15:48 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

არჩილ თალაკვაძე: შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა

არჩილ თალაკვაძე: შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა

„პრეზიდენტ მიშელის, ამერიკის საელჩოს და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა“, –  წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.

 


 

„შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა, ისე, რომ ბოლოს ამან ცალმხრივი ხასიათი მიიღო, რაც შეთანხმების იდეას ეწინააღმდეგება.

 

შეთანხმება რომელსაც ხელს 115 დეპუტატი აწერდა მართლაც გაუქმდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 115-დან 84 დეპუტატი უმრავლესობის წევრია. ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტს და ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობას(!) ამ დოკუმენტზე ხელი არ აქვს მოწერილი. მეტიც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არათუ სიტუაციის დეპოლარიზაციისკენ გადადგა ნაბიჯები, არამედ ამ დოკუმენტის გამოყენებით კიდევ უფრო მეტად შეეცადა პროცესების რადიკალიზაციას, გაზარდა დაპირისპირების დონე და სრულად ჩართო დეზინფორმაციის მანქანა.

 

შესაბამისად, ბუნებრივია მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია და რადიკალიზაციის მთავარი წყარო 100 დღეა არც მიშელის შეთანხმებას შეერთებია და არც პროცესების რადიკალიზაცია შეუწყვიტავს.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა და შემდგომმა პოლიტიკურმა მოლაპარაკებებმა, რომელიც პრეზიდენტ მიშელის შეთანხმებით დასრულდა, უზრუნველყო პარლამენტში მრავალპარტიული წარმომადგენლობა და წერტილი დაუსვა “ნაციონალური მოძრაობის” მონოპოლიას ოპოზიციაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდი “ქართული ოცნება” მომავალზეა ორიენტირებული და საზოგადოების მხარდაჭერით, მზად არის კიდევ ერთი გამარჯვებისთვის! შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც გამჭვირვალედ, გაუმჯობესებული რეგულაციებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩავატარებთ. შედეგად, თვითმმართველობის არჩევნების დასრულებიდან დაახლოებით 1 თვეში, რადიკალური ძალების დღის წესრიგი ამოიწურება, ქვეყანას ექნება შესაძლებლობა მოიპოვოს სიმშვიდე და ხელისუფლების ეფექტური მუშაობით, მოქალაქეთა ჩართულობით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გადავიდეს განვითარების ნორმალურ რეჟიმში“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

 

 

(NS)

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!