21:59 | 2021-07-25 ავტორი: თამარ ბუჩუკური

არ იცის, რომ მამა ცოცხალი აღარაა, ექიმებს მასთან შეხვედრას სთხოვს – როგორია დაჭრილი ბიზნესმენის მდგომარეობა

არ იცის, რომ მამა ცოცხალი აღარაა, ექიმებს მასთან შეხვედრას სთხოვს – როგორია დაჭრილი ბიზნესმენის მდგომარეობა

23 ივლისს, ზუგდიდში ე.წ. საკონსერვო დასახლებაში ბიზნესმენი 65 წლის გრამიტონ ლაგვილავა ცეცხლსასროლი იარაღიდან 2 გასროლით მოკლეს, ხოლო მისი შვილი დაჭრეს. თავდასხმაში ბრალდებული გრამიტონ ლაგვილავას მეგობარი და ბიზნესპარტნიორი ზაურ კვიკვინიაა.

 

გუშინ, “პრაიმტაიმმა” ბრალდებულ კვიკვინიაზე სტატია გამოაქვეყნა, ამჯერად ჩვენ დავინტერესდით ვინ იყო მოკლული გრამიტონ ლაგვილავა და ვინ არიან მისი ოჯახის წევრები.

 

 

 

“გრამიტონ ლაგვილავა დაკავებული იყო კერძო საქმიანობით, მას თავდამსხმელთან ერთად ბენზინის ბიზნესი ჰქონდა. რაც შეეხება მის დაჭრილ შვილს გია ლაგვილავას, მას გუშინ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. დღეს კი იგი პალატაში გადაიყვანეს.

 

როგორც კი გონზე მოვიდა გია პალატაში, მამასთან შეხვედრას ითხოვს. ექიმებს მამასთან შეხვედრას სთხოვს. ვიწვით მისი საცოდაობით, არ იცის, რომ მამა ცოცხალი აღარ არის.

 

გიას 3 წლის ქალიშვილი ყავს, 3 წლის ქეთი, რომელსაც ოჯახი 10 წელი ელოდებოდა. გრამიტონის უმცროსი ვაჟი გოჩა 4 წელია ჰანოვერში ცხოვრობს.მას ორსული ცოლი ჰყავს“ – გვეუბნება ოჯახის ახლობელი.

 

 

ტრაგედიის დილა 

 

იმ საბედისწერო დილას, მამა-შვილი როგორც კი გამოვიდა სახლიდან, გზად ზაურ კვიკვინია შეხვდათ. იმ დილას მათ შორის კამათი მოხდა. როგორც ცნობილია, მათ საერთო ბენზინგასამართი სადგური ჰქონდათ, სწორედ იმ ადგილას მამა-შვილის სანახავად ზაურ კვიკვინია კუთვნილი ავტომობილით მივიდა, ჯერ ლაგვილავების მანქანას დაეჯახა, შემდეგ გრამიტონ ლაგვილავას შვილი მანქანიდან გადმოვიდა და კვიკვინიას ავტომობილის გაღება სცადა, მას მამა აკავებდა…

 

სწორედ იმ დროს, ზაურ კვიკვინიამ ჯერ შვილის – გია ლაგვილავას მიმართულებით ისროლა, ხოლო შემდეგ მეგობარს და ბიზნესპარტნიორს – გრამიტონს იარაღიდან 2 ტყვია ესროლა.

 

დაჭრილი გია ლაგვილავა მეუღლესთან ერთად

 

გრამიტონ ლაგვილავა ადგილზე უგონოდ დაეცა, ხოლო მისი შვილი გია დაიჭრა. ზაურ კვიკვინიას თვითმხილველმა, რესტორნის თანამშრომელმა იარაღი წაართვა. სწორედ მან ამოიცნო ზაურ კვიკვინია, რამაც გაუადვილა სამართალდამცველებს მისი ძებნის ოპერაციის დაეწყება.

 

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას გრამიტონ ლაგვილავა ადგილზე გარდაცვლილი დახვდა, ხოლო დაჭრილი 40 წლის მამაკაცი, გია ლაგვილავა საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – ამბობს ადგილობრივი.

 

 

“სახლში მისულმა მომხდარის შესახებ ცოლს მოუყვა და საჭირო საბუთები აიღო, ვინაიდან ის ორმაგი მოქალაქეა, გალში გადასვლას ცდილობდა, როცა ე.წ. საზღვართან ახლოს, სამართალდამცველებმა  დააკავეს”, – ამბობს ინფორმირებული წყარო.

 

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X

error: Content is protected !!