fbpx
00:59 | 2020-04-23 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ამაზრზენია, როცა მორგში დგახარ და მიცვალებულის ტელეფონი რეკავს – ქართველი ექთანი ნიუ-იორკიდან

ამაზრზენია, როცა მორგში დგახარ და მიცვალებულის ტელეფონი რეკავს – ქართველი ექთანი ნიუ-იორკიდან

ამერიკაში მცხოვრები ნანა ბერიშვილი ნიუ იორკის შტატის ვესჩესტერის საგრაფოს სენტ ჯონის ჰოსპიტალში, უშუალოდ COVID ინფიცირებულებთან მუშაობს. მას 9 აპრილს თავად დაუდგინდა ინფექცია და „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში დაწვრილებით აღწერს როგორც თავის შეგრძნებებს, ისე დაავადებულთა ქცევებსა და ავადმყოფობის მიმდინარეობას.

 

ნანა 23 წელია ამერიკაში ცხოვრობს. წარმოშობით ჰოლანდიელი მეუღლე ჰყავს, რომელიც რადიოლოგიის სპეციალისტია. ცოლ-ქმარი სხვადასხვა კლინიკაში მუშაობს.

 

– ნიუ იორკში აფეთქება ერთი კაცით დაიწყო, რომელიც გახლდათ ებრაელი. ის ლოცვას დაესწრო და იქ 100-ზე მეტი ადამიანი დააინფიცირა, ხოლო დანარჩენ 5 დღეში, ვიდრე ინფექცია დაუდასტურდებოდა – კიდევ 350-ზე მეტი და აქედან დაიწყო ეპიდემიური გავრცელება.

 

მე თავად დამიდასტურდა ინფექცია და რაღა თქმა უნდა, პაციენტისგან გადამედო. ისიც ზუსტად ვიცი, რომელი პაციენტისგან. სადაც ეს პაციენტი იწვა, ამ ოთახს ნეგატიური წნევის ოთახი ჰქვია.

 

ის პოზიტიური წნევის ოთახისგან იმით განსხვავდება, რომ ოთახის ვენტილაცია არ ხდება და მუდმივ ტემპერატურას ინარჩუნებს გაწოვის მეთოდით. ანუ, როგორც კი ტემპერატურა ზღვარს მიაღწევს, ირთვება გამწოვი და ჰაერი გარეთ გააქვს – აუხშოვებს. პოზიტიურ ოთახში სუფთა ჰაერი შიგნით შემოდის.

 

ასეთ ვითარებაში ჩავატარე კარდიო-პულმონალური რესუსიტაცია. ანუ გაჩერებული გულის ამუშავება. წარმოიდგინეთ, პაციენტს წნევით მიეწოდება ჰაერი, შენ ამას „დაასკდები“ ზემოდან და ცდილობ, გული აუმუშავო. მკერდზე რომ დააწვები, მთელ ჰაერს ზემოთ ისვრის პირიდან, შენ კი მკერდზე აწევხარ ფაქტობრივად, ორმაგი ნიღაბი გიკეთია, მაგრამ იოფლები და ნიღაბი გიცურდება. ინფიცირებულის ამონასუნთქ ჰაერს ყლაპავ. ასე მოხდა ჩემი დაინფიცირება.

 

რამდენიმე დღეში დამეწყო წელის საშინელი ტკივილი. ხერხემლის მალების თიაქარი მაქვს და სადაც სუსტი წერტილი ნახა, იქ „ჩამაფრინდა“. 2 წლის წინ ნერვი „მომეჭეჭყა“ მალებს შორის და ის ტკივილი ამასთან შედარებით არაფერი იყო. მეჩვენებოდა, რომ რაღაც არსება დიდი კბილებით იყო ჩაფრენილი ძვალზე და ღეჭავდა.

 

საღამოს სიცხეც მომცა. წამლები დამალევინა ჩემმა მეუღლემ. მერე დამაწყებინა საშინელი ხველა. დავრეკე სამსახურში და ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. იმ წუთიდან სამსახურში გასვლა ამეკრძალა. ჩავაბარე ტესტი და დამიდგინდა ინფექცია. დავრჩი სახლში. პიერთან შეხება საერთოდ არ მქონდა, თუ არ ჩავთვლით, რომ ოთახში გამზადებულ საჭმელს შემომიგორებდა და შემდეგ გაიტანდა.

 

ერთ ღამეს კი გამეღვიძა სუნთქვის უკმარისობით, სუნთქვა გავაჩერე და ფილტვებში ჟანგბადს ვეღარ ვუშვებდი. ვერ ამოვისუნთქე. ძალიან შემეშინდა ამ დროს. პანიკაში ჩავვარდი. როგორია, როცა იცი, ისეთი ვირუსი გაქვს, რომელიც შენს ფილტვებს შიგნიდან ჭამს. პიერს დავუძახე. ჟანგბადის შემცველობა გამიზომა სისხლში, მაგრამ ნორმაში მქონდა. სუნთქვითი ვარჯიშები გამაკეთებინა და ცოტა მომეშვა. მუცელზე წოლა მშველოდა ძალიან. შიშმა შემიპყრო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავარდეთ პანიკაში, რადგან პანიკა თავისთავად იწვევს სუნთქვის შეკავებას და ეს ძალიან ცუდია. წყალში დახრჩობის შეგრძნება გაქვს ამ დროს. ჰაერს ვერ უშვებ ფილტვებში, ყველაფერი იკვრება შენს ცხვირთან და ვერაფერს აკეთებ.

 

ახლა უკვე გამოვკეთდი, თუმცა 3 კვირა ჯერ არ არის გასული, რომ ხელახალი ტესტი ჩავიტარო.

 

სამედიცინო პერსონალს  გვაქვს პროტოკოლი, როგორ უნდა ჩავატაროთ პირველადი დახმარება. დილით სამსახურში რომ მივდივართ, ექთნებს გვაძლევენ რამდენიმე პაციენტს. არსებობს სამი ტიპის პაციენტი – ინტუბირებულები (სავენტილაციო აპარატზე შეერთებული პაციენტები), მძიმე პაციენტები და მესამე კატეგორია – პაციენტები, რომლებიც სიმპტომებით არიან მოსული, მაგრამ ტესტის პესუხი ჯერ არ აქვთ, თუმცა ეს სიმპტომები იმდენად მძიმეა, რომ სახლში გაშვებას არ ექვემდებარება. მსუბუქი პაციენტები ფაქტობრივად, სავადმყოფოში არ რჩებიან.

 

რესპირატორიან პაციენტს მხოლოდ ორს გაძლევენ, რომ ყურადღება არ მოაკლდეთ. პაციენტი, რომელიც კრიტიკულ ზღვარს აღწევდა, უცებ გვეცლებოდა ხელიდან. ადამიანი გელაპარაკება და უცებ, 15 წუთში იხრჩობა და ვერ შველი. როგორც წყლიდან ამოვარდნილი თევზი, ასე იწყებს დგაფუნს საწოლზე. ამის გამო, კი ჟანგბადის დონე სისხლში 80-ს ჩამოსცდებოდა, მაშინვე ვიწყებდით პაციენტის ინტუბაციას, რისთვისაც ჯერ იწვევდნენ ხელოვნურ კომას და პაციენტის ინტუბაციას მერე ვიწყებდით.

 

მთელი ინტუბაცის პერიოდში უნდა მიაქციო ყურადღება იმას, რომ ნერვული სისტემის დამთრგუნველი პრეპარატები დოზირებულად მიაწოდო, რადგან პაციენტი კომიდან რომ გამოვიდეს, აღგზნებული, შეეცდება, ინტუბაციის მილი ამოიძროს, რადგან ეს არის უცხო სხეული და დისკომფორტს განიცდის. განუწყვეტლივ ყურადღების ქვეშ უნდა გყავდეს, რომ რაიმე გამოუსწორებელი არ მოხდეს. აქვთ საშინელი ტკივილი.

 

ამერიკაში მარტის შუა რიცხვებიდან ძალიან ერიდებიან 85 წელს ზემოთ პაციენტების ინტუბირებას, რომელთაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რადგან მათი გადარჩენის ძალიან მცირე პროცენტი არსებობდა. ვენტილატორზე მყოფების უმეტესობა არის 65 წელზე ქვემოთ მყოფი.

 

სამი ავადმყოფი მყავდა, რომელიც 85 წლის ზემოთ იყო.  სამივე ვენტილაციაზე გვყავდა, რადგან მათი ოჯახის წევრების ამოჩემება იყო, რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა მათ გადასარჩენად. საავადმყოფოებში სპეციალური სამსახურები შეიქმნა, რომლებიც ასაკოვანი ადამიანების ოჯახის წევრებს უკავშირდებიან და უხსნიან, რომ პაციენტის გადარჩენის შანსი არის ძალიან მცირე, დაახლოებით 5 % და ეკითხებიან, – გინდათ, რომ ეს ასაკოვანი ადამიანი ვაწვალოთ? გინდათ, რომ მილი ჩავთხაროთ პირში? გინდათ, რომ 2-3 კვირის განმავლობაში ხელოვნურად ვკვებოთ? ოჯახების უმეტესობა წინააღმდეგი იყო, რომ ასეთი პაციენტების სიცოცხლე ხელოვნურად შენარჩუნებულიყო.

 

შეიქმნა სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, იქ, სადაც დაბალია გადარჩენის შანსი, იმის ნაცვლად, რომ სიცოცხლე გახანგრძლივდეს ხელოვნურად, ტკივილისა და ფაქტობრივად, წამების ხარჯზე, პაციენტს მიეცეს საშუალება, პალიატიური, ანუ კომფორტული მკურნალობისა, სადაც მთელი ყურადღება იქით კი არ არის მიმართული, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნო, არამედ, ღირსებით, უმტკივნეულოდ და კომფორტით მოხდეს გარდაცვალება. არა სიკვდილი, არამედ – გარდაცვალება. მორფინის წვეთოვანს უდგამენ პაციენტს. მთავარია, ტკივილი და დისკომფორტი მოაცილო, მერე ბუნება თავისას თვითონ გააკეთებს.

 

მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ადამიანის გაწირვა. არჩევანია მწირი: ან ტანჯვით სიცოცხლის გახანგრძლივება ან კომფორტით გარდაცვალება.

 

ჩემს მაგალითს მოგიყვანთ: როდესაც ჩემი ანალიზის დადებითი პასუხი მოვიდა, მე და ჩემი მეუღლე დავსხედით, ჩვენი უახლოესი მეგობრების ოჯახს დავუკავშირდით ონლაინ და მოვაწყვეთ პატარა კონფერეცნცია. ვისაუბრეთ, ვის რა გვინდოდა. მე ვუთხარი, რომ არავითარ შემთხვევაში არ მინდოდა ინტუბაცია. როგორც უნდა დამძიმებულიყო ჩემი სიტუაცია, არ ვიყავი თანახმა ინტუბაციაზე. როდესაც ამერიკაში ეპიდემიამ თითქმის უმართავი სახე მიიღო, მე და ჩემმა მეუღლემ ვისაუბრეთ, ვის რა გვინდოდა, კრიტიკულ სიტუაციაში. ერთმანეთს ანდერძივით დავუბარეთ. მაშინ ისეთი პრობლემა იყო ვენტილატორების, რომ პიერმა მითხრა, იქნებ ჯობდეს, შენ შენს საავადმყოფოში წაგიყვანო, რადგან იქ გიცნობენ და ვენტილაციის აპარატზე შეგაერთებენო.

 

ასეთი წინააღმდეგი იმიტომ ვიყავი, რომ საკუთარი თვალით ვხედავდი, ვენტილატორზე შეერთება ფაქტობრივად, უგონო მდგომარეობის გახანგრძლივებას ნიშნავდა.

 

ახლა უკვე პაციენტის ინტუბაცია დამძიმებისთანავე არ ხდება. მას აძლევენ საშუალებას, რომ ორგანიზმი თავად ებრძლოს ვირუსს ბოლომდე და მხოლოდ გადაუდებელი სიტუაციის დადგომისას შეაერთონ აპარატზე.

 

სოციალურმა დისტანცირებამ შეამცირა ინფიცირებულთა რაოდენობა და საავადმყოფოებმა ამოისუნთქეს. ახლა საკმარისი რესურსია საიმისოდ, რომ ყველა პაციენტს ბოლომდე მივხედოთ. ყველას ყურადღება ექცევა, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც 7 კაცი იდგა რიგში და ელოდა 5 ადამიანის სიკვდილს, მათი საწოლი რომ დაეკავებინათ.

 

ძალიან მეცინება, როცა ადამიანები დგანან და სოციალურ ქსელში წუწუნებენ, თმა ვერ შემიჭრია და მაკიაჟი ვერ გამიკეთებიაო. სახლში თუ არ დარჩები და სოციალურ დისტანციას არ დაიცავ, მაგ ყველაფერს მორგში გაგიკეთებენ.

 

ჩვენთან ადამიანი რომ გარდაიცვლება, ვათავსებთ ცელოფანის სპეციალურ ბლოკში. ნივთებსაც მოვაგროვებთ, ცელოფანში ვუდებთ და ცხედარს ვატანთ. ერთი პაციენტი გარდაიცვალა, რომელსაც პატივი მივაგეთ, ჩავყევით მორგში და ნიშაში რომ შეასვენეს, კედელს აკრულები ვუყურებდით.

 

სამარისებური სიჩუმე იდგა, ვერ ტირი, ამდენი ნიღაბი გაქვს სახეზე, დგახარ გაქვავებული და უცებ ტელეფონი რეკავს… ვინ იცის, ვის ცხედარზეა მიმაგრებული ეს ტელეფონი? არა და, შესაძლოა, რამდენიმე საათის წინ ოჯახის წევრებს ესაუბრა. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს თმის ყალყზე დადგომა.

 

ამაზე საშინელება არაფერია, მივხვდი, რას ნიშნავს კოვიდ ინფექცია და რამდენად ამაზრზენია, როცა მორგში, გარდაცვლილებს შორის დგახარ და რომელიღაცა უპატრონო მიცვალებულის სამყოფელიდან ტელეფონი რეკავს…

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X