12:58 | 2020-06-24 ავტორი: Prime Time

არ გამართლდა თამბაქოს ინდუსტრიის და მათი მხარდამჭერი პოლიტიკოსების პროგნოზები… – გიორგი ბახტურიძე

არ გამართლდა თამბაქოს ინდუსტრიის და მათი მხარდამჭერი პოლიტიკოსების პროგნოზები… – გიორგი ბახტურიძე

კამპანია “გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან” ყოველთვის აქტუალური თემაა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის. საქართველოში 2018 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედებული კანონიც ამის ხელშეწყობაა.

 

საქართველოში კანონის ამოქმედებიდან დღემდე თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა. ასევე კარგი ამბავია ისიც, რომ შემცირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევბიც

 

​რა შედეგები მოიტანა დღემდე კანონის ამოქმედებამ, რა გამოწვევები დარჩათ დასაძლევი, ამის შესახებ პრაიმტაიმთან დეტალურად თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე საუბრობს.

 

თამბაქოს მოხმარების გარკვეული შეზღუდვების ამოქმედებიდან დღემდე – რა შედეგი აქვს საქართველოს?

 

თამბაქოს მოხმარება არავის აუკრძალავს, უბრალოდ შეიზღუდა მისი მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და აიკრძალა რეკლამა-პოპულარიზაცია, რაც ძირითადად ბავშვებზე და ახლგაზრდებზე იყო დამიზნებული.

არა თამბაქოს

ასეთ ზომებს მოწევის რადიკალურად შემცირება არ მოჰყვება შედეგად როგორც წესი. მოწევის შეზღუდვა რადიკალურად ამცირებს პასიურ მწეველობას და ასუფთავებს ჰაერს იმ შენობებში სადაც ვმუშაობთ, ვსწავლობთ, საჯაროდ ვიკრიბებით.

 

რეკლამა-პოპულარიზაციის აკრძალვით კი მცირდება მოხმარება ახალგაზრდებში და მიმზიდველობა აკლდება ამ ნარკოტიკს.

 

მწეველთა რაოდენობის შემცირება უფრო ფასებისა და გადასახადების ზრდაზეა დამოკიდებული, რასაც ძირითადად თამბაქოს ინდუსტრია ახდენს ხშირად (3-4 თვეში ერთხელ მაინც ზრდის ფასს) .

 

სახელმწიფო კი პერიოდულად ზრდის გადასახადს (დაახლოებით 2-3 წელიწადში ერთხელ).

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გასულ წელს ჩაატარა კვლევა, რომლის ზუსტ მონაცემებს თავად გეტყვიან, რადგან ამ კვლევის შედეგები ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სახეზე გვაქვს პროგნოზირებადი შემცირება ზოგადად მოსახლეობაში, განსაკუთრებით მამაკაცების პოპულაციაში.

 

როგორ აისახა გამკაცრებული წესები მოსახლეობაზე?

 

წლების განმავლობაში მოსახლეობის დაახლოებით 80% ითხოვდა მოწევის აკრძალვას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ტრანსპორტში, რეკლამის და პოპულარიზაციის აკრძალვას, ვაჭრობის წესების გამკაცრებას და ა.შ.

 

შესაბამისად, ამ ახალი ცვლილებებისათვის საზოგადოება ფაქტიურად მზად იყო და კანონის ამოქმედებიდან მალევე მოსახლეობის მხარდაჭერა გაიზარდა 85%-მდე.

 

კანონი ფაქტობრივად თვითაღსრულებადი გამოდგა და მწეველების დიდი ნაწილი გაგებით მოეკიდა ახალ რეგულაციებს და დაიწყეს ურთიერთპატივისცემით მოპყრობა არამწეველებისადმი და იმ მწეველი გარშემომყოფებისადმი, რომლებსაც არ სიამოვნებთ სხვისი გამონაბოლქვი მომწამვლელი აირების ჩასუნთქვა.

 

გავაანალიზეთ რა სამედიცინო სტატისტიკის მონაცემები, აღმოჩნდა, რომ 2018 წლის 1-ლი მაისიდან 2019 წლის ბოლომდე შემცირდა გულსისხლძარღვთა მწვავე შემთხვევების, ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ახალი შემთხვევების რიცხვი, რაც პირდაპირ კავშირშია შენობებში პასიური მოწევის რადიკალურად (80%-ით და მეტით) შემცირებასთან.

 

თამბაქოს მოხმარების აკრძალვას გარკვეულ ადგილებში გაგებით შეხვდნენ, მაგრამ იყო ადგილები, სადაც ეს გააპროტესტეს. როგორ დაბალანსდა ამ შემთხვევაში კანონი?

 

თამბაქოს აკრძალვა ბარებში

 

ასეთი შემთხვევები ძირითადად იყო 2018 წლის 1-ლი მაისიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა შემდგომ აგრესიული მწეველიებიც დანებდნენ კანონის მოთხოვნებს, როცა დაინახეს, რომ კანონი რეალურად სრულდებოდა და დარღვევის შემთხვევაში პოლიციის მხრიდან სწრაფ რეაგირებას ქონდა და აქვს ადგილი როცა ასეთი ფაქტები ფიქსირდება.

 

ამ შემთხვევაში აქტიურობდა სამასპინძლო ბიზნესის მენეჯმენტი, ასევე ჩვენი ორგანიზაცია. სამწუხაროდ, თავად მოსახლეობისაგან აქტიურობა ნაკლებია, დარღვევებზე რეაგირების მოთხოვნის თვალსაზრისით.

 

როცა კანონი ახალამოქმედებული იყო, მწეველებიც და ორგანიზაციებიც განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩეოდნენ. ამ მხრივ რა მდგომარეობაა?- ხომ არ გამოვლენილა ბოლო პერიოდში უფრო მეტი დარღვევა?

 

ყველაზე მეტი დარღვევა მაინც კანონის ამოქმედების პირველ პერიოდში იყო. ამჟამად სიტუაცია სტაბილურია და მცირედით დარღვევების მატებაა ხოლმე საახალწლო პერიოდში.

 

თუმცა ჩვენი მონიტორების ინტენსიური მუშაობის შედეგად მაქსიმალურად ხდება დარღვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება.

 

რა სანქცია ელის ურჩ ორგანიზაციებს და პირებს, რომლებიც გაფრთხილების მიუხედავად მაინც ეწევიან შენობაში?

 

პირველი დარღვევის შემთხვევაში დარღვევად ითვლება თუ ერთ-ერთი მაინც ფიქსირდება ობიექტზე:

  • მოწევის ამკრძალავი ნიშანი არაა გამოკრული შენობის ყველა კარებთან და შიგნით თვალსაჩინო ადგილზე

 

  • თუ ვინმე ეწევა აკრძალულ ადგილზე, ან არის ნამწვი, ან ფერფლი, ან კვამლი, ან გამოდებულია საფერფლე ან ჩილიმი;

 

საჯარიმო სანქცია ორგანიზაციაზე არის 500 ლარი, განმეორებისას 1000 ლ და მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე ერთი წლის განმავლობაში (რომელიც პირველი საჯარიმო სანქციიდან ითვლება) ერთი წლის განმავლობაში 2000-2000 ლარი.

 

ფიზიკურ პირებზე პირველ შეთხვევაში 100 ლარი, განმეორებისას 200 ლარი და მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე ერთი წლის განმავლობაში 300-300 ლარი.

 

 

როგორ ხდება ორგანიზაციების შემოწმება და რას გვეტყვით დაუგეგმავ რეიდებზე?

 

სახელმწიფო დაწესებულებები, სადაც სპეციალური რეჟიმები მოქმედებს, გვაძლევენ ხანგრძლივვადიან საშვებს და ჩვენი მონიტორები დაუგეგმავად შედიან და ამოწმებენ.

 

სადაც თავისუფალია შესვლა, იქ მონიტორები აკვირდებიან პროცესს და აღწერენ სპეციალურ ციფრულ ფორმაში, იქვე იტვირთება დარღვევის ფოტოებიც, რომლებიც მყისიერად ჩვენი საშუალებით მიეწოდება შესაბამის აღმასრულებელ სტრუქტურას.

თამბაქოს აკრძალვა კინოთეატრებში

 

მოწევის წესების დარღვევაზე პატრულს ან კრიმინალურ პოლიციას, ვაჭრობის წესების დარღვევაზე შემოსავლების სამსახურს და რეკლამის წესების დარღვევაზე მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურების ან კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.

 

ყოველწლიურად დაახლოებით 10000 ობიექტს ამოწმებს ჩვენი მონიტორები მოწევის წესების დარღვევებზე, 5000-მდე სავაჭრო ობიექტს თამბაქოს რეალიზაციის და რეკლამის შეზღუდვის წესების დარღვევებზე და ასევე 1000-მდე საზოგადოებრივ ტრანსპორტს ქვეყნის მასშტაბით.

 

თამბაქოს მოხმარების კონტროლში შსს-ს უწყება გეხმარებათ? – გაქვთ თუ არა მონაცემები შსს-დან?

 

საზოგადოებრივ შენობებსა და ტრანსპორტში მოწევის აკრძალვის წესების დარღვევაზე პასუხისმგებელია შსს, კერძოდ საპატრულო სამსახური, მაგრამ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საპატრულო სამსახური არაა მათ ფუნქციებს ითავსებს კრიმინალური პოლიცია.

 

ამ კუთხით დარღვევაზე გამოძახება თუ ხდება, რეაგირებას პოლიცია ახდენს და ადგილზევე იღებს ჯარიმის შეფარდების გადაწყვეტილებას, მაშინ როცა ადრე ეს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივა იყო.

„აუცილებელია თამბაქოსთვის თავის დანებება “ - ექიმი კორონავირუსით გარდაცვლილი მწეველების სტატისტიკაზე
2020-03-14„აუცილებელია თამბაქოსთვის თავის დანებება “ - ექიმი კორონავირუსით გარდაცვლილი მწეველების სტატისტიკაზე

დღეს მოქმედი კანონით, 2000 ლარამდე ჯარიმა პოლიციელს შეუძლია თავად შეუფარდოს და თუ დაჯარიმებული პირი არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს გაასაჩივროს ზემდგომთან ან მიმართოს სასამართლოს.

 

შსს მოთხოვნის შესაბამისად გვაწვდის ინფორმაციას საჯარიმო სანქციების შესახებ. ტენდენცია აშკარად კლებადია, და როგორც აღვნიშნე, თავდაპირველად ბევრი საჯარიმო სანქცია განხორციელდა და შემდგომ იკლო, რადგან დარღვევებმაც იკლო.

 

ჩვენი მონიტორინგის შედეგების მიხედვით კანონის აღსრულების დონე 95%-ია. ყველაზე მაღალი აღსრულება სამასპინძლო ბიზნესშია (98%), ყველაზე დაბალი საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში (90%).

 

მიუხედავად იმისა, რომ სპორტულ კომპლექტებში მოწევა აკრძალულია, სტადიონის ტრიბუნებზე მაინც ფიქსირდება მოწევის ფაქტები? – ჯარიმდება თუ არა პირი ამ შემთხვევაში?

 

სტადიონებზე მოწევა წელს 1-ლი იანვრიდან აიკრძალა, თუმცა თამაშები არ დაწყებულა არსებული ეპიდსიტუაციის გამო.

 

მანამდე ჩვენ ყველა სტადიონის ადმინისტრაციას შევხვდით ან წერილობით მივმართეთ და აღმოვუჩინეთ შესაბამისი ტექნიკური დახმარება რომ მომზადებული შეხვედროდენ სიტუაციას.

თამბაქოს აკრძალვა სტადიონზე

 

როცა თამაშები დაიწყება, ჩვენი მონიტორები დააკვირდებიან სიტუაციას, თუმცა სირთულეებს აქაც ნაკლებად ველოდებით, რადგან საერთაშორისო მატჩების დროს, ჩვენი დიდი სტადიონები ყოველთვის ზედმიწევნით ასრულებდნენ სტადიონზე მოწევის სრული აკრძალვის წესებს.

 

თქვენი შეფასებით, რამდენად გაამართლა ამ კანონპროექტმა და დარჩა თუ არა კანონში ხარვეზები. რის დამატებას ისურვებდით და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ.

 

არ გამართლდა თამბაქოს ინდუსტრიის და მათი მხარდამჭერი პოლიტიკოსების პროგნოზები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევას პროგნოზირებდნენ ზემოაღნიშნული შეზღუდვების ამოქმედებით.

 

თუმცა საპირისპირო შედეგები მივიღეთ ყველა მიმართულებით. ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა ზემოთ აღვნიშნეთ, რამაც ათეულ მილიონობით ლარი დაგვიზოგა საბიუჯეტო დანახარჯების კუთხით.

 

ასევე გაიზარდა ბრუნვა, ობიექტების რიცხვი და დასაქმებულთა რაოდენობა სამასპინძლო ბიზნესში, ვაჭრობის მიმართულებით და სარეკლამო ბიზნესში, ასევე მზარდი იყო ტურისტთა ოდენობა.

 

ანუ საზოგადოებრივ ადგილებსა და ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის და რეკლამა-პოპულარიზაციის აკრძალვებს უარყოფითი შედეგი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის არ მოყოლია, პირიქით, დადებითად იმოქმედა სხვა ფაქტორებთან ერთობლიობაში.

 

რაც შეეხება კანონის ხარვეზებს ჯერ კიდევ არის ასაკრძალი მოწევა სათამაშო ბიზნესში, ტაქსიში, კერძო მანქანებში, სადაც არასრულწლოვანი მგზავრობს, ასევე ნებისმიერი მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას მოწევა აკრძალული უნდა იყოს.

 

ყველა სახის ავტოტრანსპორტის გაჩერებაზე ასევე უნდა აიკრძალოს მოწევა და ყველა შენობიდან (მათ შორის საერთო საცხოვრებელი კორპუსებიდან) მინიმუმ 5 მეტრის დაშორებით უნდა აიკრძალოს მოწევა.

 

აუცილებელია სპეციალური გადასახადის დაკისრება თამბაქოს ინდუსტრიისთვის მათ მიერ მოსახლეობაზე მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ და თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების მდგრადი დაფინანსების უზრუნველსაყოფად, რაც ჩვენთანაც კანონის სახით არსებობდა 90-იან წლებში და სააკაშვილის ხელისუფლების დროს გაუქმდა.

 

 

მსგავსი სისტემები არსებობს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია ავალდებულებს ქვეყნებს შექმნას ასეთი სისტემები.

 

თამბაქოს ინდუსტრია განაგრძობს კანონის საწინააღმდეგო დესტრუქციულ ქმედებებს და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ ან მათ მიერ დასპონსორებულმა პოლიტიკოსებმა შეასუსტონ ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი ყველზე კარგად აღსრულებადი კანონის მოქმედება.

თამბაქოს აკრძალვა ტაქსიში

 

დღეს ასეთი გამოწვევებია „ფილიპ მორისის“ მიერ პარლამენტში არაერთგზის შეგდებული კანონპროექტი, რომლითაც უნდათ მათ ახალ პროდუქტებზე (მაგ. აიქოსი) ნაკლები გადასახადი დაწესდეს და დაიშვას მათი პოპულარიზაცია და რეკლამა, ასევე სპეციალუზირებული მაღაზიები და შესაძ;ებელი იყოს მათი ადგილზე „დაგემოვნება“.

 

მეორე გამოწვევაა თუთუნის მცირე მასით (15 გრ) შეფუთვის დაშვება, რომლის უკან ადგილობრივი თამბაქოს ინდუსტრია დგას.

 

მესამე გამოწვევაა „ქართულ მაღაზიათა ასოციაცია“, რომელთაც სურთ თამბაქოს შიდა ხილვადობის ვადის (ძალაში შედის 2021 წლის 1 იანვრიდან) გადატანა სამი წლით, ყოველგვარი სერიოზული არგუმენტების და მტკიცებულებბეის გარეშე. ასეთი ვალდებულების განახორციელების ვადა კი ქვეყაანას ჯერ კიდევ 2011 წლის 15 მაისს ამოეწურა.

 

ზემოაღნიშნულ ორ საკითხზე ჩვენი არგუმენტირებული და მკტიცე უარყოფითი პოზიცია ცნობილია, რომელიც მრავალჯერ გაზიარებული იყო პარლამენტუს მიერ და ჩააგდეს „ფილიპ მორისის“ წინადადებები, ხოლო 15 გრამიანი შეფუთვის დაშვების საკითხი გაჩერებეულია და იმედია გამოიწვევა პარლამენტიდან.

 

ხოლო, ცალკე სპეციალურ განცხადებას გავავრცელებთ „ქართულ მაღაზიათა ასცოციაციის“ უარგუმენტო და დაუსაბუთებელ საკანონმდებლო წინადადებაზე.

 

ავტორი: ნანიკო ჩხაიძე

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X