18:27 | 2020-06-12 ავტორი: ნინი ტაველიძე

ანა ფრანკი – გოგონა დღიურის ფურცლებს მიღმა

ანა ფრანკი – გოგონა დღიურის ფურცლებს მიღმა

12 ივნისი ანა ფრანკის დაბადების დღეა. „დღიურის გოგო“, – ასე იცნობს მსოფლიო ანას.

 

„მოუსვენარი, პოპულარული, გათვიცნობიერებული – ფრანკის ნაწერების სრული კოლექცია მის ხასიათს ზედმიწევნით გამოკვეთს“,- ამბობს კოსტას პრემიის მფლობელი ბიოგრაფი, ბარტ ვან ესი.

 

ბარტი იმ ადამიანების შესახებ ყვება, რომლებიც ანას ომის დაწყებამდე იცნობდნენ.

 

ალბერტ გომეს დე მესკიტა ცოცხალთაგან ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანია, ვინც ანა ფრანკს პირადად იცნობდა.

 

ის მისი დღიურის ფურცლებზე გაკვრით ჩნდება, როგორც ანას თანაკლასელი ამსტერდამის ებრაულ ლიცეუმში.

 

ანა მასზე წერს:

 

„ალბერტ დე მესკიტა მონტესორის სკოლიდან გადმოვიდა და ერთ წელს გადაახტა. ის ძალიან ჭკვიანია“.

 

წლების სვლასთან ერთად მის მეხსიერებაში ანასთან დაკავშირებული მოგონებები სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

 

მეორე მსოფლიო ომში სიკვდილს გადარჩენილმა გერმანელმა ტყვემ, წლების შემდეგ საკუთარი ექიმი თელავში მოძებნა
2020-06-05მეორე მსოფლიო ომში სიკვდილს გადარჩენილმა გერმანელმა ტყვემ, წლების შემდეგ საკუთარი ექიმი თელავში მოძებნა

 

89 წლის ასაკში ის ჯერაც მოგზაურობს ანას ნაწერებისა და ცხოვრების შესახებ გამართულ საერთაშორისო კონფერენციებზე.

 

ანა უნიკალური ტიპის ცნობილ ადამიანად იქცა და ეს პოპულარობა ალბერტზეც გარკვეულწილად გავრცელდა; ის ხომ იმ დაბადების დღის წვეულებასაც კი ესწრებოდა, რომელზეც ანას ჯერაც ცარიელი დღიური აჩუქეს.

 

ანა დღიურს 2 წელი წერდა. თავისი მეცამეტე დაბადების დღიდან, 1942 წლის 12 ივნისიდან, იმ მომენტამდე, სანამ ფაშისტები მისი ოჯახის სამალავ საიდუმლო ოთახს მიაგნებდნენ.

 

კითხვაზე რა იფიქრა, როცა პირველად წაიკითხა ეს წიგნი და ახლა რა დამოკიდებულება აქვს მისდამი, ალბერტი შემდეგნაირად პასუხობს:

 

„პირველი რეაქცია იმის გაფიქრება იყო, რომ მეც ხომ შემეძლო ამის დაწერა-მეთქი.

 

მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ რამაც ეს ნაწერი განსაკუთრებულად აქცია, არ ყოფილა ის ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც ანამ გადაიტანა (ბოლოს და ბოლოს, ეგ ყველაფერი ხომ მეც გამოვცადე).

 

ეს მისი პიროვნული ზრდა იყო”.

 

ალბერტის ოჯახი ანას ოჯახის მსგავსად იმავე დროს და იმავე მეთოდებით დაიმალა ფაშისტებისგან. ისინიც იპოვეს, მაგრამ, ფრანკების ოჯახისგან განსხვავებით, დე მესკიტები რაღაც სასწაულით გადარჩნენ.

 

ერთი თვის განმავლობაში ანას და ალბერტს ყოველდღიურად ჰქონდათ ურთიერთობა. ერთი წლით უმცროსი, მორცხვი და სუსტი აღნაგობის ბიჭი მისდამი გარკეულ მორიდებასაც კი გრძნობდა.

 

ერთხელ, ბიოლოგიის გაკვეთილზე მასწავლებელმა ახსნა, რომ თუ ცხენსა და ვირს თავლაში ერთ მოათავსებდი, ჯორის მიღება შეგეძლო.

 

ალბერტმა ხელი აიწია და იკითხა, ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, რასაც თანაკლასელთა სიცილი და სახუმარო შეძახილები მოჰყვა.

 

მოგვიანებით, სათამაშო მოედანზე ყოფნისას, ანა იყო პირველი, ვინც ალბერტს მიუახლოვდა და მასწავლებლის ნათქვამის ახსნა შესთავაზა. ბიჭმა ნერვიულად უთხრა უარი.

 

დღიური მკითხველს მის ავტორთან ერთად ამოგზაურებს.

 

პირველ თვეს, სანამ ოჯახი დაიმალებოდა, ამბავი იმ ჭკვიან, მხიარულ სკოლის გოგოზეა, რომელსაც თითქმის საერთოდ არ აქვს გაცნობიერებული ჰოლანდიელი ებრაელებისადმი მზარდი საფრთხე.

 

ჩაბნელებულფანჯრებიან ოთახში გამოკეტვის შემდეგ კი ანას პიროვნება სრულიად იცვლება. ამან მის პიროვნულ ზრდაზე აშკარა ეფექტი მოახდინა.

 

უკანასკნელი ჩანაწერი 1944 წლის 1 აგვისტოთი თარიღდება და ანას შინაგან გაორებას ასახავს. „ორ ნაწილად ვიხლიჩები“, – მოუთხრობს ის მკითხველს.

 

სამი დღის შემდეგ გერმანული პოლიცია ფრანკებისა და ვან პელსების თავშესაფარში შეიჭრა და ყველა იქ მყოფი დააკავა.

 

ერთი თვის თავზე დაკავებულები ჰოლანდიის ვესტერბორკის სატრანზიტო ბანაკიდან ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ტყვეთა უკანასკნელ ნაკადთან ერთად გაგზავნეს.

 

1945 წლის მაისისთვის ანას მამის, ოტო ფრანკის გარდა, ამ ორი ოჯახის ყველა წევრი მკვდარი იყო .

 

ანა ფრანკის ჩანაწერების სრული კრებული მრავალფეროვანი მასალით გამდიდრებულ სურათს გვიხატავს და მისი გვერდების კითხვისას შეუძლებელია, არ დაფიქრდე იმაზე, თუ როგორ ადამიანად შეიძლება გაზრდილიყო ანა.

 

დღიურში ის ჟურნალისტად გახდომის სურვილზე წერს: „მინდა, წელიწადი პარიზსა და ლონდონში გავატარო, ვისწავლო უცხო ენები და ხელოვნების ისტორია [და] მე ჯერაც ვოცნებობ ბრწყინვალე კაბებსა და მომხიბვლელ ხალხზე“.

 

ამ ჩანაწერებს რომ ვკითხულობთ, მის მახვილგონივრულ ესკიზებს ვეცნობით, მარტივი ხდება იმის წარმოდგენა, როგორ მიაღწევდა ანა ორივე მიზანს.

 

თუმცა, ისიც შეიძლება, რომ ზრდასრულ ანაზე ჩვენს წარმოდგენებს რეალობასთან კავშირი არ ჰქონოდა.

 

ვინ იცის, რომ გადარჩენილიყო, რა ზეგავლენას მოახდენდა მასზე გადატანილი ტრავმა.

 

შემდეგ წელს ალბერტი თავის 90-ე დაბადების დღეს აღნიშნავს – ასაკს, რომელსაც ანა ამ ივნისში მიაღწევდა.

 

როგორც ლიტერატურული ნამუშევარი, ანა ფრანკის დღიური ოკუპაციის ჰოლანდიური გამოცდილების განმსაზღვრელ სიმბოლოდ იქცა. ანას დღიური 60 ენაზე ითარგმნა და 30 მილიონზე მეტ ასლად გაიყიდა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +