16:35 | 2021-07-29 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აქ ისტორია ყალბდებოდა – რას წერდა ვიოლა ფონ კრამონი სააკაშვილის მთავრობაზე?

აქ ისტორია ყალბდებოდა – რას წერდა ვიოლა ფონ კრამონი სააკაშვილის მთავრობაზე?

„ჩემი აზრით, სააკაშვილის გუნდი 2008 წელს უპასუხისმგებლოდ მოიქცა“ – ვკითხულობთ ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის ინტერვიუში, რომელიც 2013 წელს გამოცემა „ლიბერალმა“ ჩაწერა.

 


ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსი ამჟამადაც აქტიურად არის ჩართული საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში და მწვავედ აკრიტიკებს, როგორც მოქმედ, ისე ყოფილ ხელისუფლებას. 2013 წელს კი ის სააკაშვილის მთავრობას ისტორიის გაყალბებაშიც კი ადანაშაულებდა.

 

„ჩემი აზრით, სააკაშვილის გუნდი 2008 წელს უპასუხისმგებლოდ მოიქცა. ამასვე ამბობდა თავის დასკვნაში ჰაიდი ტალიავინი. მაშინ მე ქალბატონ ტალიავინის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვკითხე კიდეც, ხომ არ იქნებოდა სასარგებლო, ეს დასკვნა ქართულადაც გამოქვეყნებულიყო. ქართველების უმრავლესობამ არ იცოდა, რა მოხდა სინამდვილეში. მან მიპასუხა: რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, მაგრამ ამისთვის საჭირო თანხა არა გვაქვსო.

 

მაშინ მე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვკითხე, ხომ არ ექნებოდათ ამის შესაძლებლობა. ისინი დამთანხმდნენ, მაგრამ, როდესაც რამდენიმე კვირის შემდეგ მოვიკითხე, ითარგმნა თუ არა უკვე, მიპასუხეს – არა, ქართველებს არ უნდათო. ეს არის სიმართლე. აქ ისტორია ყალბდებოდა და მთავრობა ამას არ შეწინააღმდეგებია. ამავე ინტერვიუში გავლენიანი გერმანელი პოლიტიკოსი სააკაშვილის ინიციატივით წამოწყებულ ლაზიკას პროექტსაც აფასებს და ამბობს:

 

„კოლხეთის ეროვნული პარკისთვის ეკოლოგიური პრობლემებზე რომ არ ვისაუბროთ, სრულიად წარმოუდგენელია ასეთი პროექტის განხორციელება 4 მილიონიანი საქართველოსთვის, რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს. საქართველო, ცივი ომის ინერციით, სტრატეგიული პუნქტია, მაგრამ სააკაშვილის რეალობას დაშორებული იდეებისთვის ფულს არავინ გადაიხდის. ამას წინათ გავიგე, რომ ლაზიკის პროექტისათვის გარკვეული ფინანსები მსოფლიო ბანკს გამოუყვია. ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ამ ჭკუასმოკლებულ იდეებს ასეთმა ინსტიტუციამ დაუჭიროს მხარი? მე ამას აუცილებლად მოვიკითხავ მსოფლიო ბანკში.

 

სააკაშვილს უყვარდა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებისა და მდიდარი, ლამაზი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. ალბათ, ამიტომაც გადაწყვიტა ამ მშვენიერ ადგილას ფუტურისტული ქალაქის მშენებლობა, სადაც თვითონ ხშირად იფრენდა, სტუმრებსაც დაპატიჟებდა ხოლმე და ცხოვრება იქნებოდა მშვენიერი. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი, როცა ირგვლივ ადამიანებს წყალი არა აქვთ. ეზოში დაგროვილი წყლით რეცხავენ სარეცხს. როგორ წარმოგიდგენიათ, ლაზიკის მეზობლად მცხოვრები ადამიანებიდან რამდენი შეძლებდა თუნდაც ფინჯანი ყავის დალევას იმ ხუთვარსკვლავიან სასტუმროების ფოიეებში? ამიტომ, ჩემთვის გამოცანად რჩება ამ ავადმყოფურ იდეას როგორ დაუჭირა მხარი მსოფლიო ბანკმა. აუცილებლად უნდა მოვიკითხო“, – აცხადებდა ვიოლა ფონ კრამონი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X

error: Content is protected !!