21:06 | 2020-05-19 ავტორი: თამარ გონგაძე

“არ დაამუხრუჭა… კლავდი-მეთქი, ვკითხე” – ჯემალ ჭკუასელი ჩინეთში გადამხდარ ისტორიას იხსენებს

“არ დაამუხრუჭა… კლავდი-მეთქი, ვკითხე” – ჯემალ ჭკუასელი ჩინეთში გადამხდარ ისტორიას იხსენებს

ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი, ჯემალ ჭკუასელი 85 წლის გახდა. მომღერალ ბაბუს შვილიშვილები ესტუმრნენ და დაბადების დღე მიულოცეს.

 

ლოტბარს დაბადების დღე არ გადაუხდია. “ხალხი ცუდად არის და ჩვენ ვიქეიფოთ, ასე არ მინდა” – “პრაიმტაიმთან” ამბობს იუბილარი.

 

განიცდის, რომ “ერისიონს” ბევრი კონცერტი გაუუქმდა, როგორც უცხოეთში, ისე – სამშობლოში. “ერისიონს”, “სუხიშვილების” მსგავსად, ცეკვის გაკვეთილების ვიდეოჩანაწერები არ გაუკეთებია.

 

ჯემალ ჭკუასელი: – მე ვიდეოჩანაწერით ქართული ცეკვის სწავლების არ მწამს. ქართული ცეკვა “ჩიკა-ჩიკა” არ არის, რომ ასე მარტივად ისწავლონ. “ჩიკა-ჩიკას” კი არ ვაკნინებ. მაგრამ ჩვენ ზეპირი გადაცემა რომ არ გვქონოდა, ჩვენი ფოლკლორი ასე მდიდარი არ იქნებოდა.

 

“ერისიონს” ჩინეთში გასტროლი შარშან ჰქონდა, წელსაც გეგმავდნენ… ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ კორონავირუსი ხელოვნურად გავრცელებულია.

 

ჯემალ ჭკუასელი: – იცით, მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ვირუსი ჩინეთში სპეციალურად არის მოგონილი. ეჭვიანი კაცი არ ვარ, მაგრამ ასე მგონია. ერთ ისეთ მომენტს შევესწარი, რომელიც სულ მახსოვს.

 

ჩინეთში გასტროლისას, ავტობუსში ვისხედით. ტრასაზე მთვრალი კაცი ქანაობდა. მძღოლმა კი არ დაამუხრუჭა, ლამის დაარტყა. რას შვებოდი, კლავდი-მეთქი, ვკითხე. დაიცა, ჩინელების მეტი რა არისო, თვითონ ჩინელმა მითხრა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

 

– ახლა რისი სურვილი გაქვთ?

 

– გურიაში მინდა წასვლა, ჩემ მშობლიურ კუთხეში. იქ დიდი სახლი მაქვს და აქ ოროთახიან “ხრუშოვკაში” ვცხოვრობ. შეუძლოდ ვიყავი და ვერ წავედი, თორემ ხშირად დავდივარ ჩემს გურიაში. ძალიან მენატრება იქაურობა…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X