fbpx
00:03 | 2020-04-28 ავტორი: თამარ გონგაძე

„ან მე ვარ სადღაც, ან გოგიჩა და უბრალოდ ვერ ვხვდებით ერთმანეთს – გოგიჩა დღეს 52 წლის გახდებოდა

„ან მე ვარ სადღაც, ან გოგიჩა და უბრალოდ ვერ ვხვდებით ერთმანეთს – გოგიჩა  დღეს 52 წლის გახდებოდა

მსახიობი და ტელეწამყვანი, გიორგი გოგიჩაიშვილი 28 აპრილს 52 წლის გახდებოდა. ყველასათვის საყვარელი “გოგიჩა” გასული წლის 4 ივლისს მძიმე სენთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

 

მსახიობი თამარ მაყაშვილი “გოგიჩას” ბავშვობის მეგობარია. ბაღი, სკოლა, სტუდენტობა და ცხოვრება მეგობრობაში გალიეს. სწორედ ამიტომაც თამარმა ვერ შეძლო ყრმობის უახლოესი მეგობრის პანაშვიდზე და დაკრძალვაზე მისვლა.

 

თამარ მაყაშვილი: – მე დღესაც არ მჯერა, რომ “გოგიჩა” აღარ არის. სამი წლის ასაკში წავედით ბაღში, ერთ ჯგუფში ვიყავით, მერე ერთ კლასში ვსწავლობდით და ერთად დავამთავრეთ სკოლა.

 

ის იყო საოცარი ადამიანი თავისი იუმორით, ადამიანობით, წესიერებით… მთელი ცხოვრება, 24 საათი ერთად ვიყავით.

 

ამას წინათ გიორგის “ლექსი” ვიპოვე – “კედელთან ვდგავარ როგორც კარადა, მე შენზე ფიქრმა გამაავეჯა”. ასე ხუმრობდა ხოლმე.

 

ჩვენს შორის ისეთი სიყვარული იყო, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენი ხნის უნახავი გვყავდა ერთმანეთი, ეს იყო განსაკუთრებული ურთიერთობა.

 

“გოგიჩა” მეოთხეა ჩვენი კლასელებიდან, ვინც წავიდა… მე, როგორც ყოველთვის, აკიდებული ვიყავი ამ ბიჭებზე. მთელი დღეები ერთმანეთთან დავყიალობდით. ეს ბიჭები ძმაკაცად აღმიქვამდნენ, ყველაფერს მიყვებოდნენ. ხან ჩემთან ვისხედით, ხან ბუხრაშვილთან, ხან – “გოგიჩასთან”… რაღაც სისულელეებს ვაკეთებდით და ვიგუდებოდით სიცილით.

 

მამაჩემი მეცნიერი იყო, ვაკუუმში ვაშლი გამოყავდა და მაგიდის უჯრაში ედო. მორიგი ვიზიტისას, ჩემმა ველურმა კლასელებმა, გამოაღეს მაგიდის უჯრა და ეს საექსპერიმენტო ვაშლი შესანსლეს… მერე ღადაობდნენ, ბიჭიკომ ძლივს გამოიყვანა ვაკუუმში ვაშლი და ჩვენ შევუჭამეთო.

 

ბოლო შეხვედრა შარშანწინ, კლასელის დაბადების დღეზე გვქონდა. ისე მოვულხინეთ, იმდენი რამ გავიხსენეთ…

 

როდესაც გარდაიცვალა და მეგობრები, მირეკავდნენ, რატომ არ მიდიხარო, არ შემიძლია-მეთქი. მე თუ ძალიან მინდა, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება ცოცხლად მემახსოვროს, მე მის პანაშვიდზე ვერ მივდივარ, ვერ ვემშვიდობები. ოჯახის წევრებთან დავრეკე, ვერ მოვდივარ-მეთქი.

 

იმ დღეს ნანა შემხვდა, “გოგიჩას” დედა, ვლაპარაკობდით… ძალიან უჭირს და მითხრა, ვერ ვიჯერებ, ასე მგონია, სადღაც შორს არის წასულიო. მეც ასე მგონია. ან მე ვარ სადღაც, ან “გოგიჩა” და უბრალოდ ვერ ვხვდებით ერთმანეთს.

 

მამამისი, სოსო გადასარევი ადამიანი. მაია, “გოგიჩას” და… საერთოდ ყველანი ფანტასტიური ადამიანები არიან, არა ამქვეყნიურად კარგები, ძალიან მეგობრულები.

 

მთელი ცხოვრება, რომ ადამიანის გვერდით ცხოვრობ და მიდის, თან მიაქვს შენი ნაწილი. დიდი დრო გავატარეთ ერთად, მთელი ცხოვრებაც… ჩემი დიდი სიყვარულია “გოგიჩა”.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X