16:28 | 2021-07-19 ავტორი: თამარ გონგაძე

“არ მიმატოვო, მამა, გთხოვ…” – მალხაზ ქვრივიშვილის 9 წლის ვაჟმა ყველა ატირა

“არ მიმატოვო, მამა, გთხოვ…” – მალხაზ ქვრივიშვილის 9 წლის ვაჟმა ყველა ატირა

“ტყვია” ეს არის დრამა, რომელსაც ცოლ-ქმარი იღებს. შემოქმედი ცოლ-ქმრის ტანდემი კი ასეთია: ხათუნა ვაშაძე ამჯერად კინორეჟისორის ამპლუაშია, მსახიობი გიორგი აზნაური კი – აღმასრულებელი პროდიუსერის რანგში ცდის ბედს.

 


ვაშაძე-აზნაურის ტანდემი პირველია, ფილმიც დებიუტია რეჟისორისთვის.

 

ზაზა მაღალაშვილი

 

სცენარის ავტორები არიან გიორგი გოგეშვილი და დავით ისრაელიანი. საბოლოო სახე კი სცენარს, ხათუნა ვაშაძემ მისცა და ასე შეიქმნა დრამა. მოქმედება თანამედროვე დროში ვითარდება.

 

მთავარ როლებში ვიხილავთ: – გიორგი მეგრელიშვილს, ზაზა მაღალაშვილს, ნინო ლეჟავას, გიორგი აზნაურს, მალხაზ ქვრივიშვილს, ზვიად დოლიძეს, მალხაზ ასლამაზიშვილს, ბექა თურმანიძეს…

 

ცნობილი ხელოვანები – რამაზ ჩანტლაძე, კახა ბაკურაძე, სანდრო ნიკოლაძე, დავით ქაფიაშვილი კი თავიანთი სახელითა და გვარებით და შემოქმედებით შემოდიან დრამატურგიაში.

 

გადაღებები ივლისში დაიწყო და აგვისტოს ბოლომდე გასტანს. ლოკაციებია – თბილისი, წყნეთი, კოჯორი, ბაზალეთი, ყვარელი.

 

ხათუნა ვაშაძე და გიორგი აზნაური

 

ხათუნა ვაშაძე: – 1982 წლიდან კინოსტუდიებში და ტელევიზიაში ვმუშაობდი. “ტყვია” ჩემი კინოდებიუტია.

 

სცენარი მომეწონა. დამაფიქრებელი და ჭკუის სასწავლებელი ფაბულა აქვს. კიდევ ერთხელ ნახავთ, დაუდევარმა ქმედებამ, რა უბედურება შეიძლება მოიტანოს.

 

დღეს, როდესაც ფულით ყველაფერი მოისყიდება, ვნახავთ, საბოლოო ჯამში, მაინც რა იმარჯვებს, ფული თუ ადამიანური ღირსება?

 

გიორგი მეგრელიშვილი

 

ბუნებრივია, სიუჟეტს ვერ მოვყვები, გეტყვით, სასწაული ამბები ტრიალებს.

 

გიორგი აზნაური: – როგორც ხდება ცხოვრებაში, ისეა ჩვენს კინოშიც. შეიძლება უღირსი საქციელი ფულით გადაფარო. თუმცა პერსონაჟები, რეალურად, მაინც ღირსებას და კაცობას არჩევენ.

 

ცხოვრება გეუბნება, ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონია და დაგიგეგმავსო. მეც მაცალეო.

 

მე მხატვრის როლში მნახავთ. კინოში გამოცდილება მაქვს, თუმცა ამჯერად პროდიუსერის რანგშიც ვარ.

 

გიორგი აზნაური

 

ფილმში მალხაზ ქვრივიშვილი მთავარი გმირის მამის როლშია. ზაზა მაღალაშვილის გმირი, ბავშვობაში შემთხვევით გავარდნილი ტყვიით, კლავს მამას. გმირის ბავშვობის როლს ანდრია ქვრივიშვილი ასრულებს, მახოს ცხრა წლის ვაჟი. გიორგი აზნაური კი, ცხოვრებაში, ანდრიას ბაბუა (დედის მამა) გახლავთ.

 

მალხაზ ქვრივიშვილი: – მე და ანდრია ეპიზოდურ სცენას ვთამაშობთ. კოჯრის ტყეში ვიღებდით. პირველი როლია მისთვის და კარგად ითამაშა, ყველა ატირა. ერთი სიტყვით ავუხსენი და მაშინვე გაიგო, რაც უნდა გაეკეთებინა.

 

დედაჩემი ანდრიას ჩააკვდა ხელში და ეს ემოცია მისთვის ნაცნობი იყო. რა უნდა გავაკეთოო რომ მკითხა, ვუთხარი, ხომ გახსოვს, რასაც მე დედაჩემს ვეუბნებოდი, შენც ის ემოცია უნდა გქონდეს-მეთქი.

 

ისიც ვუთხარი, მე რომ მოვკვდე, თუ ამას წარმოიდგენ, ითამაშე-მეთქი. აუ, არა, მაგას ვერ ვითამაშებო. მერე ბებოს გარდაცვალება გავახსენე და შეძლო.

 

მალხაზ და ანდრია ქვრივიშვილები

 

მერე, მეორე დუბლის გადაღება რომ მოითხოვეს, ახლო ხედით და სხვა რაკურსით, მეორედ ვეღარ გავიმეორებო, თქვა ანდრიამ, იმდენად ემოციური იყო მისთვის ეს სცენა. მაგრად განიცადა, როლში კარგად შევიდა.

 

გადაღების დროს აქეთ გამაფუჭა კიდეც. “მკვდარი” ხომ ვიყავი და ისეთ ფრაზებს იგონებდა, არ მიმატოვო, მამა, გთხოვო… კიდე ამბობდა რაღაც ფრაზებს, ოღონდ არ ვიცი, საიდან მოჰქონდა. თავი ვერ შევიკავე და გამეცინა. ფხუკუნით წამოვხტი.

 

 

კარგი გუნდია, კარგად მიდიან. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. თუ ვინმეს გამოვადგები, აქ ვარ. მიხარია, ასეთი გამოსხივება ჩემს პროფესიაში.

 

ნინო ლეჟავა ერთ-ერთი მთავარი გმირის ცოლის როლშია. ის რეჟისორმა როლზე უქასთინგოდ დაამტკიცა.

 

ნინო ლეჟავა: – როგორც მითხრა, რეჟისორს თავიდანვე სურდა ამ როლში მე მეთამაშა. დრამატულად რთულად შესასრულებელი როლია. არის უსიტყვო სცენები, რომელიც სათამაშოდ კიდევ უფრო ართულებს როლს.

სამუშაოდ ძალიან საინტერესოა ჩემთვის.

 

 

დიდი ხანია (დაახლოებით ორ ათეულ წელზე მეტია) მხატვრულ ფილმში მონაწილეობა არ მიმიღია და ნდობისთვის რეჟისორის მადლიერი ვარ. ღირებულ როლზე მუშაობა ძალზედ მნიშვნელოვანია მსახიობისთვის.

 

ერთ მუშტად შეკრული, მიზანდასახული, ენთუზიაზმით აღსავსე გუნდია, ეს კი ისეთ ენერგეტიკულ რგოლს კრავს, რომ მე ვფიქრობ, ამ ფილმმა დიდი წარმატება უნდა მოიტანოს.

 

 

ფილმს მუსიკალურად აფორმებენ სანდრო ნიკოლაძე და ჭაბუკა ამირანაშვილი.

 

პროექტის გაპიარებაში ჩართულნი არიან “ქართული კინო საზღვრებს გარეთ”, ჩვენი ემიგრატები, რათა ფილმი ბევრ ფესტივალზე მოხვდეს.

 

შემოქმედებითი ჯგუფი შემოდგომის მიწურულს ფილმის პრემიერაზე ფიქრობს.

 

“გვინდა მსახიობებმა საპრიზო როლები დადონ. “ტყვია” მსოფლიოს ბევრ ფესტივალზე მოხვდეს” – “პრაიმტაიმთან” ამბობს ხათუნა ვაშაძე.

 

სხვა საინტერესო ამბების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში “ყველა სიახლე”

ავტორი: თამარ გონგაძე


X

error: Content is protected !!