდაშელმა რუკა, რომელიც საქართველოს გადასცა

 

პროკურორმა 4-წლიანი პატიმრობა და 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმა მოითხოვა მე-3 ბრიგადის ყოფილი მეთაურისთვის კახა კობაიძისთვის, ხოლო 4-წლიანი პატიმრობა და 20 000-იანი ჯარიმა – პირველი ბრიგადის ყოფილი მეთაურისთვის დავით სულხანიშვილისათვის. ორივე ყოფილ სამხედრო მეთაურს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებოდა ბრალი.

სულხანიშვილმა დანაშაული აღიარა, ხოლო კობაიძემ ბრალდებები უარყო. გარდა ამისა, მუხროვანის საკითხზე დაკავებული იყო დეპუტატი კობა კობალაძე, რომელიც მოგვიანებით სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

 

საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის საქმე

 

ძალიან საშიშ თამაშში მოვხვდით - მეუფე მელქისედეკი დავით გარეჯის საქმეზე საუბრობს
2020-10-15ძალიან საშიშ თამაშში მოვხვდით - მეუფე მელქისედეკი დავით გარეჯის საქმეზე საუბრობს

 

იმჟამინდელ ხელისუფლებას ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ  საქმე არ აღუძრავთ, თუმცა მას მაშინდელი ხელისუფლება ღიად ადანაშაულებდა სახელმწიფო ღალატში, ამის დასტურად კი გამოაქვეყნეს ბურჯანაძის და მისი ვაჟის სატალეფონო ჩანაწერი, სადაც თითქოს ისინი საქართველოში გრუს ჯარის შემოყვანაზე საუბრობენ.

 

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმე

 

სამხედრო დაზვერვისა და საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა 2011 წლის 17 სექტემბერს საკუთარ სახლში დააკავეს.

 

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, რომელსაც ორგანიზება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გაუკეთა. კერძოდ, გამოძიების თანახმად, ახალაიას გეგმის მიხედვით, №8 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა საკანში, სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს ძალადობა.

 

სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, პოლკოვნიკის წამების მიზანი იყო, რომ მას ქვეყნის საწინააღმდეგო ჯაშუშობა ეღიარებინა.

 

ფოტოგრაფების საქმე

 

სამართალდამცავებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის ივლისში დააკავეს. არცერთი მათგანი თავს არ ცნობდა ჯაშუშობაში დამნაშავედ, თუმცა, მოგვიანებით დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან მალევე გაათავისუფლეს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. 2016 წლის დეკემბერში, მთავარმა პროკურატურამ ოთხივე ფოტორეპორტიორი უდანაშაულოდ აღიარა, 2017 წელს კი სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2011 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით.

 

პროკურატურის განმარტებით, ფოტოგრაფების მიმართ ხელისუფლების ანგარიშსწორების საფუძველი იყო მათ მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც ასახავენ 2011 წლის 26 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევას.

 

2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე პირის  ბურუსით მოცულ გაუჩინარებას და მკვლელობას, წინა ხელისუფლებაში ირიბად, თუმცა არა საჯაროდ სახელმწიფო ღალატს უკავშირებდნენ, მაგალითად:

 

დავით ცინდელიანის საქმე

 

დადის ჭორები, რომ ბიძინამ იყიდა რუკები - ლევან ვასაძე
2020-10-14დადის ჭორები, რომ ბიძინამ იყიდა რუკები - ლევან ვასაძე

 

ხელახალი გამოძიების მტკიცებით, ცინდელიანი კუდმა ზღვაში გაიყვანა, ხელფეხი შეუკრა, ტყვია დაახალა და ზღვაში გადააგდო, ანალოგიური მეთოდით მოკლეს პაატა ქარდავა… ასევე ომის შმდეგ მოკლეს სერჟანტი როინ შავაძე – სერჟანტი როინ შავაძე, წინა ხელისუფლების გამოძიების ცნობით, ნარკოტიკის შენახვა-შეძენის ფაქტზე დააკავეს. მისი მოკვლა კი აუცილებელი იმიტომ გახდა, რომ დაკავებულმა თბილისში ეტაპირების დროს გაქცევა სცადა (იმ დღეებში საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალს რუსეთის არმია აკონტროლებდა.

 

აქამდე პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ გადაწყვიტეს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის ექსტრადაცია ომის დღეებში თბილისში). შავაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში განცხადება გაკეთებული აქვს გივი თარგამაძეს, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელმაც შავაძეს სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი. როინ შავაძეს 28 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულმკერდის არეში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შავაძეს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

 

იგეგმება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ 307-ე მუხლის აღდგენა

 

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ეს საკითხი მომავალი პარლამენტის გადასაწყვეტია.

 

„ამ საკითხზე არ მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა, იქედან გამომდინარე, რომ არჩევნები კარზეა მომდგარი და ბუნებრივია, რომ თუ იქნება ეს საკითხი დღის წესრიგში დამდგარი, ეს ახალი პარლამენტის საქმე იქნება.

 

ამიტომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ მგონია, რომ იყოს რელევანტური გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკური კუთხითაც და კანონმდებლობის კუთხითაც, ეს საკითხი არის ახალი მოწვევის პარლამენტის საქმე, თუმცა მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ მუხლის შეცვლა საჭირო არ იყო, რადგან ამ მუხლს გარდა პრაქტიკული დატვირთვისა, ჰქონდა მორალური დატვირთვაც“,-განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +