fbpx
21:27 | 2020-06-04 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

არ შეიძლება, ერთი ბინა მეღირსოს, არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების? – 9 აპრილის გმირი დახმარებას ითხოვს

არ შეიძლება, ერთი ბინა მეღირსოს, არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების? – 9 აპრილის გმირი დახმარებას ითხოვს

მისი სახელი, გვარი და ნამღერი 9 აპრილთან ასოცირდება. იმ ტრაგიკულ ღამეს, თავის მეგობრებთან ერთად, მომიტინგეებს თავისი ნამღერით ამხნევებდა.

 

მას შემდეგ, ლელა ვეფხვაძის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. უკვე წლებია, მეტროში ნამღერით მიღებული მოწყალებით არჩენს ოჯახს.

 

რაც თავი ახსოვს იბრძვის, იბრძვის შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და უკეთესი მომავლისთვის… გული სწყდება, რომ საზოგადოებას მხოლოდ 9 აპრილს ახსენდება…

 

ცხოვრებისეულ პრობლემებთან ჭიდილმა, არსებობისთვის ბრძოლამ და მეტროში სიმღერამ უსინათლო ქალბატონი ძალიან დაღალა.

 

ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, სახლში დარჩენის უფლებას საკუთარ თავს არ აძლევს. ბინის ქირას და საკვების ფულს სხვანაირად ვერ გამოიმუშავებს…

 

დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება საკუთარი ჭერი. უკვე 27 წელია, უბნიდან უბანში, ბინიდან ბინაში საკუთარ ნივთებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობს.

 

ქირით ცხოვრებამ დამღალაო ამბობს. უკვე ორი წელია, ვარკეთილში შვილთან შვილიშვილთან და ხანდაზმულ დედასთან ერთად ცხოვრობს.

 

გუშინ, საღამოს, ბინის მეპატრონემ დაურეკა და უთხრა, ბინას ვყიდი და სასწრაფოდ უნდა დაცალოო…

 

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვე შემოსავლის გარეშე იყო დარჩენილი. პანდემიის შემდეგ, ის დღეს გავიდა პირველად მეტროში სამღერად.

 

 

„ისევ, ისევ აბარგება! გუშინ, სახლის პატრონმა დამირეკა და მითხრა, რომ ბინის გაყიდვა უნდათ, სასწრაფოდ დაცალეთო. აღარ ვიცი რა ვქნა…

 

ჯერ ბინა უნდა ვიპოვნო, თან ისეთ ადგილას, რომ ადვილი იყოს ორი უსინათლო ადამიანისთვის სასიარულოდ. ამის გარდა, პრობლემაა ხელშეკრულების გაფორმება. ეს იშვიათად ხდება.

 

ცოტანი თუ არიან თანახმა, წამოვიდნენ ნაწილობრივ დაფინანსებაზე. ბინის ქირის ნაწილს თბილისის მერია გვიხდის, გარკვეულ თანხას ჩვენ ვამატებთ… დავიღალე ხალხო, დავიღალე!

 

31 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ახლა ბინის ქირისთვის - 9 აპრილის უსინათლო გმირი
2020-04-0931 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ახლა ბინის ქირისთვის - 9 აპრილის უსინათლო გმირი

 

ნუთუ, არ შეიძლება, ერთი ბინა მეღირსოს, რომ დავეგდო და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების… წარმოდგენა არ მაქვს, ახლა რა უნდა ვქნათ.

 

იმ დღეს შვილიშვილი ამბობდა, ეს სახლი ჩვენი რომ იყოს რა მოხდებაო, ვერაფერი ვუპასუხე. ახლა რა უნდა ვქნათ, არ ვიცი…“ -ამბობს ლელა ვეფხვაძე.

 

„პრაიმტაიმი“ მის უფროს შვილს ნატალია ვეფხვაძესაც ესაუბრა.

 

„რაც თავი მახსოვს სულ ქირით ვცხოვრობთ. მხოლოდ ფონიჭალაში ოთხი საცხოვრებელი გამოვიცვალეთ.

 

იმისა გამო, რომ ქირის ნაწილს მერია გვიხდის და ნაწილს ჩვენ ვამატებთ, ბევრი არ თანხმდება ამ შეთავაზებას.

 

ამიტომ, ბინის პოვნა ძალიან გვიჭირს ხოლმე. მერე, საცხოვრებლად ვარკეთილში გადმოვედით. 27 ივლისს ორი წელი ხდება, რაც ვარკეთილში, ამ ბინაში ვცხოვრობთ.

 

საშინელებაა უბნიდან უბანში, ბინიდან ბინაში გადაბარგება. იმის გარდა, რომ ამ დროს ნივთები ზიანდება, ძნელია ბინის პოვნა. მოგეხსენებათ ჩვენი შემოსავალი დედაზეა დამოკიდებული.

 

იმის გამო, რომ ლელა მეტროში მღერის, ვცდილობთ ბინა მასთან ახლოს ვნახოთ, რაც ძალიან ძნელია…

 

ლელას ძალიან უჭირს გადაადგილება… გუშინ, როცა ბინის მეპატრონემ დაგვირეკა და დაცლა გვთხოვა, ლელა ცუდად გახდა.

 

გუშინ, საღამოს ბინის მეპატრონემ დაგვირეკა. ძალიან მინდა, რომ თქვენ შეიძინოთ ეს ბინაო.

 

ჩვენთვის ეს წარმოუდგენელია, უფრო სწორად მხოლოდ ოცნება შეგვიძლია მასზე და სხვა არაფერი. 35 ათას დოლარს აფასებს… ჩემი შვილი სულ იმას მეუბნება, დედა ხომ შეიძლება ეს სახლი ჩვენი იყოსო.

 

9 აპრილის მომღერალ-მომიტინგე ოთხი უსინათლო ქალბატონისგან, ცოცხალი მხოლოდ ლელა ვეფხვაძეა.

 

31 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, ცოცხალი გმირი ქალი, სამი ათეული წლების შემდეგ, თავშესაფარს ეძებს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X