19:10 | 2020-06-03 ავტორი: Prime Time

არასრულწლოვანი, რომელმაც ბავშვი გააჩინა და ნაგავში გადააგდო, შესაძლოა ძალადობის მსხვერპლი იყოს

არასრულწლოვანი, რომელმაც ბავშვი გააჩინა და ნაგავში გადააგდო, შესაძლოა ძალადობის მსხვერპლი იყოს

გლდანის ხევში გუშინ მომხდრმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა – არასრულწლოვანმა გოგონამ სახლში იმშობიარა, ჩვილი კი ნაგავსაყრელზე გადააგდო.

 

ასეთია წინასწარი ოფიციალური ინფორმაცია.

 

ჩვილის ცხედარი ექსპერტიზაზე პატრულმა გადაიყვანა და ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის მოკვიდენბას გულისხმობს.

 

გოგონა გამოძიებამ მოწმის სტატუსით, სოცმუშაკის და ფსიქოლოგის თანდასწრებით დაკითხა.

 

გლდანი ნაძალადევის ცენტრის სოციალური მუშაკი გვანცა ღონღაძე რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას ამბობს:

 

„რაც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენი სამსახური გამოკითხვას დაესწრო საპროცესო წარმომადგენლად, რადგან დედა არის არასრულწლოვანი.

 

საპროცესო წარმომადგენლობას სწევდა ჩვენი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ფსიქოლოგი არასრულწლოვანთან მუშაობას კვლავ გააგრძელებს.

 

მას საბოლოო დასკვნა ჯერ არ დაუწერია, უბრალოდ ესწრებოდა გამოკითხვას იმიტომ, რომ გამოკითხვისას ბავშვი ფსიქოლოგიური ან ემოციური ზეწოლის მსხვერპლი არ ყოფილიყო“.

 

ფაქტს რადიო „თავისუფლებასთან“ აფასებს უფლებადამცველი ანა აბაშიძეც, რომელსაც ამ საქმის სენასციურ ჭრილში წარმოჩენა მიუღებლად მიაჩნია:

 

„მედიამ უნდა დაიცვას ზღვარი სენსაციას, საზოგადოებრივ ინტერესსა და სამართლიან გაშუქებას შორის. გუშინ, ამ ყველაფერს მედიამ თავი კიდევ ერთხელ ვერ გაართვა.

 

ასეთი მგრძნობიარე და ტრაგიკული საქმის გაშუქება და შესწავლა, რომელსაც, დიდი ალბათობით, ორი მსხვერპლი ჰყავს – ბავშვი და ბავშვი, უნდა მოხდეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე.

 

სიმართლეს, ცხადია, გამოძიება და სასამართლო დაადგენს, მაგრამ მანამდე, მედიამ უნდა თქვას უარი ცდუნებაზე იყოს მოსამართლე. ჩვენ, რეალურად, არ ვიცით, რა მოხდა.

 

შესაძლოა, ჩვენ სახეზე გვყავს ორი მსხვერპლი და საერთოდ სხვა დამნაშავე.

 

თუკი დამნაშავე არასრულწლოვანია, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ის ბავშვია და უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმსაჯულების წესები ბავშვებთან მიმართებაში იცვლება.

 

ამიტომ ნუ მოვიქცევით ისე, რომ მართლმსაჯულება დადგეს, მაგრამ მან შეიწიროს თუნდაც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის ინტერესები.

 

ეს არ არის ყაჩაღობის ან ქურდობის საქმე, ეს არის სოციალური პრობლემა, და ასეთ სიტუაციებში, ხშირად, სასამართლოში სრულიად იცვლება სურათი და ვისაც დამნაშავედ თვლიდა საზოგადოება, საბოლოოდ, ის მსხვერპლი გამოდის.

 

ასე რომ, არ არის გამორიცხული, რომ, შესაძლოა, ამ საქმეშიც იგივე შემთხვევასთან გვქონდეს საქმე და მანამდე ნუ გამოვიტანთ განაჩენს ნურც მედია და ნურც საზოგადოება“.

 

იურისტი ანა თავხელიძე კი მიიჩნევს:

 

„გამოძიებამ უნდა იკვლიოს, ვინ არის ჩვილის მამა, ხომ არ იყო მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, იყო თუ არა ბავშვი აღრიცხვაზე სამედიცინო დაწესებულებაში, ჰქონდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციას, აუცილებლად უნდა შეფასდეს ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა“.

 

ვრცლად თემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ → რადიო „თავისუფლება“. 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები