18:06 | 2020-06-02 ავტორი: Prime Time

„არ მაქვს გარანტია, რომ ამ სერიულ მკვლელსაც არ გამოუშვებენ“ – ზაზა ვეფხვაძის დას ანგარიშსწორების ეშინია

„არ მაქვს გარანტია, რომ ამ სერიულ მკვლელსაც არ გამოუშვებენ“ – ზაზა ვეფხვაძის დას ანგარიშსწორების ეშინია

საქართველოს პროკურატურამ აშშ-ს შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა და აშშ-ს ქართველი მოქალაქის, თამარ თორაძის დაკითხვა ოფიციალურად მოითხოვა.

 

ამის შესახებ ინფორმაცია დღეს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.

 

„თამარ თორაძე, რომელმაც ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა, ამერიკის მოქალაქეა.

 

ამის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას და საგამოძიებო ორგანოსთვის ჩვენების მიცემას?

 

ამის გარკვევა პირადად თამარ თორაძესთან გვსურდა, თუმცა აშშ-ში მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

 

შეგახსენებთ, რომ თამარ თორაძის ოჯახში ტრაგედია 1992 წელს დატრიალდა.

 

შეიარაღებულმა პირებმა მას მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს.

 

ძმები თორაძეების და, თამარ თორაძე მომხდარში სხვებთან ერთად გიორგი (ჟორიკა) რურუას ადანაშაულებს და საქმის გამოძიებას ითხოვს.

 

„მრავალშვილიანი დედა საკონტროლო გასროლით მოკლეს და მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს“ - საჩივარი პროკურატურაში
2020-05-13„მრავალშვილიანი დედა საკონტროლო გასროლით მოკლეს და მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს“ - საჩივარი პროკურატურაში

 

მან, როგორც აშშ-ს მოქალაქემ წერილი მისწერა სენატორ რიშს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას „პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა“.

 

უგულავა-ოქრუაშვილი-რურუას გათავისუფლებას აქტიურად ითხოვდა ევროპარლამენტარი ანდრეუს კუბილიუსიც.

 

მისთვის წერილის მიწერას კი 27 წლის წინ მოკლული ზაზა ვეხფვაძის და, მია ვეფხვაძე აპირებდა, რომელიც ძმის მკვლელობაში ასევე გიორგი რურუას სდებს ბრალს.

 

საბოლოოდ მია ვეფხვაძეს ევროაპრალემტარისთვის წერილი აღარ გაუგზავნია და აი, რატომ:

 

მია ვეფხვაძე:

 

– სისხლისმსმელ ჟორიკაზე საუბარი არ მსურს, აღარც წერილის დაწერას ვაპირებ და არც სამართლიანობის იმედი მაქვს.

 

პოზიცია კი არ შევიცვალე, წერილიც გამზადებული მაქვს, მაგრამ მას მერე, რაც ზეწოლის შედეგად ამ ხელისუფლებამ უგულავა და ოქრუაშვილი გამოუშვა, მე არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ ამ სერიულ მკვლელსაც გამოუშვებენ.

 

მე დაუცველი ქალი ვარ,  ერთხელ უკვე გამაუბედურეს.  ვინ დამიცავს მკვლელი რურუასგან ან მისი ამფსონებისგან, ან ვინ მომცემს გარანტიას, რომ არ გამოუშვებენ ან  ის იქიდან არ გამისწორდება.

 

მას ისეთი სისასტიკით შეუძლია ანგარიშსწორება, თქვენ კიდევ წარმოდგენა არ გაქვთ.

 

– ანუ ფიქრობთ, რომ თქვენი ძმის საქმის ხელახლა წამოწევით, საფრთხე დაგემუქრებათ და ამიტომაც შეიცვალეთ პოზიცია? 

 

– მე უკვე ღამით მომივარდნენ, მემუქრებიან… კიდევ ერთხელ გიმეორებთ, პოზიცია არ შემიცვლია, მაგრამ მეშინია… იმიტომ რომ ყველა ჩუმად არის, ყველა გასუსულია. სად არის ხელისუფლება, სად არიან „ქართული ოცნების“ პარლამენტარები, სად არის უმრავლესობის დეპუტაცია, რატომ ხმას არ იღებენ ამ სერიულ მკვლელზე. გოგა ხაინდრავას გარდა ჩემ დასაცავად არავის არაფერი უთქვამს.

 

„პრაიმტაიმმა“ ამ თემაზე კომენტარი რეჟისორ გოგა ხაინდრავას და მია ვეფხვაძის მიერ ხსენებულ დეპუტატებსაც სთხოვა. აი, რას ამბობენ ისინი:

 

გოგა ხაინდრავა, რეჟისორი:

 

„თბილისი პატარა ქალაქია. ეს და კიდევ ბევრი სხვა ისტორია მთელმა ქალაქმა იცის. რატომ არ ლაპარაკობენ ამ თემაზე? მე ვფიქრობ, შიშის ფაქტორის გამო.

 

მე ამის თქმა არასდროს მიჭირდა და მათი არასდროს მეშინოდა. ყველაზე კარგად ბოკერიამ იცის, რას წარმოადგენს ჟორიკა რურუა, უგულავამაც მშვენივრად იცის.

 

მათ ეშინიათ ჟორიკა რურუასი. როგორც ცეცხლის ისე ეშინოდათ ყოველთვის. ჟორიკა ისეთი პოლიტპატიმარია, როგორც ჩიკატილო იყო პოლიტპატიმარი. ეს ყველამ კარგად იცის.

 

მე იმ ქალბატონის მშვენივრად მესმის, ეშინია. ეშინია, რომ კიდევ რამე უბედურება არ დამართონ. არსებობს მათი შავბნელი საქმეების უამრავი მოწმე და ისინი, ვინც ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობს.

 

რა გასაკვირია, რომ მათი მოცილება ამ კრიმინალბის დღის წესრიგში იდგეს. ამნეზია არავის აქვს, მაგრამ ზოგს არ უნდა ლაპარაკი, იციან რომ ადამიანი ერთს, ორს, სამს და მეტს რომ გამოასალმებს სიცოცხლეს, ის ყველაფერზე მოაწერს ხელს“.

 

რატიო იონათამიშვილი, „ქართული ოცნება“:

 

„საქართველოს პარლამენტის წევრი კომენტარებს და შეფასებას შეიძლება აკეთებდეს ისეთ საქმეებზე, სადაც უკვე არის სასამართლოს განაჩენი დამდგარი.

 

ჯერ კიდევ გამოძიების, ან სასამართლო განხილვის პროცესში არსებული საქმის შეფასება დეპუტატის საქმე არ არის.

 

ერთი მხრივ, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს გამოძიებაზე, მეორე მხრივ კი დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია.

 

აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ თუ ადამიანს აქვს რაიმე სახის უკმარისობის გრძნობა და მიაჩნია, რომ სამართლიანობა არ დამდგარა, ვფიქრობ, შესაბამისმა სასამსახურებმა ამ საქმეს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ“.

 

ანრი ოხანაშვილი, „ქართული ოცნება“: 

 

„მე ყოველთვის მზად ვარ სამართლებრივი შეფასებები გავაკეთო, თუმცა ამან არ უნდა გადაგვიყვანოს ისეთ პოლიტკურ ჭრილში, რომელიც გარკვეულ ძალებს პოლიტკური სპეკულაციის მიზეზს მისცემს.

 

ამ კონკრეტულ საკითხს რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ ორი რამ:

 

ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და კარგად აფასებს ვინ რითი იყო დაკავებული წარსულში.

 

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, მე ვიდრე არ მექნება სასამართლოს განაჩენი, ამ საქმის სამართლებრივ ასპექტებზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან არც მაქვს ამის უფლება“.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები