00:44 | 2020-04-02 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

არიან ადამიანები, რომლებსაც რამდენიმე ბინა აქვს… – გიორგი გახარია კომუნალური გადასახადების გაუქმებაზე

არიან ადამიანები, რომლებსაც რამდენიმე ბინა აქვს… – გიორგი გახარია კომუნალური გადასახადების გაუქმებაზე

მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს,  რომელიც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში, სრულად დაუფინანსებს გადასახადებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის, გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

პრემიერ მინისტრის თქმით, პროექტი მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადებისგან გათავისუფლებასაც.

 

„ჩვენი ძირითადი ამოცანაა დავამარცხოთ ვირუსი ისე, რომ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში არ შევიდეთ. მთავარია ქვეყანას ამ კრიზისის შემდეგ ეკონომიკური ზრდის პოტენციალი შევუნარჩუნოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს, რომლის ჯანმრთელობაზეც ჩვენ ვზრუნავთ, მის ყოველდღიურ შემოსავლებზეც უნდა ვიზრუნოთ. ვერც ერთმა ქვეყანამ დღეს, პოსტკრიზისული განვითარების გეგმა ჯერ ვერ შექმნა მარტივი მიზეზების გამო. შეუძლებელია დაგეგმარება ამ დროს და ვერავინ განსაზღვრავს ზუსტად, როდის დამთავრდება ეს კრიზისი.

 

არსებობს მოსაზრება, რომ დასრულდება ერთ თვეში, სამ თვეში, ან ერთი წელში. შესაბამისად ყველა ქვეყნის მთავრობა ცდილობს თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე დაეხმაროს თავის მოსახლეობას. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორი ამოცანა. პირველი, დავეხმაროთ ჩვენს კონკრეტულ მოქალაქეს მისი სოციალური პრობლემების მოგვარებაში და მეორე, დავეხმაროთ კომპანიებს, იმაში რომ მათ მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება  და ადამიანების სამსახურებიდან გაშვება იყოს მინიმალური.

 

ქართული ოცნების გუნდმა გამოვნახეთ ბიუჯეტში შესაძლებლობა, რომ მობილიზება მოვახდინოთ 2 მილიარდი ლარის ზემოთ თქმული პრობლემების მოსაგვარებლად. გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მოიხმარს 200 კილოვატამდე ელექტრო ენერგიას და 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს, ამას დამატებული დასუფთავება და წყალი, სრულად თავისუფლდება კომუნალური გადასახადებისგან სამი თვით.

 

200 კილოვატი ელექტროენერგიისგან გათავისუფლება ეხება 1 200 000 აბონენტს. საქართველოში დღეს არის 1 800 000 აბონენტი. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, საქართველოში ბუნებრივი აირის აბონენტი გახლავთ დაახლოებით მილიონამდე. ჩვენ პირდაპირ ვეხმარებით 650 000 აბონენტს. მსგავსი ნაბიჯი არის სოციალური მხარდაჭერის ყველაზე სამართლიანი სტრუქტურა.

 

მესმის, რომ იდეალური არაფერი არ არსებობს, ხარვეზები ყველა შემთხვევაში არის, თუმცა არიან ადამიანები რომლებსაც რამოდენიმე ბინა აქვთ, მაგრამ ჩვენ ვესაუბრეთ ყველა მიმწოდებელს, შექმნილია სტრუქტურა, რომელიც აძლევს ყველა პატიოსან მოქალაქეს უარი თქვას ამ დახმარებაზე თუ მას ეს დახმარება არ სჭირდება. იყო კითხვები იმ აბონენტებზე, რომლებმაც მარტის თვის კომუნალური გადასახადები პატიოსნად გადაიხადა.

 

რა თქმა უნდა მათ სახელმწიფო დაუსუფსიდირებს და ის რაც მათ უკვე გადახდილი აქვთ გადავა შემდგომ თვეზე.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები