fbpx
02:34 | 2021-01-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

არეულობა, სროლა, ევაკუაცია, შეტაკება და შტურმი – კაპიტოლიუმის შენობა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია

არეულობა, სროლა, ევაკუაცია, შეტაკება და შტურმი – კაპიტოლიუმის შენობა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია

მაშინ, როცა აშშ-ის კონგრესში სხდომა მიმდინარეობდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა შენობაში შეჭრა სცადეს, რა დროსაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

ასობით დემონსტრანტი კონგრესში შეჭრას კაპიტოლიუმის გარშემო არსებული ბარიკადების დარღვევით ცდილობდა.

მალევე, ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში, კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტების შეჭრის პარალელურად, აშშ-ის კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა.

 

თავდაპირველად, შენობაში ყველანაირი გადაადგილება შეიზღუდა. სენატორები, თანამშრომლები და ჟურნალისტები გადასაადგილებლად მიწისქვეშა გვირაბებს იყენებდნენ.

 

მოგვიანებით, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა მხარდამჭერებს სიმშვიდისა და სამართალდამცველების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

 

ვაშინგტონის მერმა არეულობის გამო ქალაქში ერთი დღით კომენდანტის საათი გამოაცხადა. კომენდანტის საათი ერთი დღით, 18:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

 

ეს არის გადატრიალების მცდელობა, – ასე გამოეხმაურა კონგრესმენი ადამ კინზინგერი მიმდინარე პროცესებს.

 

კონგრესში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების დროს 5 ადამიანი დაიჭრა. „სიენენის“ ცნობით, ერთ-ერთი დაჭრილია ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

 

ამასობაში, სენატორ ტედ კრუზმა დემონსტრანტებს მოუწოდა, კონგრესის შენობის შტურმი შეეწყვიტათ.

 

 

ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც გამოეხმაურა.

 

„შოკისმომგვრელი სცენები ვაშინგტონში. ამ დემოკრატიული არჩევნების შედეგს პატივისცემით უნდა მოეკიდონ“, – წერს იენს სტოლტენბერგი.

 

ცნობილი გახდა, რომ კაპიტოლიუმის შენობისკენ ეროვნული გვარდია და ფედერალური სამართალდამცავების დამატებითი ძალები გაემგზავრა და სრული მობილიზება გამოცხადდა.

 

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა კი განაცხადა, რომ აშშ-ის კაპიტოლიუმში ძალადობა და დესტრუქცია დაუყოვბნებლივ უნდა შეწყდეს.

 

ნენსი პელოსმა და ჩაკ შუმერმა დონალდ ტრამპს მოუწოდეს, მოსთხოვოს დემონსტრანტებს კაპიტოლიუმის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება.

 

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ მათი “დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის სამიზნეა“

 

„ეს არის თავდასხმა ხალხის წარმომადგენლებზე და კაპიტოლიუმის პოლიციაზე, რომელიც მათ იცავდა. ეს არის თავდასხმა საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ჩვენი რესპუბლიკის გულში მუშაობენ. თავდასხმა კანონის უზენაესობაზე. მკაფიოდ უნდა განვაცხადო, რომ ის ქაოსი კაპიტოლიუმთან უნდა შეწყდეს, ახლავე. ის, რასაც ხედავთ კაპიტოლიუმთან, არ გამოხატავს იმას, რაც ჩვენ სინამდვილეში ვართ. ეს არის ექსტრემისტების მცირე ჯგუფი. მოვუწოდებ ამ ბანდიტებს, უკან დაიხიონ და დემოკრატიას წინსვლის საშუალება მისცენ. პრეზიდენტის სიტყვები ყოველთვის მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა ეს ცუდი, თუ კარგი პრეზიდენტია. საუკეთესო შემთხვევაში, პრეზიდენტის სიტყვები შთაგაგონებს, უარეს შემთხვევაში წაგაქეზებს.

 

კაპოტოლიუმის შტურმით აღება, ფანჯრების მსხვრევა, ოფისების დაკავება, სენატში და წარმომადგენელთა პალატაში შეჭრა, არჩეული ოფიციალურ პირების მუქარა, არ არის პროტესტი. ეს არის აჯანყება. ამას მსოფლიო უყურებს, ისევე როგორც ამერიკელები. ნამდვილად შოკირებული და დამწუხრებული ვარ, რომ ჩვენი ერი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში არის იმედის სინათლე და დემოკრატიის შუქურა, ასეთ ბნელ მომენტამდე მოვიდა. თუმცა ჩვენ კვლავ გავუძლებთ და უფრო ძლიერები ვიქნებით. შემდეგი ოთხი წელი ვიმუშავებთ დემოკრატიის აღსადგენად“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

კონგრესში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველიც დაშავდა.

 

მოგვიანებით, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, ეროვნულ ტელევიზიაში მივიდეს და მისი მხარდამჭერების აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრა დაგმოს.

 

და გავრცელდა ტრამპის მიმართვაც: „სახლში უნდა წახვიდეთ, პატივი უნდა ვცეთ კანონისა და წესრიგის დამცველ ხალხს, არ გვსურს, რომ ვინმე დაშავდეს“.

 

ადგილზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X