20:17 | 2020-05-07 ავტორი: თამარ გონგაძე

„ამ თემას ყოველთვის გავურბოდი… პანდემიისას მე და ქეთიმ ასზე მეტი ტილო დავხატეთ” – გია გუგუშვილი

„ამ თემას ყოველთვის გავურბოდი… პანდემიისას მე და ქეთიმ ასზე მეტი ტილო დავხატეთ” – გია გუგუშვილი

სამხატვრო აკადემიის რექტორმა, მხატვარმა გია გუგუშვილმა პანდემიური პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა. ამდენი ხნით სახელოსნოში ყოფნის ფუფუნება ბოლოს როდის ჰქონდა, არც კი ახსოვს.

 

იზოლაციას ის, მხატვარ ცოლთან ერთად, ხატვაში ატარებს და როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს”, ერთად ასზე მეტი ტილო დახატეს.

 

ნახატების ძირითადი თემა კი ბოლო პერიოდის მოგზაურობისას დალექილი ინსპირაციებია. საფრანგეთსა და ესპანეთში ნანახი შაპიტოები და ეგრედ წოდებული ბექსთეიჯები, მათი ექსპრესია…

 

ჩემი რესპონდენტი ამბობს, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტია და სულაც არ ეთანხმება ფრანგ მწერალს, მიშელ უელბეკს, რომელმაც ბოლო ინტერვიუში თქვა: “ერთი წუთითაც არ მჯერა იმ მოსაზრების, რომ თითქოს სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო. ის კიდევ უფრო უარესი იქნება”.

 

გია გუგუშვილი: – ყოველდღე ვმუშაობ და ასეთი შანსი კიდევ როდის მექნება ცხოვრებაში, არ ვიცი. დღეში 4-5 საათი ვხატავ, თუ მეტი არა. ამხელა პერიოდი კვალს მაინც დატოვებს. როცა ამის დრო იქნება, ნამუშევრებში თავისით ამოვა დალექილიდან.

 

თუმცა დღეს ჩემი მაგისტრის, ნატალია ლაშხის ნამუშევარი ვნახე სოციალურ ქსელში. ბაბუაწვერას ქვეტექსტით მიდის ნატალია. კორონავირუსის ვიზუალით მას ბაბუაწვერას ასოციაცია გაუჩნდა.

 

მხატვრული გადაწყვეტა კარგია და შევუქე, თუმცა პირდაპირი მიმართულებით მანდ საქებარი არაფერი უნდა იყოს.

 

ამ პერიოდში მე და ჩემმა მეუღლემ, ქეთი მატაბელამ ას ნამუშევარზე მეტი დავხატეთ (ნახევარი მეტრი ზომის). მრცხვენია, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ასეა.

 

– რისი გრცხვენიათ? გამოფენისთვის მომზადებულხართ.

 

– უნდა გავაკეთო. ამ პერიოდში საზოგადოების აქტივობამ გამაკვირვა. კულტურული ერის ყველა ნიშან-თვისება ამ გასაჭირშიც გამოჩნდა.

 

როგორც უცხოეთიდან, ასევე მეტწილად საქართველოდან გვაქვს დიდი დაინტერესება, გვთხოვენ ნამუშევრების გაყიდვას, ფრიად გაკვირვებულიც დავრჩი.

 

ზოგი ძველი კოლექციონერია, ზოგიც დამწყები. თბილისია, რეიტინგი გვაქვს, გვიკავშირდებიან… ძალიან კარგად მენიშნა ეს ამბავი. ასეთ დროს რომ ნახატის შეძენა მოგინდება, პატარა ამბავი არ არის.

 

და მაინც რას ხატავთ ამ პერიოდში?

 

– ჩემდა გასაკვირად, რაც მე მოყირჭებული მეგონა, შეიძლება მე და ქეთიმ პარიზის გავლენასაც მივაწეროთ. ბოლო პერიოდში, 2019 წლის შემოდგომაზე, საფრანგეთსა და ეპანეთში ბევრი ვიმოგზაურეთ.

 

ეტყობა, დაილექა ცირკის, მუსიკალური მომენტების თემები და მთელი სერია წამოვიდა – მოხუცი აკრობატის რეპეტიცია, მუსიკოსები, კულისების ამბები…

 

ამ თემებს გავურბოდი და ახლა მსიამოვნებს ამ გარემოში ყოფნა. ახლა ვამოწმებ, ძალიან ხომ არ გადავამლაშე-მეთქი. ცირკია რა, ცხოვრება…

 

გამოფენა გვქონდა დაგეგმილი დანიასა და ესპანეთში. გამზადებული გვქონდა ნამუშევრები, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ მიმაჩნია დიდ ტრაგედიად.

 

პირიქით, ხელოვანებისთვის ეს დრო სახლში ჯდომისა და საკუთარ თავთან ურთიერთობის კარგი საშუალებაა.

 

სოციალური სამყაროდან სახელოსნოს სამყაროში გადავინაცვლე. მერე, ოჯახი გახარებულია – სახლში ვარ. არც მახსოვს, ამ დოზით ოჯახში როდის ვიყავი.

 

შემოქმედებითად ვარ დაკავებული. ვიღვიძებ თუ არა, სანამ სასაუზმოდ სამზარეულოში შევალ, შევდივარ სახელოსნოში და ასე დილიდან ვარ ჩართული.

 

ძილის წინაც პატარა რეზიუმე და… დისტანციური ურთიერობა მაქვს კოლეგებთან, თანამშრომლებთან, თუმცა 90 პროცენტით არტში ვარ ჩაძირული.

 

ტექნოლოგიური იზოლაცია რამდენად ჩატოვებს ადამიანებს ერთმანეთისგან გახლეჩილ მდგომარეობაში?

 

– ეტყობა ჩვენ ზედმეტ რაღაცებში გადავედით და ბუნებამ თვითონ დაალაგა ყველაფერი. ტექნოლოგიური განვითარება ხელს უწყობს ახალი გადაწვეტილების მიღებას, როგორ უნდა ვიცხოვროთ მომავალში.

 

ვინმეს წარმოედგინა, რომ ქორწილში ათ კაცზე მეტი არ იქნებოდა, ან ახლობლის გასვენებაში მხოლოდ ოჯახის წევრები? მე ეს დიდი ნიშანი მგონია.

 

– ეს გადატვირთვა საჭირო იყო? 

 

– გადატვირთვა რა კარგი ტერმინია, გამოვიყენებ. კი საჭირო იყო. ჩვენ თვითონ ვერ მივხვდით, რა უნდა გაგვეკეთებინა და შორს წავედით და უცებ ბუნებამ გვიკარნახა, რომ ახალ ცხოვრებას უნდა მოვერგოთ. საით წავა ეს, ჯერ ჩვენ არ ვიცით.

 

ტექნოლოგიას ამიერიდან თავის გადასარჩენად გამოვიყენეთ და არა გასახლეჩად და გასაუბედურებლად. ყოველგვარი ზედმეტი მისტიციზმის გარეშე, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი გამოფხიზლებას და ახალ ამპლუაში შესვლას იწყებს.

 

კაცობრიობა ახალ სიხშირეზე გადასასვლელად ემზადება, თუ მზადდება – 5 G. როგორია თქვენი დამოკიდებულება ბოლო პერიოდის ამ განსახილველ თემაზე?

 

– მინდა მეცნიერულად გავერკვე. ძალიან არ მიყვარს ემოციურად გამოტანილი დასკვნები. გუშინ მე და ქეთი მარკეტში შევედით. ჩვენ წინ ქალბატონი იდგა და შესასვლელში თერმოსკრინინგის აპარატი მიუშვირეს.

 

გამიხარდა, ასეთი რამ რომ ხდება. ვერ შედიხარ თუ სიცხე გაქვს. ეს ქალი ჯერ დაიბნა და მერე მიუტრიალდა და ეკითხება, რა გამიკეთეთ, 5 G აპარატი მომიშვირეთო?

 

ეს “მეტასტაზი” სხვანაირად არის გასული საზოგადოებაში უკვე. ყველა ერთი ანალიზის გამკეთებელი არ არის. შეუსწავლელ ნიადაგზე წინასწარ გასული ინფორმაციაა. არც მე ვიცი კარგად 5 G ტექნოლოგიის არსი ბოლომდე. ის ქალი გულწრფელად შემეცოდა.

 

ფრანგმა მწერალმა, მიშელ უელბეკმა ბოლო ინტერვიუში თქვა: “ერთი წუთითაც არ მჯერა იმ მოსაზრების, რომ თითქოს სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო, ის კიდევ უფრო უარესი იქნებაო”, ეთანხმებით?

 

– არა, არ ვუყურებ ასე. მე ვფიქრობ ეს არის დიდი გამოცდა, რომლის დაძლევის შემდეგ სამყარო უფრო მშვენიერი გახდება. ძალიან კარგადაც დააფასებს ადამიანი, რა ჰქონდა, რა დაკარგა და რისთვის უნდა წვალობდეს.

ჟამიანობის გადავლის შემდეგ ემახსოვრება? 

 

– ადამიანის ბედნიერება გენეტიკურია. შეიძლება გუშინდელი ფეხის დაცდენა არ გამახსენდეს, მაგრამ იმისთვის რომ კარგად ვიარო, ეს ხომ ვიცი, ჩადებულია.

 

ადამიანები არ გაცივდებიან ერთმანეთის მიმართ?

 

– არა, ეს მონატრების წინა პლატფორმად ჩავთვალოთ. შეიძლება პრაგმატიზმი შემოვიდეს, როგორ მენატრება უკვე ვიცი.

 

თავსაც გავუფრთხილდებით და ეს თბილისური, მაზალო პირზე ამბორი და მტლაშუნი აღარ იქნება. რა უბედურებაა? კიდევ ბევრი რამ აღარ იქნება. ეს 300 კაციანი ქელეხებიც გაქრება, კარგით რა…

 

 

ეს თვითზილოციის თემა დროული იყო. შეიძლება საშინელებას ვამბობ, ამდენი ათასი ადამიანი დაიღუპა. მაგრამ მე ბუნების კანონზომიერების თვალსაზრისიდან გამოვდივარ. ანუ რას გვიშვეება ბუნება, თუ ჩვენ მას არ მივხედავთ.

 

მე და ჩემი მეუღლე დღეში ფეხით 5 კილომეტრს გავდივართ. ეს ცუდია? ცუდია სკუტერებით და ველოსიპედებით გადადგილება?

 

ახლა მხოლოდ გამოსახულებების და ფიქრების ამარა ვართ, რაც ნერვულ დაძაბულობას იწვევს. ეს რამდენ ხანს გაგვყვება?

 

– ეს შეიძლება იყოს დროებითი ემოციის ფიქსაცია, როდესაც ჩვენ გვეშინია. მაგრამ ეს განცალკევება დაფიქრებისთვის გვქონდეს მოცემული.

 

– ბევრი ვერ მუშაობს, ბევრის სამსახურიც არის “ზალაში”, სახლიდან მუშაობა. ეს როგორ შეცვლის ადამიანს?

 

– გამოცვლის კი. ბევრი ფიქრიც დამღლელი და უაზრობაა. ოჯახურმა ძალოდებებმა იმატა, ადამიანებმა ფობიების შემოტევაც იგრძნო.

 

ეს არის გამოქვაბულიდან გასვლის წინა დაფიქრება – თვალი უნდა მომჭრას თუ ცხოვრებით უნდა ვინებივრო. დადებითზე, გადარჩენაზე, შრომაზე უნდა იფიქრო. აბა, მხოლოდ ცუდ ჭრილში რომ შეხედო, გული გაგისკდება.

 

რა ფერებში ხედავთ პანდემიურ პერიოდს?

 

– ნისლისფერში. არ ვიცით, ჯერჯერობით წინ რა არის. მერე რომ უნდა გაბრწყინდეს, დაახლოებით ამ ფერებს მაგონებს, თუმცა ეს მხატვრის დანახული პატარა ფოკუსი შეიძლება იყოს.

 

ძალიან საინტერესოა ასეთ პერიოდში ცხოვრება. სკუტერი ხომ არ ვიყიდო-მეთქი, ვფიქრობდი. სხვანაირად დავიწყეთ ფიქრი…

 

მე და ქეთის მოგვენატრნენ მეგობრები და ერთი-ორი ონლაინ პურ-მარილი კი გვქონდა. იყო ფრაზები – ძალიან გთხოვ, გამჭირვალე ჭიქა დაიდგი და რას სვამ, აბა, დამანახეო (იცინის). ეს მონატრება სასწაული რამეა…

 

მოკლედ, ასე, შინ ვმუშაობ. ცოტა ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ კიდევ თუ გაგრძელდება ეს ჩაკეტილობა, კარგია.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +