fbpx
11:40 | 2020-05-26 ავტორი: თამარ გონგაძე

“ამბობენ, ვაკის პარკში დახვრიტესო…” – ვაჟა-ფშაველას უფროსი ვაჟის გმირობის ისტორია

“ამბობენ, ვაკის პარკში დახვრიტესო…” – ვაჟა-ფშაველას უფროსი ვაჟის გმირობის ისტორია

უდიდესი ქართველი მგოსნისა და მოაზროვნის, ვაჟა-ფშაველას შთამომავალი, ლელა რაზიკაშვილი სოციალურ ქსელში სახელოვან წინაპარს, პოეტის უფროს ვაჟს, ლევან რაზიკაშვილს და მისი გმირული აღსასრულის ისტორიას იხსენებს.

 

ბუნებრივია, ლელამ ეს ისტორია დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიხსენა.

 

ჩვენც გავიხსენოთ, ღირსეული წინაპრის ცხოვრება და მისი ისტორია ამ ძალზედ საინტერესო მონათხრობიდან.

 

ლელა რაზიკაშვილი: ამ ფოტოზე, ვაჟა-ფშაველას გვერდით, თეთრ პიჯაკიანი, ლამაზი ახალგაზრდა კაცი, მისი უფროსი ვაჟი, ლევან რაზიკაშვილია. მარჯვნივ კი, მისი რძალი, ოჯახის პირველი პატარძალი, თამარი.

 

1915 წელია, მაისის თვე, ლევანის ქორწილი და ვაჟას უკანასკნელი დღესასწაული…

 

ვაჟა ფშაველას ოჯახი

 

ქორწილის მერე თბილისში ბრუნდება, სიცხიანი წვება სანდროსთან სახლში, მლეთის ქუჩაზე, შემდეგ ლაზარეთში, შემდეგ კი პალატის ყვავილებით მორთულ იატაკზე…

 

ეს სურათი მისი აწეწილ-დაწეწილი ცხოვრებისა და ოჯახის მატიანეცაა…

 

ქორწილს არ ესწრებიან ნეფის დები, ვაჟას უკვე კარგა მოზრდილი ქალები, არც დედინაცვალი…
ან კი როგორ იქნება ეს უკანასკნელი, ლევანი ხომ მის გამო არ ადის ჩარგალში უკვე წელიწადზე მეტია, ლამის მამაც გაანაწყენოს მის გამო.

 

ცოლიც მამის უკითხავად მოყავს, მაგრამ მერე წერილით უბოდიშებს, სიტყვას აძლევს, რომ ქორწილს მის ჩამოსვლამდე არ გადაიხდის.

 

მან კი გვიან მოიცალა, ჯერ იავადა, მერე იუბილე გადაუხადეს. მაისშიღა მოიცალა. თამარი აქ უკვე ფეხმძიმედაა პირველ შვილიშვილზე, ლუკაზე.

 

“არავის ენდობა. არ აღიარებს დანაშაულს. იტანს შიმშილს” - საარქივო მასალა მერაბ კოსტავას შესახებ
2020-05-26“არავის ენდობა. არ აღიარებს დანაშაულს. იტანს შიმშილს” - საარქივო მასალა მერაბ კოსტავას შესახებ

 

ის ოქროს საათი, ქორწილში ლევანს რომ აჩუქა, ერთადერთი შედარებით ძვირად ღირებული ნივთი იყო მის ნივთიერად შეჭირვებულ ყოფაში!ლევანისთვისაც ერთადერთი ძვირფასი საჩუქარი გამოდგა, თითქოს მამის მზითევი. მოგვიანებით ლევანი ამ საათს გაყიდის და მიწის პატარა ნაკვეთს იყიდის გორში.

 

სახლის აშენებას ვერ ასწრებს, სახლს მერე, მისი დახვრეტიდან რამდენიმე წლის შემდეგ აუშენებენ ნათესავები მის ობლად დარჩენილ და დევნილ ოჯახს. ამ პატარა სახლში ცხოვრობენ დღესაც ლევანის შვილიშვილები….

 

1919-20 წლებში, მიწისძვრისა და ეპიდემიების გამო, ლევან რაზიკაშვილი ოჯახით საცხოვრებლად ჩარგალში გადადის.

 

მენშევიკების მთავრობის დროს, რაზიკაშვილებისთვის სახასიათო ფიზიკური მონაცემების, ნიჭის და ავტორიტეტის გამო, მას ირჩევენ ფშავ-ხევსურეთის კომისრად და იმ დღიდან იარაღით ხელში, ადგილობრივებთან ერთად, იცავს სოფლებს მოთარეშე გადაღმა მთიელებისგან, რომლებიც იმხანად სოფლებს ძარცვავდნენ, მიერეკებოდნენ შინაურ ცხოველებს, აქაურების ერთადერთ სარჩოს!

 

ბოლშვიკებმა, მთაში შესვლისას მას, როგორც ვაჟა-ფშაველას შვილს და მხარის უპირობო ავტორიტეტს, აშკარად გაუწიეს ანგარიში, შორიდან მოუარეს.

 

თავისი მოვალეობა შეუნარჩუნეს, მაგრამ პარალელურად თავიანთი კომისარი დაუნიშნეს მაღაროსკარში და მსტოვრები მიუჩინეს ჩარგალში, იმ პერიოდისთვის, როცა მომძლავრდებოდნენ და მის მოშორებას შეძლებდნენ.

მინდა იცოდეთ,რომ გორში ცხოვრობენ ...

1922 წელს, ზაფხულის ბოლოს, ქაქუცა ჩოლოყაშვილი დუშეთის მისადგომებთან შეტაკებაში მარცხდება, უკან იხევს არაგვის ხეობისკენ და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ფრონტის ხაზი, ბრძოლის მთავარი ლოკაცია, ფშავ-ხევსურეთი ხდება!

 

ასე აღმოჩნდა ლევან რაზიკაშვილი მოვლენების ეპიცენტრში!

 

ბოლშვიკების მიერ, მის მიმართ წაყენებული ბრალის დასკვნით დადგენილებაში, ვინმე ოპერრწმუნებულის თანაშემწე ხოჯევანოვი წერს, რომ რაზიკაშვილმა არ შეასრულა თიანეთის მაზრის კომისრის, სურგულაძის დავალება, დახმარებოდა წითელარმიელებს, შეფიცულთა რაზმისთვის გზის გადაკეტვის ოპერაციაში. სურგულაძე გეგმავდა ჩოლოყაშვილის რაზმის ალყაში მოქცევას და განადგურებას.

 

 

ლევან რაზიკაშვილი კი წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით, თითქოს ტყვედ ჩაბარდა შეფიცულებს, რამდენიმე დღე დაჰყო მათთან და ჩოლოყაშვილისგან მიიღო დავალება მოემზადებინა ფშავლები აჯანყებისთვის.

 

მიუხედავად მაზრის კომისრის წერილობითი მოწოდებისა, რაზიკაშვილი არ გამოცხადდა კომისარიატში და არ მიაწოდა მათ ინფორმაცია შეფიცულების რაზმის შესახებ! რომ მან გააგრძელა შეფიცულთა რაზმთან ურთიერთობა და იცოდა რა, რომ ქაქუცას რაზმი იყო ალყაში, თავადვე გადაიყვანა ისინი უსაფრთხო გზებით ჩარგლიდან არტნის თემში და იქედან პანკისის ხეობაში გადააცილა, საიდანაც ჩოლოყაშვილი მიიმალა…

 

რანაირად ვართ დამოუკიდებლები, მოტყუებულნი ვართ ყველა - ასმათ ტყაბლაძის ემოციური ეთერი
2020-05-26რანაირად ვართ დამოუკიდებლები, მოტყუებულნი ვართ ყველა - ასმათ ტყაბლაძის ემოციური ეთერი

 

„ამიტომ მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა! ოპერრწმუნებულის თანაშემწე, ხოჯევანოვი“
ეს დასკვნა განიხილეს 1922 წლის 3-5 დეკემბერს ,,ჩეკას“კოლეგიაზე და დაადასტურეს…

 

ეს დოკუმენტიც საკმარისია იმისთვის, რომ ცხადი გახდეს ლევან რაზიკაშვილის როლი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთავარ ლოკაციაზე – ფშავ-ხევსურეთის აჯანყებაში!

 

ის იყო ადგილობრივი ძალოვანი ხელისუფლების წარმომადგენელი და ბუნებრივია, კარგად ფლობდა ინფორმაციებს წითელი არმიის ძალების განლაგებაზე, მათ გადაადგილებაზე და გეგმებზე. ეს ინფორმაცია სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო იმისთვის, რომ შეფიცულთა რაზმს შეძლებოდა უსაფრთხო გადაადგილება, უსაფრთხო დაბანაკება, ძალების აღდგენა, შეტაკებების სწორად დაგეგმვა, დამარცხების შემთხვევაში კი ალყის გარღვევა და გადარჩენა დანაკარგების გარეშე!

 

ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ეს მოახერხა ლევანის დახმარებით! ლევან რაზიკაშვილმა ეს გაბედა და ეს შეძლო!

 

26 მაისის საიმიჯო რგოლი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე გვიყვება
2020-05-2626 მაისის საიმიჯო რგოლი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე გვიყვება

 

არავინ იცის დაბანაკებული შეფიცულთა რაზმიდან ვაჟას ქოხისკენ, ჩარგლის ღამიანი ბილიკებით, როგორ დაიპარებოდა ლევანის უმცროსი მეგობარი და თანამოაზრე, იმხანად შეფიცულთა რაზმის წევრი, მიხა ხელაშვილი. ის ხომ თვალდახუჭული ცნობდა აქ ყველა კენჭს და ბუნებრივია უკეთეს მოკავშირეს ძველი მეგობრები ვერც კი ინატრებდნენ!

 

ბრალში არ წერია, მაგრამ ლუკას, ლევანის შვილს კარგად ახსოვდა, როგორ მოვიდნენ რაზმელები მათთან სახლში, ჩარგალში. როგორ უმასპინძლა ლევანმა გიმნაზიის მეგობარს. ადვილი წარმოსადგენია მათი საუბრების თემაც, მაგრამ ლუკას ის რა თქმა უნდა არ ახსოვდა. ის მაშინ 7 წლისა იყო და თვალი ლამაზად მოვარაყებული იარაღებისკენ ეჭირა.

-,,თეთრჩოხიანი იყო ერთი, ჯერ ხელში ამიტაცა, მომეფერა, მერე ჩემი მზერა რომ დაიჭირა იარაღისკენ, თოფი გამასროლინაო“- ხშირად მიყვებოდა ხოლმე…

 

ეს იყო უპატიებელი დანაშაული მაშინ და სწორედ ამიტომ იყო, რომ ბოლოს გრძნობდა, რომ მისი ჯერი დადგა. იმალებოდა, არ რჩებოდა სახლში იმ დღესაც მხოლოდ სახლში იცოდნენ სად იყო…

 

და ზუსტად იმ ადგილას, ტყის იმ მონაკვეთზე წაადგნენ თავზე კარგად ინფორმირებული ჩეკისტები…
ხელებშეკრული რაზიკაშვილი მილიციელებს სოფელ ლახატოში, ივანე მგელიაშვილის სახლზე ჩამოუტარებიათ ღამის გასათევად. მასპინძელი შეხვეწნია მათ, ვაჟას შვილს ხელებშეკრულს ნუ მაყურებინებთ, ეს ვაჟკაცი კაცია, არსად გაიქცევაო.

 

მართლაც გაუხსნიათ ხელები და შეუსრულებია სიტყვა, არ გაიქცა, დასახვრეტად არ გაიმეტა მასზე პასუხისმგებელი ხალხი! ერთად უქეიფიათ მთლი ღამე ყველას, მასპინძლს, ტუსაღს და ბადრაგს…

 

დილით შაშხანა უთხოვია მასპინძლისთვის, მილიციელების თვალწინ გამოუტანია იარაღი მასპინძელს. ლევანს თითქმის დაუმიზნებლად უსვრია ხუთი ტყვია ეზოს ბოლოში მდგარი მსხლის ხისთვის, ხუთივე მოუხვედრებია.

 

102 წელი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან - როგორ შეიქმნა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა
2020-05-26102 წელი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან - როგორ შეიქმნა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა

 

 

ერთხელ კიდევ კომუნისტურმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა არავისი თხოვნა ლევან რაზიკაშვილის არდახვრეტასთან დაკავშირებით!

 

ბოლშევიკებმა იმ ხანად გადაიბირეს და შემოირიგეს უამრავი ტყეში გავარდნილი ყაჩაღი და მკვლელი, მათ შორის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებიც. მიხა ხელაშვილის მკვლელებიც კი, თავიდან ებრძოდნენ ახალ ხელისუფლებას, იარაღით ხელში იყვნენ ტყეში, მაგრამ მერე მოისყიდეს და ჩაიყენეს თავიანთ სამსახურში.
აი ლევანზე კი ეს არც უცდიათ! მათ შეუვალ პოზიციაში ჩანს, თუ რა როლი ქონდა მას შეფიცულთა რაზმისთვის, რა ზარალი მიაყენა მან ბოლშევიკებს!

 

ლევან რაზიკაშვილმა იცოდა შედეგი და საფრთხე მის მიერ გადადგმული ნაბიჯების!
ეს იყო თავგანწირვა განწირულ ბრძოლაში, ეს იყო მისი არჩევანი!

 

უნიკალური კადრები - რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში 102 წლის წინ
2020-05-26უნიკალური კადრები - რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში 102 წლის წინ

 

1923 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, ვაჟას თბილისში მცხოვრები ძმა, თავად უშვილო და ყველა ძმიშვილის გამზრდელი სანდრო რაზიკაშვილი, მეტეხის ციხიდან სახლში ბრუნდება. შუა ოთახში მაგიდაზე აგდებს ლევანისთვის წაღებულ და უკან მობრუნებულ ამანათს, სკამზე ეშვება და ტირის….
ამანათი აღარ მიიღეს, ეს ნიშნავდა, რომ ლევანი აღარ იყო….

 

ამბობენ, ვაკის პარკში დახვრიტესო, იქ სადაც სხვა დამოუკიდებლობის ჯარისკაცებს ხვრეტდნენ…
ამბობენ, ზვიადაურის სიკვდილს გავდაო მისი სიკვდილი, ,,ძაღლ იყვასო“ არა, მაგრამ არ შეგრჩებათ ძაღლებოო იძახდა თურმე…

 

მის ბოლო სიტყვებს კი ვერ გაიგონებდა მისგან დამიზნების დისტანციაზე მდგომი, იარაღმიშვერილი ჯალათი, ვერც დაიმახსოვრებდა და ვერც გაამხელდა!

სამაგიეროდ ის ესმით თაობებს და ყველას ვინც ამ ბრძოლას ინარჩუნებს გამარჯვებამდე!
ის სიტყვები თავგანწირულების პრივილეგიაა, მათი განსაკუთრებული უფლება!

 

– დიდება სამშობლოს! …ასე კვდებიან გმირები!!!

 

– დიდება გმირებს!
აი, ეს კი ჩვენი ვალია და განსაკუთრებით დღეს!
ეს დღე მათია!!!

ავტორი: თამარ გონგაძე
X