fbpx
16:55 | 2020-05-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ანაზღაურებადი შვებულება მამებისთვის და სტაჟირება 6 თვის ვადით – რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი

ანაზღაურებადი შვებულება მამებისთვის და სტაჟირება 6 თვის ვადით – რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

 

ცვლილებები ეხება, ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადის დაწესებას და ანაზღაურებადი შვებულების აღება მამებისთვის.

 

რას გულისხმობს სტაჟირების ვადების დაწესება

 

კანონპროექტის მიხედვით, შრომის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობებს განსაზღვრავს.

 

კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს.

 

დამსაქმებელს უფლება არ აქვს აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

 

კანონპროექტის თანახმად, არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირება – 1 წელს.

 

ასევე, ერთი და იმავე პირს უფლება აქვს ერთი და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ.

 

ამავე მუხლით განსაზღვრულია სტაჟიორის  დეფინიცია:

 

სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით.

 

ანაზღაურებადი შვებულების აღებას მამებიც შეძლებენ

 

„შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების აღებას მამებისთვის.

 

დღემდე მოქმედ შრომის კოდექსში, მამის მიერ შვებულების აღების საკითხი ცალკე არ არის გამოყოფილი.

 

დოკუმენტში წერია, რომ შვილის მოვლის გამო შვებულება, პირველ პუნქტში მითითებული ორსულობის და მშობიარობის შვებულების გამოყენებული დღეების გამოკლებით, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ.

 

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 143 კალენდარული დღის ოდენობით.

 

ასეთ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია, 2 კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღების შესახებ.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

X