20:08 | 2020-06-18 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

არ მინდა ეს ჩემმა მოსწავლეებმა გაიგონ… – მასწავლებლის მძიმე ისტორია

არ მინდა ეს ჩემმა მოსწავლეებმა გაიგონ… – მასწავლებლის მძიმე ისტორია

მიუხედავად იმისა, რომ სიარული უჭირს, დედაქალაქის ქუჩებში მძიმე ნაბიჯებით მაინც გადაადგილდება. ყველა ძველი ტაძრისა თუ შენობის ისტორია ზეპირად იცის.არ ბეზრდება საუკუნის წინანდელი ძეგლების არქიტექტორებზე საუბარი.

 

92 წლის მიშა შუკაკიძე ახლა, წარსულით ცხოვრობს. 75 წელი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. მთელი შეგნებული ცხოვრება პროფესიას მიუძღვნა და ცდილობდა ცოდნა სხვებისთვის გაეზიარებინა.

 

ცხოვრებამ ბევრი კარგიც ანახა და ცუდიც, ახლა განვლილ წლებზე დარდობს. ამბობს, რომ ბევრ რამეს შეცვლიდა.

 

მიშა პაპა ახლა, პროსტატის სიმსივნეს ებრძვის. ექიმებმა მძიმე დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დაუსვეს. მანამდე სახსრები, ფილტვები და დიაბეტი აწუხებს.

 

მთელი ცხოვრება საჩხერეში გაატარა. გასულ წელს, მძიმე ავადმყოფობის გამო ნათესავმა თბილისში ჩამოიყვანა და სანამ ექიმებთან გამოკვლევებზე ატარებდა, დროებით ახლობლის ოჯახში მიიყვანა.

 

ის ნათესავი უკეთესი ცხოვრების საძიებლად საზღვარგარეთ წავიდა. მიშა პაპა საჩხერეში ვეღარ დაბრუნდა. ასე იქცა სრულიად უცხო ადამიანი სხვისი ოჯახის მუდმივ ბინადრად.

 

ახლა, მასზე ერთი ოჯახი ზრუნავს, მაგრამ პანდემიიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, ოჯახი მიშა პაპას ძვირადღირებულ მედიკამენტებს ვეღარ სწვდება.

 

„იმერელი კაცი ვარ, საჩხერეში დაბადებულ-გაზრდილი. 75 წელი სკოლაში რუსული ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი.

 

ბოლო 2-3 წელია რაც წამოვედი სკოლიდან. ჯანმრთელობა შემერყა, მაგრამ ღმერთის წყალობით, კარგი მეხსიერება მაქვს. ხშირად ვფიქრობ განვლილ ცხოვრებაზე.

 

როცა სკოლა დავამთავრე და უმაღლესში ჩაბარება მოვინდომე, ქვეყანაში დიდი გაჭირვება იყო, ბევრი ვიბრძოლე და მაინც გავხდი სტუდენტი. მინდოდა ჩემი ცოდნით საზოგადოებას გამოვდგომოდი.

 

ყოველთვის ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს თეატრი. საჩხერიდან დედაქალაქში სპეციალურად სპექტაკლზე დასასწრებად ჩამოვდიოდი და მერე ისევ უკან ვბრუნდებოდი.

 

ძალიან მიყვარს თბილისი თავისი ძველი არქიტექტურით. თითქმის ყველა ძეგლის ისტორია, დამპროექტებელ-მშენებლებით ზეპირად ვიცი.

 

ყოველთვის მინდოდა მეცხოვრა თბილისში, მაგრამ არასდროს მქონდა იმის საშუალება, რომ სახლი მეყიდა, თან მშობლებს ვერ ვუღალატებდი.

 

ახლა, რომ გითხრათ საჩხერის ნოსტალგია მაქვს-მეთქი, არა. არ მიყვარს მარტოობა და რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ის მოხდა.

 

მარტოობას ვერაფრით შევეგუე. მას შემდეგ, რაც ახლობელი ადამიანები დავკარგე, მარტო ვცხოვრობდი. ერთი წლის წინ ჯანმრთელობა ძალიან შემერყა.

 

ადგილზე დიაგნოზი, რომ ვერ დამისვეს, საჩხერიდან ნათესავმა თბილისში გამოკვლევებზე ჩამომიყვანა. დროებით თავისი ახლობლის ოჯახში მიმიყვანა და უკვე 11 თვეა აქ ვარ.

 

ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ძალიან არ მინდა ის ოჯახი გავაწვალო, სადაც ახლა ვცხოვრობ.

 

კეთილშობილი დიასახლისია დარეჯანი. შვილივით მივლის. მიუხედავად იმისა, რომ სიარული მიჭირს, მასთან ერთად ხშირად გავდივარ ქუჩაში. ვათვალიერებ ძველ შენობებს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ…

 

2020-06-18"წარმოდგენა არ მაქვს, სად უნდა წავიდე" - უკიდურესად გაჭირვებული რეჟისორი დახმარებას ითხოვს

 

ახლა განვლილ წლებს, რომ ვიხსენებ ბევრ რამეზე მწყდება გული. ბევრს ვნანობ, მაგრამ უკვე გვიანია. მყავდა მეუღლე და შვილები. პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მინდა, წარსულში დავტოვე.

 

მარტოხელა კაცი ვარ. გული მწყდება, რომ მთელი ცხოვრება პედაგოგობას მივუძღვენი და სათანადო დაფასება არ მაქვს. ახლაც ძალიან არ მინდა ეს სტატია იმ ადამიანებმა ნახონ, რომლებსაც ვასწავლიდი.

 

რას იტყვიან, მიშა მასწავლებელი მთელი ცხოვრება იმას დაგვძახოდა ისწავლეთ ცხოვრებაში გამოგადგებათო და ახლა, თვითონ როგორ დღეშიაო.

 

არ მინდა ჩემმა მოსწავლეებმა, რომლებსაც პედაგოგობა აქვთ გადაწყვეტილი, ჩემმა ისტორიამ ეს არჩევანი გადააფიქრებინოთ.

 

გული მწყდება, რომ აღარ მაქვს პერსპექტივა ვაკეთო კეთილი და სასარგებლო საქმე, რითაც სხვას გავახარებ. ნეტავ იმდენი შემაძლებინა, რომ ჩემს დიასახლისს დარეჯანს ისეთი რამე გავუკეთო, რაც ჩემგან დარჩება სამახსოვროდ.

 

წლების წინათ ხეზე ვმუშაობდი, მინდა ისევ ვაკეთო სკამები და ქვასანაყი. სინდისიც მაწუხებს და ნამუსიც, სრულიად უცხო ადამიანი, რომელიც ძალიან ახლობელი გახდა, ჩემს გამო ძალიან ბევრს შრომობს და წვალობს.

 

უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ჩემი დიასახლისი წვალობს ჩემს საკვებსა და მედიკამენტებზე. ძვირადღირებული წამლები პროსტატის ტკივილს შედარებით მიყუჩებს. მედიკამენტების გარდა გამოკვლევებიც ძვირი ჯდება.

 

მჯერა, რომ ისევ გამოვკეთდები, ისევ შემოვივლი საყვარელ ადგილებს, მივიღებ გოგირდის აბაზანებს და გავაკეთებ სასარგებლო საქმეს.“ – ამბობს მიშა პაპა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

X