13:22 | 2021-07-28 ავტორი: Prime Time

არ გვჩვევია ამ მეთოდებით ბრძოლა – კახა კალაძე ჰომოფობიურ პლაკატებზე

არ გვჩვევია ამ მეთოდებით ბრძოლა – კახა კალაძე ჰომოფობიურ პლაკატებზე

“კანონისა და წესების სრული უგულებელყოფით ქუჩებსა და შენობებზე გამოვაკრათ, რაც მოგვესურვება, ან შევღებოთ, ან საღებავი შევასხათ, ან წარწერები გავაკეთოთ, ეს არის ძალიან ცუდი“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, სიცრუეა თითქოს ქალაქში გამოკრული პოსტერები მის წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება.

 

“თბილისის ქუჩები და მისი შენობა-ნაგებობები ქმნის ამ ქალაქის სახეს, მის იმიჯს, ამდენად ქალაქის იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და იგი დასჯადი ქმედებაა.

 

ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, რისთვისაც არსებობს უამრავი საშუალება და ფორმა. ეს არის თემა, რომელიც ჩვენ 2012 წელს ყველამ ერთად მივაღწიეთ და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, მაგრამ კანონისა და წესების სრული უგულებელყოფით, ქუჩებსა და შენობებზე გამოვაკრათ, რაც მოგვესურვება, ან შევღებოთ, ან საღებავი შევასხათ, ან წარწერები გავაკეთოთ – ეს არის ძალიან ცუდი.

 

ყველა ასეთ ფაქტზე თბილისის მერიას ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნებათ რეაგირება, რათა არ დავუშვათ ქალაქის იერსახის დამახინჯება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელი პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, ან ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს, ან თუ რომელიმე საზოგადოებრივ ჯგუფს წარმოადგენს. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაზე გვქონდა, გვაქვს და გვექნება რეაგირება, რადგან ეს ქალაქი ყველასია და რა თქმა უნდა, ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მის განვითარებაში, წინსვლაში მოწესრიგებაში, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ, ამიტომ როგორც გითხარით ფაქტის დადგენის შემთხვევაში ყველა კანონდამრღვევი იქნება დაჯარიმებული.

 

ჩემთვის პირადად ასევე სამწუხაროა ისიც, რომ ბოლო ფაქტის გამო მიზანმიმართულად იყო მცდელობა მერიის უწყების თანამშრომლების დისკრედიტაციის და ასევე იყო მცდელობა, ამ პლაკატების უშუალოდ ჩემს საარჩევნო კამპანიაზე პროექცია. სულ მცირე ლოგიკა არის საჭირო და პირდაპირ ვიტყვი- რაში სჭირდება კახა კალაძეს არეულობა, აგრესია, ძალადობა ქაოსი?! მე და ჩემს გუნდ არ გვჩვევია ამ მეთოდებით ბრძოლა , არასდროს არ გვიბრძოლია ამ მეთოდებით განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისის მოსახლეობა პირადად მე და ჩემს გუნდ ნდობა გამოგვიცხადა ქალაქის განვითარებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თბილისში სიძულვილის შემცველი პლაკატები გამოჩნდა, რომელზედაც ასახული იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. “არა ნაცებს! არა ბოროტებას“- ეწერა აღნიშნულ პოსტერზე.

ავტორი: Prime Time


X