fbpx
01:00 | 2020-05-14 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„ამან შეიძლება ადამიანების კარიერა მოსპოს და ცხოვრება დაუნგრიოს“ – TIKTOK-ის საფრთხეები

„ამან შეიძლება ადამიანების კარიერა მოსპოს და ცხოვრება დაუნგრიოს“ – TIKTOK-ის საფრთხეები

ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა მობილური აპლიკაცია „TIKTOK”, რომელიც უკვე არაერთ სკანდალში გაეხვა.

 

რამდენიმე კვირის წინ, ის 5.7 მილიონი დოლარით დააჯარიმეს, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და ოსეთი აპლიკაციაში ცალკე ქვეყნებად არის მოხსენებული.

 

რა საფრთხეებს შეიცვას პოპულარული აპლიკაცია? – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარი ზვიად აძინბაია ესაუბრა.

 

– ბატონო ზვიად, რეალურად რა არის ბოლო დროს გააქტიურებული აპლიკაცია ტიკტოკი?

 

– დაბალი ხარისხის, საეჭვო რეპუტაციის და ჩვენი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი აპლიკაცია.

 

ტიკტოკს უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოების გვერდით აქვს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (სამხრეთ ოსეთი) მოხსენიებული.

 

ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის, ეს საკითხი კომპანიის მიმართ მთავარი, დაუყოვნებლივი საზრუნავია.

 

– რა საფრთხეებს შეიცავს ტიკტოკი პირადი მონაცემების დაცვის კუთხით?

 

– ტიკტოკი არის ჩინური აპლიკაცია, რომელსაც დასაწყისშივე აქვს რეპუტაციული პრობლემები.

 

ის ამერიკაში დაადანაშაულეს არასრულწლოვანთა პირადი მონაცემების უკანონოდ შეგროვებაში და დააჯარიმეს.

 

იმავდროულად, მონაცემების დაცვის თვალსაზრისით, ის არ ვიცით რამდენად დაემორჩილება ევროპულ და ამერიკულ რეგულაციებს. ამიტომ, მას მინიმუმ სკეპტიკურად უნდა შევხედოთ.

 

– ფეისბუქთან, ინსტაგრამთან და სხვა აპლიკაციებთან შედარებით, რატომ არის უფრო საფრთხის შემცველი?

 

– ფეისბუკს და ინსტაგრამს უკვე ვიცნობთ. ასე თუ ისე ვიცით, როგორ მუშაობენ მათი ალგორითმები, იქ როგორ ოპერირებენ ტროლები და ბოტები, როგორ ხდება თუნდაც დეზინფორმაციის გავრცელება და პერსონალური მონაცემების მოპოვება. ტიკტოკის შემთხვევაში, ეს ჯერჯერობით უცნობია.

 

– სულ ეს არის?

 

– არა. ის ერთი შეხედვით უწყინარი აპლიკაციაა, სადაც „ცუდი ბიჭები“ აუცილებლად იპოვიან ხვრელებს.

 

მაგალითად, ნომინალურად რომ გავრცელდეს deep fake ვიდეოები, რომელსაც მთელი მსოფლიო მიბაძავს და გააკეთებს.

 

ამან შეიძლება ადამიანების კარიერა მოსპოს და ცხოვრება დაუნგრიოს ბევრს, შეულახოს ჯანმრთელობა.

 

ასევე, ფეისბუკზე თუ ტიპიური დეზინფორმაცია ვრცელდება, ტიკტოკზე შესაძლოა ე.წ. ჩელენჯის სახით გავრცელდეს მსგავსი კამპანია.

 

უარეს შემთხვევაში, არა თუ მხოლოდ გავრცელდეს, არამედ ჩვენ აღმოვჩნდეთ გამოგონილი პერსონაჟის ქცევის გამმეორებელი. ამის უკან ვინ იდგება, ძნელად გამოსაცნობი იქნება.

 

– როგორ უნდა მოვიქცეთ ტიკტოკზე ისე, რომ საზიანო არ იყოს განსაკუთრებით ბავშვებისთვის? – რამდენადაც ალკოჰოლს მიაღებინებდით ბავშვს, არასრულწლოვანს, იმდენად მიეცით ტიკ ტოკი. სხვა შემთხვევაში, მომხმარებლის ნებაა ტიკ ტოკი იმდენად შემოუშვას თავის ცხოვრებაში, რამდენის საშუალებასაც მისი ღირებულებები მისცემს.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი
X