17:14 | 2021-05-04 ავტორი: თამარ გონგაძე

„არ ვიცი, ღირს თუ არა ამის თქმა… სინანული მაქვს ახლა” – რას ნანობს კახი კავსაძის ძმა, იმერი კავსაძე

„არ ვიცი, ღირს თუ არა ამის თქმა… სინანული მაქვს ახლა” – რას ნანობს კახი კავსაძის ძმა, იმერი კავსაძე

ხვალ კახი კავსაძის გარდაცვალებიდან მეცხრე დღე გავა. როგორც ლეგენდარული მსახიობის ძმა, იმერი კავსაძე ამბობს, გუშინ საფლავი მოინახულა და იქ ყვავილების მთა დახვდა.

 

ამბობს, რომ ჯერ უჭირს იმის დაჯერება, რომ კახი ცოცხალი აღარ არის.

 

იმერი კავსაძე: – იქ რა უნდა კახის? მაგრამ ვიცი, კახი უფრო ამაღლებულშია. ვნების კვირაში წავიდა და დედაჩვენის დაბადების დღეს დაიკრძალა. დედა, თამარ ცაგარეიშვილი 1 მაისს იყო დაბადებული. ბავშვობიდან კაკალას ეძახდნენ. ჩვენმა დედიკომ, მამიკომ და ბელამ ჩაიხუტეს კახი. ეს იმის უფლებას მაძლევს, ვირწმუნო, რომ როცა მეც წავალ, ისინი ერთად დამხვდებიან.

 

გადაცემებს ვუყურებ, ფილმებს უშვებენ, “ფეისბუქზე” მხვდება ადამიანების პოსტები, თუ როგორ განიცდიან კახის წასვლას, როგორ ტკივათ ეს, მაგრამ ჯერ ჩემამდე ეს ინფორმაცია არ მოდის, ჯერ ისევ გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ. ბურანში ვარ. რაღაცას გავიგებ და ისევ ვფიქრობ, ახლა წავალ და კახის ვეტყვი-მეთქი. აი, დღეს მქონდა ასეთი მომენტი. მედიცინასთან დაკავშირებით რაღაც გავიგე, წავალ კახისთან-მეთქი. მაგრამ მერე გამახსენდა, რომ აღარ არის.

 

2021-04-27"ეს ამბავი თუკი ვინმეს გაუხარდა იქ, ეს გივია... მამაჩემიც ვნების კვირაში გარდაიცვალა" - მანანა ბერიკაშვილი

 

კახის კითხეს ერთ-ერთ ინტერვიუში, ბელას გარეშე როგორ ცხოვრობთო? მე ვსწავლობ როგორ ვიცხოვროო. მეც უნდა დავიწყო იმის სწავლა, როგორ ვიცხოვრო მის გარეშე.

 

 

იმერი კავსაძემ უკანასკნელად თებერვალში იკონტაქტა უფროს ძმასთან, კლინიკაში წასვლის წინ. მას შემდეგ მხოლოდ ლევან რატიანისგან იგებდა კახის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამბავს.

 

იმერი კავსაძე: – საავადმყოფოში დაწოლამდე ვიკონტაქტეთ უკანასკნელად. მერე აღარ. იცით, რა კარგად იყო? ვგიჟდები. მშვენივრად იყო. სულ იუმორით და შაყირით საუბრობდა. ჩვენ უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის.

 

კახი დედასთან, თამარ ცაგარეიშვილთან ერთად

 

არ ვიცი, ღირს თუ არა ამის თქმა. დედას წასვლაზე არ მიტირია ამდენი… დედას გეფიცებით. დედაჩემი მამაჩემთან წავიდა. კახის წასვლა ჩემთვის მოულოდნელი იყო. ამ ინფორმაციის მისაღებად მომწიფებული არ ვარ. მე ბოლომდე მჯეროდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა. ბოლომდე! მიუხედავად იმისა, რომ მძიმედ იყო ბოლოს, მაინც ვფიქრობდი, რომ გამოკეთდებოდა, რადგან ძლიერი იყო, სულითაც და ფიზიკურადაც.

 

მთელი ცხოვრება ისე გავატარე, კახის არ მოვფერებივარ. სიყვარულით ერთი სიტყვა არ მითქვამს მისთვის. და ამის სინანული მაქვს ახლა. რომ დავემშვიდობე, მოვეფერე და ვუთხარი: შენ ჩემგან ასეთი მოფერება არასდროს გიგრძვნია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის სულის ამოთქმას ვგრძნობდით-მეთქი. ძალიან მიჭირს საუბარი…

ავტორი: თამარ გონგაძე


X